თურქეთში, ქალაქ ერზრუმის აეროპორტში, 7 წელზე მეტია დგას თვითმფრინავი, რომელიც ერთ დროს ქართულ ავიაკომპანია Sky Georgia-ს ექსპლუატაციაში შედიოდა. Ilyushin Il 76-TD-ის ტიპის ხომალდმა თურქეთში 2011 წელს, ვანის პროვინციის მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა, თუმცა აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დღემდე ერზრუმში ელის ბედს.
შემთხვევა 2011 წლის ოქტომბერში, თვითმფრინავის ერზრუმის აეროპორტში დაშვებიდან მალევე მოხდა. ხომალდს ასევე მიწისძვრით დაზარალებულთათვის განკუთვნილი მარაგით დატვირთული ყირგიზული თვითმფრინავი ფრთით შეეჯახა და წინა ნაწილი დაუზიანა.
თურქული მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ ავიალაინერი აეროპორტის პარკინგზეა გაჩერებული. დაზიანებული ნაწილი არ აღუდგენიათ, პარკინგის საფასური კი დღითიდღე იზრდება: ადგილობრივი გამოცემები თურქეთის ავიაციაზე პასუხისმგებელ ორგანოზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ მფლობელმა კომპანიამ პარკინგისათვის თითოეულ ტონაზე 2.5 ევრო უნდა გადაიხადოს. ბოლო გამოთვლით, მიტოვებული Ilyushin Il 76-TD-ის შემთხვევაში, თანხა 1 100 000 ევროს უახლოვდება.
“ქართულ მხარეს არ უცდია ხომალდის დაბრუნება ხანგრძლივი მიმართვის საპასუხოდ”, – წერს გამოცემა Hurriyet.
2011 წლისთვის თვითმფრინავი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ბალანსზე ირიცხებოდა. თუმცა, როგორც უწყებაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, ხომალდის დერეგისტრაცია, მესაკუთრე კომპანიის თხოვნით, 2012 წელს განხორციელდა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრიდან. ამავე წელს, Sky Georgia-ს, რომლის ექსპლუატაციაშიც ხომალდი შედიოდა, ფრენისათვის საჭირო სერტიფიკატი ჩამოერთვა, ვინაიდან გაკოტრდა და ბაზრიდან გავიდა.
“მას შემდეგ, რაც შეწყდა ექსპლუატაცია და მესაკუთრემ მოითხოვა დერეგისტრაცია, სააგენტო არ ახორციელებს თვითმფრინავის ზედამხედველობას”, – ამბობენ სააგენტოში.
თუ ქართულ მხარეს ხომალდზე პასუხისმგებლობა აღარ ეკისრება და აღარც ის კომპანია არსებობს, რომლის ექსპლუატაციაშიც შედიოდა თვითმფრინავი, ვინ იხდის პარკინგისათვის საჭირო თანხას?
“ნეტგაზეთი” ახლა უკვე გაკოტრებული Sky Georgia-ს დირექტორს, გიორგი კოდუას დაუკავშირდა. მისი განცხადებით, თვითმფრინავი სხვა ოთხ ხომალდთან ერთად კომპანიას არენდით ჰქონდა აღებული ბელარუსული ავიაკომპანიისაგან და სწორედ მათი მეშვეობით იყო ჩართული ნატოს პროექტში, რომელიც ევროპიდან ავღანეთის ბაზებზე ტვირთების გადატანას გულისხმობდა.
Sky Georgia თურქეთის დასახმარებლად დაწყებულ ჰუმანიტარულ პროგრამაში “წითელი ჯვრის” თხოვნით ჩაერთო. კოდუას თქმით, ერზრუმის ავარიის შემდეგ ხომალდი იმდენად დაზიანდა, რომ ექსპლუატაციას აღარ დაექვემდებარა და Sky Georgia-მ შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ მასზე პასუხისმგებლობა მოიხსნა.
“ეს თვითმფრინავი Sky Georgia-ს ჰქონდა არენდირებული [ბელარუსული] კომპანიისგან. მას სასწრაფოდ ვაცნობეთ ამ ინციდენტის შესახებ, ჩაერთო სადაზღვევო კომპანიაც. ჩაერთნენ ხომალდის მფლობელებიც და თვითმფრინავი გამოვიდა”სქაი ჯორჯიას” ექსპლუატაციიდან. ჩვენ [პროცესს] ჩავეხსენით”, – აღნიშნა მან.
გიორგი კოდუას თქმით, ამ ფონზე, გაკოტრებული კომპანია აღარანაირად აღარ არის პასუხისმგებელი პარკინგის საფასურის გადახდაზე. ის პროცესში, ერთი მხრივ, ერზუმის აეროპორტის, მეორე მხრივ კი, იმ კომპანიის პასუხისმგებლობას ხედავს, რომლის კუთვნილი ხომალდიც თვითმფრინავს შეეჯახა.
“ეს, რა თქმა უნდა, ერზრუმის აეროპორტის დანაშაული იყო. როცა აეროპორტის კონტროლი ეუბნება ერთ თვითმფრინავს, ამა და ამ სადგომზე დადექიო, ვდგებით. როცა მეორე თვითმფრინავიც შემოდის და ვერ ეტევა, რატომ ეუბნება, რომ შემოვიდეს იმ ადგილზე?
თუ რამეა სადავო, რა თქმა უნდა, არა ჩვენთან. სადავოა ჯერ მასთან, ვინც შემოუხვია და შემდეგ, ვინც გასცა [ამის] ბრძანება” – უთხრა გიორგი კოდუამ ნეტგაზეთს.