„თუ გამწარდით, ე.ი. სწორად დავინახეთ პრობლემა და სწორად დავუპირსპირეთ სამართლებრივი მექანიზმი“, – ასე მიმართა თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ „გირჩის“ წევრებს, რომლებიც თავდაცვის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებენ.
თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ჯარში გაწვევის წესი ისევ მკაცრდება, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე დღეს, 24 ნოემბერს პირველი მოსმენით განიხილეს.
განხილვის დროს „გირჩის“ წევრებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების რეალური მიზეზი „გირჩის ბიბლიურ თავისუფლებასთან“ ბრძოლაა.
„საკუთარი უსუსურობა რომ დაგანახოთ, წარმოიდგინეთ, წელიწადზე მეტია ამ კანონთან დაკავშირებით აქ დგახართ, თავს სამარცხვინოდ იხდით, დაგცინიან და იტანთ, ყველაფერს აკეთებთ, მაგრამ ვერ გააუქმებთ „ბიბლიურ თავისუფლებას“ იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ მართლები, ამ შემთხვევაში, თქვენ ხართ არასწორ მხარეს და ღმერთი არ არის თქვენკენ, თორემ სხვანაირად როგორ შეიძლება, ფაქტობრივად, თითქმის საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე უმრავლესობა თქვენ გვერდზე იყოს, პრემიერ-მინისტრი თქვენ გვერდზე იყოს, ეკლესია თქვენ გვერდზე იყოს და წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში უბრალოდ სულელივით გიწევდეთ ერთ ადგილზე დგომა და ვერაფერს ასაბუთებდეთ, ვერც „გირჩის“ გაუქმების კანონს იღებდეთ და კიდევ დიდხანს მოგიწევთ იქ დგომა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„გირჩის“ კიდევ ერთმა წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა კი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს უთხრა, რომ მათ მდგომარეობაში შედის.
„იაგოსგან განსხვავებით, მე გულწრფელად შემოვდივარ თქვენს მდგომარეობაში“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
„ბატონმა ვახტანგმა [მეგრელიშვილმა] მითხრა, რომ შევდივარ თქვენს მდგომარეობაშიო და პირიქით, მე შევდივარ თქვენს მდგომარეობაში, ის ხვრელები, რომელსაც ჩვენ ამოვავსებთ, რა თქმა უნდა, თქვენთვის მტკივნეულია. ჩვენი საზომი არის ,როგორ აღიქვამთ ჩვენს ინიციატივებს – თუ გამწარდით, ე.ი. სწორად დავინახეთ პრობლემა და სწორად დავუპირსპირეთ სამართლებრივი მექანიზმი“, – მიმართა გრიგოლ გიორგაძემ „გირჩის“ წევრებს.
რამდენიმე თვის წინ მიღებულ თავდაცვის კოდექსში ცვლილებები ისევ შედის. ამჯერად ცვლილებები შეეხება დისტანციურ სწავლებაზე მყოფი სტუდენტების სამხედრო სამსახურში გაწვევასა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურს.
საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, რომელიც პარლამენტს კანონპროექტების დაჩქარებული წესით მიღებას სთხოვს.