ახალი ამბები

შეთქმულება არჩევნების შედეგების გასაუქმებლად — ტრამპის ახალი ბრალი

2 აგვისტო, 2023 • 1069
შეთქმულება არჩევნების შედეგების გასაუქმებლად — ტრამპის ახალი ბრალი

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმებაზსთან დაკავშირებით შეთქმულების საქმეზე ბრალი წაუყენეს.

ტრამპის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა მოიცავს 4 პუნქტს:

  • შეთქმულება შეერთებული შტატების მოსატყუებლად
  • შეთქმულება უფლებების წინააღმდეგ
  • შეთქმულება ოფიციალური პროცედურების შეფერხების მიზნით
  • ოფიციალური პროცედურების დაბრკოლება და ხელის შეშლის მცდელობა

საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ არჩევნების დღიდან მალევე, ტრამპმა „გამოიყენა უკანონო გზები“ არჩევნების ოფიციალური შედეგების გასაუქმებლად. უფრო კონკრეტულად, პირველი შეთქმულების ბრალდება წაუყენეს იმის გამო, რომ ტრამპმა გამოიყენა „უსინდისობა, თაღლითობა და ტყუილი“ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ქვეყნის შეცდომაში შეყვანისთვის. მეორე — ტრამპის სავარაუდო მცდელობის გამო,  „კორუფციულად ხელი შეეშალა“ 6 იანვარს კონგრესში პრეზიდენტ ბაიდენისთვის ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის. მესამე მომდინარეობს ბრალდებებიდან, რომ ტრამპმა შეთქმულება განახორციელა ამერიკელების ხმის მიცემის და მათი ხმების დათვლის უფლების წინააღმდეგ. მეოთხე პუნქტი გულისხმობს ტრამპის სავარაუდო მცდელობებს, ხელი შეეშალა 2020 წლის არჩევნების შედეგების დამოწმებისთვის.

„არჩევნების გაყალბების შესახებ ყოვლისმომცველი და მადესტაბილიზირებელი ტყუილები მიზანმიმართული იყო შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის ფუნდამენტური ფუნქციის მოშლისკენ“, — ნათქვამია ბრალდებაში.

ბრალდების თანახმად, ტრამპს ჰყავდა ექვსი თანამზრახველი, რომელთა ვინაობა დასახელებული არაა. პროკურორების თქმით, ექვსი თანამოაზრე დაეხმარა ტრამპს ცრუ განცხადებების გავრცელებაში არჩევნების გაყალბების შესახებ.

ტრამპისთვის ბრალის წარდგენა მოჰყვა 2021 წლის 6 იანვარს ვაშინგტონში მომხდარი არეულობების გამოძიებას. სპეციალური პროკურორის, ჯეკ სმიტის თქმით, 2021 წლის 6 იანვრის შეტევა კაპიტოლიუმზე იყო უპრეცედენტო თავდასხმა ამერიკული დემოკრატიის ცენტრზე.

კაპიტოლიუმზე თავდასხმა, მისი თქმით, წაქეზებული იყო ბრალდებულის ტყუილებით, რომელიც მიზნად ისახავდა შეერთებული შტატების მთავრობის ძირეული ფუნქციის მოშლას.

45-გვერდიან საბრალდებო დასკვნაში ტრამპისაადმი წაყენებული მრავალგზის განმეორებადი ბრალდება არის ის, რომ მან არაერთხელ მოიტყუა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შესახებ და საზოგადოებაში ფართო უნდობლობა შექმნა.

პროკურორების თანახმად, ტრამპს არაერთხელ უთხრეს, რომ მის მიერ გახმიანებული განცხადებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მცდარი იყო- მათ შორის: ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, ტრამპისვე დანიშნულმა იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა და თეთრი სახლის იურისტებმა, მაგრამ ტრამპმა „განზრახ უგულებელყო სიმართლე“.

ტრამპის საარჩევნო კამპანიის ოფისის განცხადებით, ბრალდება ყალბია და 2024 წლის არჩევნებში ჩარევას ისახავს მიზნად.

„რატომ ელოდნენ ორწელიწად-ნახევარი ამ ყალბი ბრალდებების წამოყენებას, სწორედ პრეზიდენტ ტრამპის 2024 წლის გამარჯვებული კამპანიის შუაგულში? პასუხი არის არჩევნებში ჩარევა! ეს არის ამერიკული კუდიანებზე ნადირობის ჩაფლავდება და პრეზიდენტი ტრამპს ხელახლა აირჩევენ თეთრ სახლში“, — ნათქვამია განცხადებაში.

დონალდ ტრამპი ბრალის გასაცნობად ვაშინგტონის სასამართლოში ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე დაიბარეს.

ტრამპის საქმეს განიხილავს მოსამართლე ტანია ჩუტკანი, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2014 წელს დანიშნა და წარსულში უკვე გამოიტანა გადაწყვეტილება ტრამპის წინააღმდეგ, როდესაც ის ცდილობდა გამოეყენებინა  თეთრ სახლში ყოფნის პრივილეგია ჩანაწერებზე წვდომის დაბლოკვის მიზნით.

საერთო ჯამში, ტრამპს ახლა ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის სამ საქმეში, მაგრამ 6 იანვრის საქმე იყო ყველაზე სერიოზული. საქმეზე ზოგიერთი მთავარი ბრალდება (ოფიციალური პროცედურების ხელის შეშლის ნაწილში) მაქსიმუმ 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სხვა საქმეები ეხება საიდუმლო დოკუმენტებს და ყოფილ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსს.

სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, დონალდ ტრამპი 2024 წლის არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ ფავორიტი კანდიდატია.

მასალების გადაბეჭდვის წესი