ახალი ამბები

„ჯორჯიაში მივდივარ, უნდა დამაპატიმრონ“ – ტრამპს კიდევ ერთი ბრალი წარუდგინეს

22 აგვისტო, 2023 • 1808
„ჯორჯიაში მივდივარ, უნდა დამაპატიმრონ“ – ტრამპს კიდევ ერთი ბრალი წარუდგინეს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტსა და 2024 წლის არჩევნების კანდიდატს, დონალდ ტრამპს, მორიგი ბრალი წარუდგინეს – ჯორჯიას შტატის სამართალდამცავი ორგანოები მას 2020 წლის არჩევნების შედეგების უკანონო გზებით ცვლილებას ედავებიან. ტრამპის გარდა ბრალი წარუდგინეს მის პირად ადვოკატ რუდი ჯულიანის და თეთრი სახლის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, მარკ მედოუზს.

დღეს, 22 აგვისტოს, ტრამპი ატლანტაში ჩავა, რათა სასამართლოს წინაშე წარდგეს. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად გირაო აირჩია, 200 000 დოლარის ოდენობით. გირაოს შეთანხმებით ტრამპი თავისუფალი იქნება, თუ არ შეეცდება საქმის მოწმეებზე ან სხვა ბრალდებულებზე გავლენის მოხდენას.

ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლია:

„წარმოგიდგენიათ? სამშაბათს ჯორჯიაში ჩავდივარ, რათა დამაპატიმროს მემარცხენე რადიკალმა საოლქო პროკურორმა, ფანი უილისმა. იგი აწარმოებდა და ახლაც აწარმოებს კამპანიას კუდიანებზე ნადირობის ხარჯზე. ეს ყველაფერი კოორდინაციაშია მატყუარა ჯო ბაიდენის იუსტიციის დეპარტამენტთან“, – წერს ტრამპი.

კონკრეტულად რას ედავებიან ტრამპს?

ჯორჯიაში წაყენებული ბრალდებები უკავშირდება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომლებსაც ტრამპი „გაყალბებულად“ და „მოპარულად“ მიიჩნევს. გამოძიების ვერსიით, ტრამპმა და სხვა ბრალდებულებმა სცადეს ამ შტატში მიღებული შედეგების უკანონი გზით შეცვლა:

„ტრამპმა და სხვა ბრალდებულებმა არ მიიღეს მისი მარცხი და განზრახ შევიდნენ შეთქმულებაში, რომლის მიზანიც იყო არჩევნების ტრამპის სასარგებლოდ შეცვლა“, – ვკითხულობთ საბრალდებო დასკვნაში.

გამოძიება ასახელებს მეთოდებსაც, რომლებიც, ბრალდების ვერსიით, შეთქმულთა მიერ იყო გამოყენებული – შტატის ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზეწოლა [მათ შორის ტრამპის ზარი ჯორჯიის სახელმწიფო მდივანთან „ხმების პოვნის“ მოთხოვნით], ხმის მიცემის აპარატებზე და მონაცემებზე წვდომის მოპოვება კოფის ოლქში და ფალსიფიკაციების აბსურდული ბრალდებებით საარჩევნო მუშაკის წინააღმდეგ კამპანიის აგორება.

გამოძიების ვერსიით, ამ ქმედებებით ბრალდებულებმა დაარღვიეს ჯორჯიის შტატის „რიკოს“ კანონი [რეკეტირების გავლენის ქვეშ მყოფი და კორუფციული ორგანიზაციების კანონი]. ბრალდება ითვალისწინებს მაქსიმუმ ერთწლიან პატიმრობას.

რატომ ჯორჯია?

2020 წლის არჩევნებში ტრამპმა საარჩევნო კოლეგიის 232 ხმა მიიღო, ჯო ბაიდენმა – 306. ვინაიდან აშშ-ში პრეზიდენტს მოსაგებად არა ხმების, არამედ საარჩევნო კოლეგიის უმრავლესობა სჭირდება [270 ამომრჩეველი], რამდენიმე შტატში, – სადაც კანდიდატებს შორის სხვაობა საკმაოდ მცირე იყო, – შედეგის ცვლილებით ტრამპს თეორიულად შეეძლო თეთრი სახლის შენარჩუნება.

საკმაოდ მცირე იყო სხვაობა შემდეგ შტატებში: ჯორჯია [0,23%, 12 000 ხმაზე ნაკლები]; არიზონა [0,30%; 11 000 ხმაზე ნაკლები]; უისკონსინი [0,62%; 20 000 ხმაზე ოდნავ მეტი]. მთლიანობაში, ეს შტატები ტრამპს 37 ხმას მოუტანდა კოლეგიაში, რის შედეგადაც კანდიდატებს შორის საჭირო 270 ხმას ვერც ერთი მოაგროვებდა და არჩევნების ბედს გადაწყვეტდა წარმომადგენელთა პალატა.

მეოთხე ბრალდება 

ჯორჯიაში წაყენებული ბრალდებები ტრამპისთვის უკვე მეოთხე სისხლის სამართლის საქმეა. ნიუ-იორკში მას ედავებიან დოკუმენტაციის გაყალბებას, ვაშინგტონში – არჩევნების შედეგის უკანონო შეცვლის მცდელობებს, ფლორიდაში – საიდუმლო დოკუმენტების მართლსაწინააღმდეგო შენახვას.

ჯერჯერობით არც ერთ ამ საქმეზე სასამართლოს არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება. თუმცა სასამართლომ ტრამპი დამნაშავედ რომც აღიაროს, ეს მაინც არ შეუშლის ხელს, 2024 წლის არჩვნებში რესპუბლიკელების კანდიდატი იყოს. შიდაპარტიულ არჩევნებში ამომრჩევლის ფავორიტი სწორედ ყოფილი პრეზიდენტია. უახლოეს მდევარ რონ დესანტისს იგი დაახლოებით 40 პროცენტით უსწრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი