პარტია “საქართველოსთვის” გამოდის ინიციატივით, გაუქმდეს ბოლო 2 წლის განმავლობაში აქციებთან დაკავშირებული კანონები. მათი შეფასებით, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში 2024 წლის შემდეგ შეტანილი ცვლილებები არის გაუმართლებელი ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში.
პარტიამ მოამზადა კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში შემდეგ კვირას დააინიციირებენ. როგორც თავად განმარტავენ, კანონპროექტის მიზანია “2024 წლამდე არსებული სამართლებრივი სტატუს-კვოს სრული აღდგენა და დაწესებული ბარიერების აღმოფხვრა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება პროტესტის უფლების ეფექტიანი დაცვა”.
“საქართველოსთვის” განმარტავს, რომ არც 2024 წელს არსებული საკანონმდებლო ჩარჩო მიაჩნიათ იდეალურად. თუმცა აცხადებენ, რომ “ამ სტატუს-კვოსთან დაბრუნებით აღდგება კონსტიტუციური ბალანსი, რაც ახლანდელი მდგომარეობით ცალსახად დარღვეულია”.
“ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული გარემოს უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის დაცვა და საგარეო ამოცანების მიღწევა. კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცვა ნებისმიერი არაპროპორციული ჩარევისგან არის როგორც დემოკრატიის აუცილებელი საფუძველი – ასევე, საზოგადოების თვითრეგულირების და ავტონომიურობის განუყოფელი ნაწილი. უფლებებაყრილი საზოგადოება უკვე ვეღარ ემსახურება მის წევრთა საუკეთესო ინტერესებს და ზოგადად გადარჩენის იმუნიტეტს კარგავს”, – წერია პარტიის განცხადებაში.
ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის ინიციატივას გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ბექა ძამაშვილი. მან ინიციატივას ალოგიკური უწოდა, ამის საფუძვლად კი დაასახელა არა კანონპროექტის შინაარსი, არამედ მისი ავტორების ვინაობა. ძამაშვილი ამბობს, რომ ღიმილის მომგვრელია შეკრების შესახებ და მანიფესტაციის თავისუფლად ჩატარებაზე საუბარი იმ პარტიისგან, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევის დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
“ეს გაჟღერებული ინიციატივა გახარიას გუნდის მხრიდან არის ნამდვილად ალოგიკური, არარაციონალური და ღიმილის მომგვრელი, რადგან ინიციატორები არიან სწორედ ამ გუნდის წარმომადგენლები. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 20 ივნისის საქმეზე სახელმწიფომ სტრასბურგის სასამართლოში დაადასტურა, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი პარლამენტის შტურმს და ასეთ დროს სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, თავი დაიცვას. თუმცა იმის გამო, რომ მაშინ შს მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა ამ აქციის შეწყვეტის ოპერაციას, ისე დაიგეგმა ეს ოპერაცია, რომ სახელმწიფოს დაუდგინდა დარღვევა, მრავალი დაზარალებული მივიღეთ და სახელმწიფოს მოუწია ევროპული სასამართლოს წინაშე ამ დარღვევების გამოსწორებაზე ზრუნვა”, – განაცხადა ძამაშვილმა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღებულ რეპრესიულ კანონებზე ანგარიში მოამზადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. ორგანიზაციის მონაცემებით, ცვლილებების უმრავლესობა სწორედ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ეხება და ისინი პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ანუ 2-3 დღეში მიიღო.
მაგალითად, ზუსტად ერთი წლის წინ, 2025 წლის 2 ივლისს, პარლამენტმა 2-დღეში დაამტკიცა ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც გამკაცრდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი – თუ წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის, თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ან შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევისთვის დაჯარიმებული პირი ჯარიმას არ გადაიხდის, ქმედების განმეორების შემთხვევაში, მას ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება. გარდა ამისა, შეიცვალა გზის გადაკეტვის საქმეებზე ჯარიმების გასაჩივრების წესი და გაიზარდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე ჯარიმები.
