ახალი ამბები

ტრამპს ბრალი წაუყენეს – ემუქრება თუ არა პატიმრობა აშშ-ის ექსპრეზიდენტს

3 აპრილი, 2023 • 1528
ტრამპს ბრალი წაუყენეს – ემუქრება თუ არა პატიმრობა აშშ-ის ექსპრეზიდენტს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის შტატში სისხლის სამართლის ბრალდებები წარედგინა. მოსალოდნელია, რომ სასამართლოს წინაშე იგი ხვალ, 4 აპრილს წარდგება.

ბრალდების წარდგენას ნაფიცმა მსაჯულებმა ხუთშაბათს დაუჭირეს მხარი. კონკრეტულად რომელი კანონის დარღვევას ედავება გამოძიება ტრამპს, ხვალ გახდება ცნობილი. თუმცა ბრალი შეეხება ტრამპის მიერ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელზისთვის 130 ათასი დოლარის გადახდას.

თავად ყოფილი პრეზიდენტი გამოძიებას უწოდებს „პოლიტიკურ კუდიანებზე ნადირობას კორუმპირებული და იარაღად ქცეული მართლმსაჯულების მიერ“.

ტრამპის წინააღმდეგ საქმე  დაიწყო ნიუ-იორკის საოლქო პროკურორმა, დემოკრატიული პარტიის წევრმა ლვინ ბრეგმა. ბრალის წარდგენას მხარი დაუჭირა 23-მმა ნაფიცმა მსაჯულმა.

რა საკითხის გამოა წაყენებული ბრალდება?

2016 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, არაერთმა ქალმა ტრამპი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სტორმი დენიელზი, თავის მხრივ, გეგმავდა,  მოეყოლა  ტრამპტთან 2006 წლის ნებაყოფლობითი სექსუალური კონტაქტის შესახებ – მაშინ ტრამპი დაქორწინებული იყო. თუმცა, ქალის წარმომადგენლებმა ტრამპის გუნდს მიანიშნეს, რომ მზად იყვნენ, ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ ისტორიის გამოქვეყნებაზე უარი ეთქვათ.

სტორმი დენიელზი. ფოტო: EPAმპი

ტრამპის ადვოკატმა მაიკლ კოენმა ახლად დაარსებული კომპანია „ესენშლ კონსალტანტსის“ ანგარიშიდან დენიელზს 130 ათასი დოლარი გაუგზავნა. ეს მოხდა 2016 წლის 27 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. არჩევნების შემდეგ ტრამპმა კოენს იმავე ოდენობის თანხა გადაურიცხა.

რაში მდგომარეობს ბრალდება?

საქმე ის არის, რომ ტრამპის მიერ კოენისთვის თანხის გადარიცხვა დეკლარირებული იყო როგორც იურიდიული მომსახურების ხარჯი. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ეს ასე არ იყო. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც კი, ტრამპს მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება საქმიანი დოკუმენტაციის ფალსიფიცირებისთვის.

სისხლის სამართლის მუხლით ტრამპის დევნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ეს ფალსიფიკაცია სხვა კანონდარღვევის დასამალად მოხდა.

ექსპერტების აზრით, სწორედ ეს შესაძლებლობა შეიძლება გამოიყენოს ბრეგმა, ოღონდ მაშინ, თუ დაამტკიცებს შემდეგს:

ვინაიდან სტორმი დენიელზის ისტორიას შეეძლო არჩევნებზე გავლენის მოხდენა, ხარჯი დეკლარირებული უნდა ყოფილიყო როგორც საარჩევნო კამპანიისთვის გაღებული (ამაზე რიგი შეზღუდვებია) და, შესაბამისად, ადგილი ჰქონდა ორმაგ ფალსიფიცირებას.

აქამდე კოენმა საქმის ამ ეპიზოდზე თავი დამნაშავედ აღიარა და განაცხადა, რომ ტრამპის დავალებით მოქმედებდა.


მაიკლ კოენი. ფოტო: EPA

სტორმი დენიელზის ეპიზოდის გარდა, ტრამპს ბრალი გადასახადებისგან თავის არიდებაშიც შეიძლება წარუდგინონ – კონკრეტულად, გადასახადების გადახდისას უძრავი ქონების ღირებულების შემცირება, ხოლო უზრუნველყოფილი სესხის მიღებისას – გაზრდა. ასეთ შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა ექნება „ტრამპ ორგანაიზეიშენის“, ალან ვაისელბერგის ჩვენებებს – მას ცოტა ხნის წინ საგადასახადო დანაშაულებისთვის ხუთთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ემუქრება თუ არა პატიმრობა ტრამპს?

როგორც ექსპერტები ამბობენ, პრობლემურია თავად ბრალდების ხაზიც. კერძოდ:

  • კანონდარღვევის ხანდაზმულობის ვადა გავიდა;
  • კანონები, რომელთა დარღვევასაც ტრამპს შეიძლება ედავებოდნენ, ფედერალური დანაშაულია – შესაბამისად, არ არის საოლქო პროკურატურის იურისდიქციაში.

სამშაბათს ტრამპი სასამართლოში უნდა გამოცხადდეს, თუმცა, თუ ასე არ მოხდა, ნიუ-იორკის შტატის ხელისუფლებას მოუწევს, ფლორიდის შტატს (რომლის რეზიდენტიცაა ყოფილი პრეზიდენტი) ექსტრადიციის შესახებ მიმართოს. შტატის გუბერნატორმა რონ დესანტისმა უკვე განაცხადა, რომ ტრამპის გადაცემას არ აპირებს.

თუკი ტრამპი თავად გამოცხადდება პოლიციაში, სასამართლო მისთვის აღკვეთის ზომას აირჩევს. ვინაიდან შესაძლო კანონდარღვევა არაა დაკავშირებული ძალადობასთან, ტრამპს, დიდი ალბათობით, გირაოს სანაცვლოდ გამოუშვებენ. არაა გამორიცხული, რომ მას გარკვეული საქმიანობა შეუზღუდონ – მაგალითად, საჯარო გამოსვლები. თუმცა სასამართლომ შეიძლება არანაირი აღკვეთის ზომაც არ აირჩიოს.

თუ ტრამპს, ყველაფრის მიუხედავად, მაინც აღიარებენ ბრალდებულად, მას მაქსიმუმ ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრება.

მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის მიუხედავად, ტრამპი მაინც შეძლებს, 2024 პრეზიდენტად იყაროს კენჭი.

მასალების გადაბეჭდვის წესი