ახალი ამბები

პარლამენტმა თავდაცვის კოდექსში ცვლილებებს II მოსმენით მხარი დაუჭირა

12 ივლისი, 2023 • 834
პარლამენტმა თავდაცვის კოდექსში ცვლილებებს II მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებებს. ცვლილებებს მხარი დაუჭირა 79-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ წავიდა 6.

მეორე მოსმენით მხარდაჭერილი კანონპროექტი ცვლილებათა პაკეტს ითვალისწინებს, მათ შორის იმასაც, რომ „მღვდელმსახურის“ სტატუსი აღარ ჩაითვლება სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების საფუძვლად. თუმცა მართლმადიდებელი ეკლესია ამ თვალსაზრისით გამონაკლისი იქნება.

პარტია „გირჩის“ ინფორმაციით, ცვლილებების მე-3 მოსმენა, სავარაუდოდ, სექტემბერში გაიმართება.


ახალი კანონპროექტი „თავდაცვის კოდექსში“ არაერთ ცვლილებას ითვალისწინებს. მათ შორის:

ახალი თავდაცვის კოდექსის მიხედვით, 2025 წლიდან სავალდებულო სამსახურის გავლა წვევამდელებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოუწევთ. ასევე შემცირდება 12-თვიანი ვადა და ცვლილებების შემდეგ სამხედრო სამსახურის დიფერენცირებული ვადები შემდეგნაიარად განისაზღვრება:

  • საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის – 6 თვე;
  • დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის – 8 თვე;
  • უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის – 11 თვე.

ამას გარდა, კანონპროექტის თანახმად, „მღვდელმსახურის“ სტატუსის ქონა აღარ ჩაითვლება სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების საფუძვლად და არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების სასულიერო პირებს მოუწევთ სამხედრო სამსახურის ალტერნატიული, არასამხედრო ფორმით გავლა.

თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს კვლავ უნარჩუნდებათ სამხედრო ვალდებულების მოხდისგან გათავისუფლების შესაძლებლობა, რადგან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება(კონკორდატი) არსებობს.

კოდექსში ინიცირებულია კიდევ ერთი ნორმა, რომლითაც სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის რაოდენობა იცვლება — თუ მოქმედი კანონმდებლობით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებელი 18 თვით გადავადებისათვის შეადგენს 2000 ლარს და პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ორჯერ 25 წლის ასაკამდე, პროექტის მიხედვით, გადავადების მოსაკრებელი იქნება ერთჯერადი და შეადგენს 5 000 ლარს.

ნეტგაზეთი ამ თემაზე გირჩევთ წაიკითხოთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი