ახალი ამბები

კურილის კუნძულები რუსეთის მიერაა ოკუპირებული — ზელენსკის განკარგულება

8 ოქტომბერი, 2022 • 1119
კურილის კუნძულები რუსეთის მიერაა ოკუპირებული — ზელენსკის განკარგულება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც კურილი კუნძულების რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ იაპონიის ტერიტორიადაა აღიარებული. აღნიშნულის შესახებ მან 7 სექტემბერს ისაუბრა.

“უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს იაპონიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემას, მათ შორის მისი ჩრდილოეთი ტერიტორიებისა, რომლებიც კვლავ რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის ქვეშაა.

“დღეს ხელი მოვაწერე შესაბამის განკარგულებას. არსებობს უმაღლესი რადის ასეთივე განცხადებაც. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას მსოფლიოში, მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილებები”, — ციტირებს ზელენსკის გამოცემა “უკრაინსკა პრავდა”.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთს არ აქვს უფლება ამ ტერიტორიებზე და “ეს მსოფლიოში ყველამ კარგად იცის”, ამიტომ „საბოლოოდ უნდა ვიმოქმედოთ“ და „რუსეთის ოკუპაციისაგან გავათავისუფლოთ ყველა ის მიწა , რომელთა შენარჩუნებასაც ოკუპანტები ცდილობენ”.

გამოცემის მიხედვით, ზელენსკი დარწმუნებულია, რომ “მხოლოდ ამ გზით შევძლებთ საერთაშორისო სამართლის სრული ძალით დაბრუნებას”.

“აგრესორმა უნდა წააგოს… რომ ასეთი ომები აღარ განმეორდეს და მშვიდობა მართლაც გრძელვადიანი იყოს. დამპყრობლებს არაფერი უნდა დარჩეთ”, — დასძინა მან.

მანამდე, უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარდაჭერა გამოუცხადა იაპონიას კურილის კუნძულებთან დაკავშირებით და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, განაგრძოს შესაბამისი ზომების მიღება ხსენებული ტერიტორიების სტატუსის განსამტკიცებლად.

მიმდინარე წლის მარტში, ტოკიოს მიერ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთმა დატოვა იაპონიასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატი და გააჩერა ის ერთობლივი ეკონომიკური პროექტები, რომელიც უკავშირდებოდა სადავო კურილის კუნძულებს.

ხსენებული კუნძულები საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას დაიკავა, იქ მცხოვრები 17 000 იაპონელი კი გაასახლა. ტერიტორიებს ამჟამად რუსეთის ხელისუფლება განკარგავს.

ტოკიოს პოზიცია, რომ რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული ტერიტორია, უცვლელი რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი