ახალი ამბები

“რეორგანიზაცია ადრე უნდა დაგვეწყო” — წულუკიანი კინოცენტრზე და პასუხი ყოფილი თანამშრომლისგან

14 ივლისი, 2023 • 1640
“რეორგანიზაცია ადრე უნდა დაგვეწყო” — წულუკიანი კინოცენტრზე და პასუხი ყოფილი თანამშრომლისგან

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში რეორგანიზაცია 12 ივლისს დასრულდა. მინისტრმა იქ მომუშავე ადამიანების ნაწილი ისევ დაადანაშაულა “ნეპოტიზმში”.

“რეორგანიზაცია არ გაჭიანურებულა… 1 თვე მიმდინარეობს რეორგანიზაცია, ასე წერია კანონში, მაგრამ ხელოვანების უმრავლესობამ  ეს მოსაწყენი დეტალები, რა თქმა უნდა, არ იცის ხოლმე და ჰგონიათ, რომ რაღაც პროცესი ჭიანურდება.

12 ივნისს დაიწყო და 12 ივლისს დასრულდა. ამიტომ, რა მომენტშიც მე და თქვენ ვსაუბრობთ, რეორგანიზაცია პრაქტიკულად უკვე… ყოველ შემთხვევაში, ის რეორგანიზაცია, რომელიც მიმდინარეობდა, დასრულებულია”, — დასძინა მან “იმედის” ეთერში 13 ივლისის საღამოს.

კინემატოგრაფისტების პროტესტის კომენტირებისას მინისტრმა თქვა, რომ რეორგანიზაციის პროცესი გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო:

“თუ რამე გაჭიანურდა, უფრო სწორად, დაგვიანდა, ეს არის რეორგანიზაციის დაწყება… ეს ჩემი შეცდომაც არის, ჩემი გუნდის შეცდომაც არის… ეს რეორგანიზაცია მეც და ჩემს წინამორბედებს ბევრი წლის წინ და ბევრად ადრე უნდა დაგვეწყო. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”.

წულუკიანის სიტყვებით, სამინისტროს მიზანია, კინოცენტრი იყოს “მოქნილი ინსტრუმენტი კინოხელოვანების ხელში”. მისივე თქმით, მომავალი კვირიდან შეხვედრები განახლდება იმ კინოხელოვანებთან, რომელთაც პირველ შეხვედრაზე წარმოადგინეს თავიანთი ხედვა კინოცენტრთან დაკავშირებით.

“12 თუ 13 ხელოვანია ასეთი”, — აღნიშნავს კულტურის მინისტრი.

წამყვანის კითხვის საპასუხოდ, არსებობს თუ არა სივრცე კონსენსუსისთვის, წულუკიანმა თქვა:

“მე კონსენსუსს არ ვეძიებ. მე ვეძიებ პარტნიორობებს…”

მინისტრის თქმით, კინოცენტრში “მეფობს ნეპოტიზმი” და “გაუმჭვირვალე საკონკურსო პროცედურები”.

“არაერთი პროტესტანტი ამ სისტემის ბენეფიციარია და არაერთ მათგანს მოუთბია ხელი ამ ნეპოტიზმით და მიუღიათ დაფინანსება, რომელიც სხვას წაართვეს”, — დასძინა მან, თუმცა “თავი შეიკავა” სახელებისა და გვარების თქმისგან.

წულუკიანის სიტყვებით, ქუჩაში “გულწრფელი ადამიანებიც დგანან”, თუმცა “მთლიანობაში, ეს არის უმცირესობა”.

“მნიშვნელოვანია მათი აზრი, ამიტომ ჩვენი კარი მათთვის, რა თქმა უნდა, ღიაა, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ აინტერესებდეთ კინო და არა ის, თუ როგორ იმზირება მინისტრი კამერაში, როცა ინტერვიუს აძლევს”, — დაამატა მან.

“აღიარა, რომ არის არაფორმალური მმართველი”

თეა წულუკიანის განცხადებებს “ნეტგაზეთთან” საუბრისას უპასუხა ლევან აბდუშელიშვილმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს კინოცენტრიდან.

მისი თქმით, წულუკიანმა გუშინდელი ინტერვიუთი “აღიარა”, რომ კინოცენტრში რეორგანიზაციის პროცესს თავად წარმართავს.

“როცა ამბობს მინისტრი, რომ ჩემს წინამორბედებსაც უნდა ჩაეტარაბინათ რეორგანიზაცია და აქამდეც უნდა დაწყებულიყოო: შეუძლებელია ეს რომ მომხდარიყო, რადგან კულტურის მინისტრს არ აქვს უფლება, კინოცენტრში ჩაატაროს რეორგანიზაცია თავისი ხელით.

ანუ მან აღიარა, რომ თვითონ არის არაფორმალური მმართველი და თვითონ განკარგავს კინოცენტრის რეორგანიზაციას, რომელიც [დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის], კობა ხუბუნაიას სახელით მიმდინარეობს”, — დასძენს აბდუშელიშვილი.

გათავისუფლებული თანამშრომლის სიტყვებით, კინოცენტრში  აქამდეც “მრავალჯერ ჩატარებულა რეორგანიზაცია, მათ შორის ამ ხელისუფლების დროს”.

“ნებისმიერი დირექტორი, რომელიც მოდიოდა, ატარებდა რეორგანიზაციას. რეორგანიზაციაში, იდეაში, ცუდი არაფერია არ არის. [ეს] სტრუქტურის ხედვისა და მიზნების ჩამოყალიბებაა. [ყალიბდება ხედვა], თუ როგორ იფუნქციონირებს კინოცენტრი იმ 3 წლის ვადით, რომლითაც ირჩევა დირექტორი,

როგორც ჩანს, [წულუკიანს] ესეც არ ესმის, რა არის კინოცენტრის რეორგანიზაცია და ჰგონია, რომ თავად ატარებს”, — აღნიშნავს ლევან აბდუშელიშვილი, ნეპოტიზმთან დაკავშირებული ბრალდებების საპასუხოდ კი დასძენს:

“კინოცენტრის 22-წლიანი ფუნქციონირების მანძილზე, ყველაზე მეტად სათუო იყო ბოლო 1.5 წელი ამ მოვლენებამდე, როცა კინოცენტრში დირექტორის [მოვალეობის შემსრულებლად] დაინიშნა კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე. ის არც ერთხელ მოსულა კინოცენტრში, თანამშრომლებს არ გაცნობია. ნეპოტიზმზე და საეჭვო რამეებზე რომ ლაპარაკობს [მინისტრი], მკითხველმა გადაწყვიტოს, რა არის საეჭვო და ვინ მართავდა არაფორმალურად კინოცენტრს”.

აბდუშელიშვილი სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს რეორგანიზაციის თანმდევ საპროტესტო აქტივობებში მონაწილეობას უკავშირებს.


უკვე რამდენიმე კვირაა, კინემატოგრაფისტები ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ. მიიჩნევენ, რომ კულტურის სამინისტრო და მინისტრი თეა წულუკიანი კინოში ცენზურის დამკვიდრებას ცდილობენ.

მათ არაერთი აქცია გამართეს, რომლის მთავარი მოთხოვნებია:

  • შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი
  • შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი – კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე და პროტესტის ჯგუფი ჩართული იყოს ყველა იმ ეტაპზე, რომელიც ამ ინიციატივამ უნდა გაიაროს.

საკამათო რეორგანიზაციის ფარგლებში, გაუქმდა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები, რის შედეგადაც ორივე მათგანი გაათავისუფლეს სამსახურიდან.

ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკ პოსტები და კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.

რეორგანიზაცია დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, კობა ხუბუნიას პირობებში მიმდინარეობს. მანამდე ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა, უფრო ადრე კი იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ის, დანაშაულის პრევენციის სააგენტოში საქმიანობდა.

სანამ მოვალეობის შემსრულებლებს მიავლენდნენ, თეა წულუკიანმა კინოცენტრის აწ უკვე ყოფილი დირექტორი, გაგა ჩხეიძე გაათავისუფლა თანამდებობიდან. ეს გასული წლის მარტში მოხდა.

ხუბუნაიასთან ერთად კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარიაც, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია. ოდიშარიამ 13 ივნისს ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა, რომ რეორგანიზაციის საკითხებში ისიც ჩაერთვებოდა.

12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ კინოცენტრიდან კიდევ ორი თანამშრომელი — დავით დავითიანი და ლევან აბდუშელიშვილი გაუშვეს.

ამ თემაზე ასევე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი