საზოგადოება

ვის (არ) გაიწვევენ ჯარში თავდაცვის ახალი კოდექსის საფუძველზე

1 მარტი, 2023 • 27648
ვის (არ) გაიწვევენ ჯარში თავდაცვის ახალი კოდექსის საფუძველზე

პარლამენტში თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს. როგორც ცვლილებების ავტორები აღნიშნავენ, მათი მიზანი თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლება და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ნორმებში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებაა.

კერძოდ, განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილებებით აღმოიფხვრება “საკანონმდებლო ხარვეზი”, რომელიც წვევამდელებს საშუალებას აძლევდა ,”ფიქტიური რელიგიური ორგანიზაციების“ მეშვეობით თავი აერიდებინათ სავალდებულო გაწვევისაგან.

სწორედ ამ უკანასკნელს მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა, რადგან არამართლმადიდებელი რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილებები კიდევ ერთი დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა ისედაც არათანასწორ გარემოში.

რა იცვლება?

სავალდებულო სამხედრო სამსახურს ეცვლება სახელი და ეწოდება  „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“. სიახლე ითვალისწინებს სავალდებულო სამსახურის 12-თვიანი ვადის შემცირებას, ასევე, წვევამდელების მიერ მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში საბრძოლო მომზადების გავლას.

კერძოდ, ცვლილებების შემდეგ 12-თვიანი ვადის ნაცვლად სამსახურის დიფერენცირებული ვადები შემდეგნაიარად განისაზღვრება:

  • საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის – 6 თვე;
  • დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის – 8 თვე;
  • უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის – 11 თვე.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, დადგენილი რიგითობის მიხედვით, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის მართვისა და ფუნქციონირების საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ.

სიახლეა ისიც, რომ სტუდენტის სტატუსი აღარ იქნება სავალდებულო სამხედრო სასმსახურის გავლის გადავადების საფუძველი.  კერძოდ, სტუდენტი შესაძლებელია დაექვემდებაროს შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას.

ასეთ შემთხვევაში, სტუდენსტს საკუთარი სურვილით შეეძლება შეარჩიოს და გაიაროს სამხედრო სამსახურის გავლის ერთ-ერთი ფორმა – 6, 8 ან 11 თვის ხანგრძლივობით, ან ჩაირიცხოს შესაბამის სამხედრო მომზადების პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს ოთხი წლის განმავლობაში სტუდენტის მიერ ზაფხულის პერიოდში შეკრებების გავლას.

გარდა ამისა, გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა. თუ მოქმედი კანონმდებლობით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებელი 18 თვით გადავადებისათვის შეადგენს 2000 ლარს და პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ორჯერ 25 წლის ასაკამდე, პროექტის მიხედვით, გადავადების მოსაკრებელი იქნება ერთჯერადი და შეადგენს 10 000 ლარს.

რაც შეეხება რელიგიურ ორგანიზაციებს, საკანონმდებლო ცვლილებები ეხება სასულიერო პირებისთვის სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების უფლების გაუქმებას და მათთვის ამ შესაძლებლობის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით ჩანაცვლებას.

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, „მღვდელმსახურის“ სტატუსის ქონა აღარ ჩაითვლება სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების საფუძვლად და არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების სასულიერო პირებს მოუწევთ სამხედრო სამსახურის ალტერნატიული, არასამხედრო ფორმით გავლა.

თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს კვლავ უნარჩუნდებათ სამხედრო ვალდებულების მოხდისგან გათავისუფლების შესაძლებლობა, რადგან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება(კონკორდატი) არსებობს.

რა ხდებოდა ცვლილებების შემუშავებამდე?

2022 წლის 3 ივნისის მდგომარეობით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით რელიგიური ორგანიზაციების გავლით ისარგებლა 13 791-მა წვევამდელმა. მათ შორის კონფესიების მიხედვით:

  • მართლმადიდებელი – 2;
  • მუსლიმური – 5;
  • იეჰოვას მოწმეები – 101;
  • სსიპ – საერთაშორისო ლაზურხალიბური კატაკომბური თემი – 943;
  • საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია ბიბლიური თავისუფლება – 12 724;
  • სხვა – 16

საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც მან გასული წლის დეკემბერში გააკეთა და გააკრიტიკა პარტია „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“.

მაშინ ღარიბაშვილმა დააანონსა, რომ მთავრობა „აღმოფხვრიდა ფიქტიური, ვითომ რელიგიური ორგანიზაციების“ საშუალებით სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების პრაქტიკას და აღნიშნა, რომ ეს საკითხი გავლილი ჰქონდათ საქართველოს საპატრიარქოსთანაც.

სწორედ ამის შემდეგ დარეგისტრირდა პარლამენტში თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები.

თუმცა, „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას თქმით, „ბიბლიური თავისუფლება“ რელიგიად აღიარა მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებამაც, როდესაც მისი სანქციებით უარი განაცხადა „ბიბლიური თავისუფლების“ წევრებისთვის ზიარებასა და წესის აგებაზე.

მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები დისკრიმინაციულია და აჩვენებს სახელმწიფოსა და დომინანტი რელიგიური ჯგუფის შეთანხმებას, რომელიც რელიგიურ თავისუფლებას ეწინააღმდეგება.

„ჩვენ გვაქვს ყველა მტკიცებულება იმის, რომ დომინანტი რელიგიური ჯგუფი მთავრობასთან შეთანხმებით ებრძვის ერთ რელიგიურ დაწესებულებას. ეს ბრძოლა გამოიხატება თუნდაც იმაში, რომ კონსულტაცია ყველა რელიგიურ ჯგუფთან გავიარეთო, „ბიბლიურ თავისუფლებასთან“ არავის გაუვლია. პრემიერ-მინისტრი რომ ინიშნება თანამდებობაზე, ამოცანა აქვს „ბიბლიურ თავისუფლებასთან“ ბრძოლა. 2022 წელს ამბობს, რომ ყველაფერი შევათანხმეთ საპატრიარქოსთან და ყველაფერი დალაგებულიაო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რას ამბობს თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ამტკიცებს, რომ მთავრობის მიდგომა დისკრიმინაციული არ არის. როგორც მან საკომიტეტო განხილვისას განაცხადა, საქართველოს დაცვა ყველას ვალია.

მისი თქმით, არსებულმა „საკანონმდებლო ხვრელებმა“ ათასობით ახალგაზრდა დააყენა რიგში, რომ თავი აერიდებინათ კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებისაგან.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, არასწორია მოსაზრება, რომ მთავრობას რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის საფუძველზე სურს გარკვეული მიზნების მიღწევა.

მისი თქმით, მთავრობის მიზანი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა და „ნაკლებად აღელვებთ ის გაწბილება“, რაც საკანონმდებლო ცვლილებებმა გამოიწვია.

„აქ ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ მღვდელმსახურებისათვის ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლაზე და არა რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის შეზღუდვაზე, თუნდაც ბიბლიურ თავისუფლებაზე. ბიბლიური თავისუფლება გააგრძელებს თავის „მოღვაწეობას“, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ძალიან საინტერესო იქნება, მაისიდან სერტიფიკატები რომ ძალას დაკარგავს, ისევ შეუნარჩუნდებათ ე.წ. ეპისკოპოსების ის რაოდენობა? დადასტურდება მათი ფილოსოფიური შერწყმა? თუ ეს იყო მარტივი გზა 50 ლარად ჯარისაგან თავის არიდების? ეს კითხვა საინტერესოა და გამოჩნდება მაისიდან, რომ აბსოლუტურად სწორ ნაბიჯს ვდგამთ“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

რაც შეეხება მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას, თაცდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არაფერ შუაშია და არ ელოდა, თუ ამ ყველაფერში მათაც ჩართავდნენ.

რატომ არის ცვლილებები დისკრიმინაციული?

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) შეფასებით, ამ ტიპის ცვლილებები კანონმდებლობაში ახალ დისკრიმინაციას გააჩენს.

მოქმედი კანონმდებლობითაც ჯარისაგან სრულად გათავისუფლების უფლება მხოლოდ მართლმადიდებელ მღვდლებს აქვთ, ხოლო დანარჩენი რელიგიური გაერთიანების სასულიერო პირებს სამხედრო სამსახურის გადავადება შეუძლიათ, რაც პრაქტიკაში სწორედ ჯარისაგან თავის არიდების საშუალებაა. ახალი კანონპროექტი რელიგიურ უმცირესობებს ჯარის გადავადების საშუალებას აღარ აძლევს, მათ მხოლოდ საბრძოლო მოქმედებებში წვრთნა შეუძლიათ ჩაანაცვლონ ალტერნატიული სავალდებულო სამსახურით, როგორიცაა სახანძრო, სამაშველო და ა.შ. მომზადება.

„ახალი საკანონმდებლო რეალობით კი, იგივე შინაარსი აღარ იარსებებს და მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე. კერძოდ, კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები კვლავინდებურად სრულად გათავისუფლდებიან სამხედრო ვალდებულებისგან (როგორც სამხედრო, ისე ალტერნატიული შრომითი ვალდებულებისგან), ხოლო ყველა სხვა დანარჩენს მოუწევს მოიხადოს სამხედრო ვალდებულება, ამჯერად უკვე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით“, – აცხადებს TDI.

ამასთან, TDI-ის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ცვლილებების ავტორების განცხადება, რომ კანონპროექტის მომზადებისა და განხილვის პროცესში, სხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო სუბიექტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს „არასამთავრობო ორგანიზაციებმა“ და „საქართველოში არსებულმა თითქმის ყველა რელიგიურმა გაერთიანებამ”.

მათი თქმით,კანონის მომზადების პროცესი წარიმართა საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რელიგიური გაერთიანებების დიდი ნაწილის მონაწილეობის გარეშე.

„ამაზე მიუთითებს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 12 დეკემბრის განცხადება, რომლიდანაც ირკვევა, რომ მთავრობამ ეს საკითხი წინასწარ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან განიხილა, ხოლო, მედიითა და თავად თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს ინიციატივა უკვე მოგვიანებით, კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენის შემდეგ, 2023 წლის იანვარში გააცნეს“, – აცხადებს TDI.

თავდაცვის სამინისტროსა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრას ადასტურებს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე. თუმცა, როგორც ის ნეტგაზეთთან ამბობს, შეხვედრა თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძესთან იმ ეტაპზე შედგა, როცა კანონპროექტი შემუშავებული იყო.

მისი თქმით, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს თავიანთი შენიშვნები გააცნეს, რომელიც ჯერჯერობით არ ასახულა.

„ჩვენი ძირითადი შენიშვნა იყო, რომ დისკრიმინაციული კანონის მიღება იქნებოდა დამანგრეველი ბევრი დემოკრატიული ცვლილებისთვის. იმ ფონზე, როცა ბევრი შენიშვნა გვქონია დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, კიდევ ახალი კანონი იქმნება, რომელიც ემატება დისკრიმინაციული კანონების ნუსხას და არა ის, რომ ახალი რამე შეიქმნას, რაც გაათანასწორებდა ჩვენს მდგომარეობას“, – ამბობს ნეტგაზეთთან რუსუდან გოცირიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი