ახალი ამბები

პარლამენტმა თავდაცვის კოდექსში ცვლილებები მიიღო – I მოსმენით

29 ნოემბერი, 2023 • 1382
პარლამენტმა თავდაცვის კოდექსში ცვლილებები მიიღო – I მოსმენით

პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებებს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო ერთი.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, რომელიც პარლამენტს კანონპროექტების დაჩქარებული წესით მიღებას სთხოვს.

პარლამენტის ცნობით, თავდაცვის კოდექსს“ ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც პირს უფლება აქვს, მისი წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილება მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში, თუმცა ეს არ გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

გარდა ამისა, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადავადების უფლებით ისარგებლებს მხოლოდ ის პირი, რომელიც არის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი; სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, სწავლების თითოეულ საფეხურზე, სწავლის დამთავრებამდე, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ ხორციელდება დისტანციური ფორმით და ამ პირს სწავლის გამო არ აქვს უცხო ქვეყანაში გამგზავრების ვალდებულება.

რაც შეეხება პირს, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამაზე სრულად დისტანციური სწავლობს, ის ვერ ისარგებლებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით. კანონი მისთვის დაადგენს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის „მისაღები ფორმით“ გავლის შესაძლებლობას.

კერძოდ, პირი, რომელიც დისტანციური სწავლების გამო სამხედრო სამსახურში გადავადების უფლებით ვერ ისარგებლებს, გაწვევის შემთხვევაში, თავისი შეხედულებისამებრ, უფლებამოსილია აირჩიოს რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამითა და სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამით განსაზღვრული სამხედრო მომზადების პროგრამები.

დისტანციურ სწავლებაზე მყოფი სტუდენტებისთვის ასევე გათვალისწინებულია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან) ერთ-ერთი: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 8 თვე; უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახურისთვის − 11 თვე.

მასალების გადაბეჭდვის წესი