ახალი ამბები

თუ სხვა ქვეყნების დახმარების საჭიროება გამოჩნდა, მზად მზად ვარ მათთან დაკავშირებისთვის – ზურაბიშვილი

4 აგვისტო, 2023 • 1954
თუ სხვა ქვეყნების დახმარების საჭიროება გამოჩნდა, მზად მზად ვარ მათთან დაკავშირებისთვის – ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და მზაობა გამოთქვა, რომ თუ საჭირო გახდება სხვა ქვეყნების დახმარება, მათ ლიდერებთან დაკავშირებაში თავადაც ჩაერთვება.

ზურაბიშვილმა ბრიფინგზე მიუსამძიმრა  შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და  მადლობა გადაუხადა იმ მაშველებსა და მოქალაქეებს, რომლებიც სტიქიის ადგილზე  ადამიანების გადაერჩანას ცდილობდნენ.

პრეზიდენტმა ასევე სოლიდარობა გამოუცხადა ადგილობრივ ხელისუფლებას, უწყებებსა და მთავრობას.

„მინდა დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო და იმ ოჯახებთან ერთად ვილოცო, ვინც ჯერ კიდევ ელოდება, რომ დაკარგული ადამიანები ცოცხლები აღმოჩნდებიან. ეს ქვეყნისთვის, სრულიად საქართველოსთვის დიდი ტრაგედიაა, რომელსაც ყოველი მოქალაქე იზიარებს. ჩვენ ტრაგედიის წინაშე გაერთიანება ვიცით და დღეს სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი,  გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ჩვენი ყველა შესაძლებლობებით დავეხმაროთ ადამიანებს, რათა მათი ცხოვრების ეს გაუსაძლისი პერიოდი გადალახონ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც შოვის სტიქიის გამო საქართველოს სოლიდარობა გამოუცხადეს.

„პრემიერისგან მოვისმინე, რომ ჯერ არ ვთვლით სხვა ქვეყნების, სხვა პარტნიორების დახმარებას საჭიროდ. თუ ეს საჭიროება გამოჩნდა და ჩემი როლი სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან დაკავშირებაში საჭირო გახდა, ასევე მზად ვარ, ამაშიც მონაწილეობა მივიღო. ჩვენ ამ ძალიან დიდი ტრაგედიის წინაშე ვართ ერთად და ვიქნებით ერთად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


გუშინ, 3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეორე დღეა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ოფიციალური ცნობებით, ამჟამად დაღუპულია 11 ადამიანი, 25 ადამიანს კვლავ ეძებენ.

ამასთანავე, შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ვერტმფრენების მეშვეობით გამოყვანილია დაახლოებით 210 ადამიანი. როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან „ნეტგაზეთის“ განახლებად მასალაში:

მასალების გადაბეჭდვის წესი