ახალი ამბები

აშშ-ის პრეზიდენტობა დესანტისსაც სურს – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

25 მაისი, 2023 •
აშშ-ის პრეზიდენტობა დესანტისსაც სურს – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი რესპუბლიკური პარტიიდან, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს. ამის შესახებ მან „ტვიტერზე“, ელონ მასკთან ერთად გამოაცხადა.

სანამ დესანტისი თეთრი სახლისთვის ბრძოლაში, დიდი ალბათობით, ჯო ბაიდენს შეებრძოლება, მას რესპუბლიკური პარტიის შიდაპარტიული არჩევნების, პრაიმერის მოგებაც დასჭირდება. აქ კი დესანტისმა ჯერ ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უნდა დაამარცხოს. უახლეს გამოკითხვებში ტრამპი თავის ყოფილ პროტეჟეს უსწრებს, თუმცა არჩევნების მოახლოებასთან და სხვა კანდიდატების გამოთიშვასთან ერთად, სურათი შეიძლება, რადიკალურად შეიცვალოს.

ამ მასალაში გაიგებთ, თუ ვინ არის რონ დესანტისი – რა გზა გაიარა მან ფლორიდის გუბერნატორობამდე და პრეზიდენტობის კანდიდატობამდე; რას პირდება ამომრჩეველს და როგორ უყურებს საგარეო პოლიტიკურ საკითხებს.

ჯარიდან პოლიტიკაში

დესანტისი აშშ-ის საზღვაო ძალებში ექვსი წლის განმავლობაში, 2004-2010 წლებში, მსახურობდა. ამ პერიოდში იგი ერაყის ომშიც მონაწილეობდა.

2012 წელს კენჭი იყარა ფლორიდას მეექვსე ოლქის წარმომადგენლის არჩევნებზე და გაიმარჯვა. იყო რესპუბლიკური პარტიის შიგნით არსებული კონსერვატიული „თავისუფლების ფრაქციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

2016 წლიდან მხარს უჭერდა დონალდ ტრამპს, აკრიტიკებდა ტრამპისა და რუსეთის შესაძლო კავშირების სპეციალურ გამოძიებას.

კონგრესში დესანტისმა ექვსი წელი დაჰყო – 2018 წელს წარმატებით იყარა კენჭი ფლორიდის გუბერნატორობაზე, 2022-ში კი მეორე ვადითაც აირჩიეს.

ფედერალური დონის პოლიტიკურ ფიგურად იგი 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიისას ჩამოყალიბდა, როცა ბევრი შტატისგან განსხვავებით, მაქსიმალურად რბილი შეზღუდვების დაწესება გადაწყვიტა.

2023 წელს დესანტისმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც ფლორიდაში აიკრძალა აბორტი ფეხმძიმობიდან ექვსი კვირის შემდეგ, ან 15 კვირის შემდეგ გაუპატიურებისა და ინცესტის შემთხვევაში. აბორტის კანონდარღვევით ჩატარება ხუთ წლამდე პატიმრობით დაისჯება.

მან აგრეთვე მხარი დაუჭირა კანონს, რომლითაც, საბავშვო ბაღის საფეხურიდან მესამე კლასის ჩათვლით, საჯარო სკოლებში აიკრძალა სექსუალური ორიენტაციის, ან გენდერული იდენტობის განხილვა.

საგარეო პოლიტიკაში დესანტისი რესპუბლიკური პარტიის წევრების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, შედარებით იზოლაციონისტურ პოზიციებზე დგას. იგი ემხრობა ამერიკული ჯარისთვის დაფინანსების მომატებას, თუმცა მისი განცხადებებისა და სხვადასხვა საკითხზე დაფიქსირებული ხმისმიცემის ისტორიით, იგი მსოფლიო არენაზე ვაშინგტონის შედარებით ნაკლებ აქტიურობას ემხრობა. რაც შეეხება უკრაინას, დესანტისს პუტინი სამხედრო დამნაშავედ მიაჩნია, მაგრამ მარტში მან თქვა, რომ უკრაინის დაცვა არაა აშშ-ის სტრატეგიული ინტერესი.

ჯერ ტრამპი, შემდეგ ბაიდენი

დესანტისი რესპუბლიკელთა რიგებში უკვე მეშვიდე შესაძლო კანდიდატია, თუმცა მათი რაოდენობა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გაიზრდება.

მისი მთავარი კონკურენტი ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გახდება – ამჟამინდელ გამოკითხვებში, მრავალი კანდიდატის არჩევის ვარიანტით, რესპუბლიკელთა 48% ტრამპს უჭერს მხარს, დესანტისი კი მეორე ადგილზეა. ტრამპი წინაა იმ შემთხვევაშიც, თუ მხოლოდ დესანტისთან მოუწევს დაპირისპირება – ყოფილ პრეზიდენტს მხარს უჭერს 51%, დესანტისს – 38%.

თუმცა, რესპუბლიკური პარტია, 2016 წლის მსგავსად, დაყოფილია – ერთი ნაწილი ტრამპის მხარდამჭერია, მეორე კი მისი სასტიკი წინააღმდეგი. არაა გამორიცხული, რომ თუ დესანტისი მყარ მეორე ადგილს შეინარჩუნებს, დანარჩენი კანდიდატები გამოეთიშონ ბრძოლას და მას დაუჭირონ მხარი.

თუკი დესანტისმა მოახერხა ტრამპის დამარცხება, დემოკრატებიდან მისი ოპონენტი, სავარაუდოდ, ჯო ბაიდენი იქნება. უახლესი გამოკითხვებით, ფლორიდის გუბერნატორი მოქმედ პრეზიდენტს 0.1%-ით უსწრებს. შესაბამისად, ნაადრევია საუბარი, რამდენად (ვერ) მოახერხებს დესანტისი ბაიდენის დამარცხებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი