ახალი ამბები

“ვილნიუსში ჩახვედით ხელცარიელი, უკან დაბრუნდებით ხელცარიელი” – ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს

11 ივლისი, 2023 • 901
“ვილნიუსში ჩახვედით ხელცარიელი, უკან დაბრუნდებით ხელცარიელი” – ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს

დღეს, 11 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წევრები გამოეხმაურნენ ვილნიუსში მიმდინარე ნატო-ს სამიტს.

ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგია ის, რომ ნატო-ს სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიწვეული არაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება მუშაობდეს იმაზე, რომ საქართველომ უკრაინის მსგავსად, MAP-ის გარეშე მიიღოს ნატო-ს წევრობა, ძალადობის კამპანიის ორგანიზებითაა დაკავებული.

„ნატო-ში ირაკლი ღარიბაშვილი საერთოდ არც კი მიიწვიეს. არ მიიწვიეს სწორედ იმიტომ, რომ ის ანტიუკრაინულ, ანტიდასავლურ და, შესაბამისად, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას აჟღერებს და ატარებს, მათ შორის, უკრაინის ომს აბრალებს ნატო-ს. ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ, რომ ბატონი ღარიბაშვილი ენმ-საც კი აბრალებს ამ ომს. სწორედ ამიტომ, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულიც კი არ არის ნატო-ს სამიტზე, სადაც საქართველო შესაძლებლობა ჰქონდა, ამ ისტორიულ მომენტში უკრაინასთან ერთად მიეღო გარანტია, რომ MAP-ის გარეშე სწრაფად გახდებოდა ნატო-ს წევრი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას თქმით, დღეს ვილნიუსში ნატო-ს ისტორიული სამიტი იმართება და ამ მოცემულობაში საქართველო არსად აღარაა, რადგან მთავრობის საგარეო კურსი ქვეყნის გაცხადებულ საგარეო ორიენტირს შორდება.

აქუბარდია ნატო-სთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის წერილსაც შეეხო და განაცხადა, რომ შალვა პაპუაშვილის განცხადება მიზნად ისახავდა ნატო-ს წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით განწყობების გაძლიერებას.

„უმძიმესია თქვენი შეფასება ნატო-ს პარტნიორების, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და ესტონეთთან მიმართებით, მაშინ, როცა თქვენ ამ ქვეყნებს რაცხავთ ოპოზიციის და არა ქვეყნის მხარდამჭერებად, როცა ისინი არიან საქართველოს ურყევი მეგობრები. დიახ, ესეც აზიანებს ჩვენს ნატო-ში წევრობის შესაძლებლობას, რაც თქვენ შეგნებულად გააკეთეთ. ეს არ არის თქვენი ინიციატივა, ეს არის პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებიდან მოყოლებული მთავრობის საგარეო კურსი, რომელიც გაცხადებულ საგარეო კურსს შორდება.

მე მაინტერესებს, ამ მოცემულობაში გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას, მაშინ, როდესაც საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, ნატო-ში გაწევრიანების გზა შეემოკლებინა MAP-ის ამოღებით, რატომ არაფერი გააკეთა თქვენმა გუნდმა ამისთვის? უარი რატომ უთხარით ჩვენი მოსახლეობის 80%-ს, რომელსაც სურს ნატო-ში წევრობა და ამ მოცემულობაში იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმ შედეგებზე, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოსთვის დადგება ამ სამიტიდან გამომდინარე?“ – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პარტია „ლელოს“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ვილნიუსის სამიტზე ხელცარიელი ჩავიდა და უკანაც ასეთივე ხელცარიელი წამოვა. მისი თქმით, დღეს საქართველოს მართავს ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ ნატო-ში გაწევრიანება სახიფათოა.

„ძვირფასო თანამოქალაქეებო, მგონი, აღარ უნდა დასვათ კითხვა, რატომ არ არის მიწვეული ამ პოლიტიკური ძალის პრემიერ-მინისტრი ვილნიუსის სამიტზე. არ არის მიწვეული იმიტომ, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც არ სურს ნატო-ში ამ ქვეყნის გაწევრიანება და ასევე, შემიძლია გითხრათ, რომ შეფასებით, რომელიც დღეს არსებობს ბრიუსელში, ეს არის ხელისუფლება, რომელიც აქტიურ საბოტაჟს უწევს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს და ასრულებს რუსეთის დავალებას.

ამიტომ, აქ ახლა უმრავლესობის წარმომადგენლები ფიზიკური ანგარიშსწორებით რომ გვემუქრებიან, რუსეთის მოკავშირეებს ნუ გვეძახითო… ჩვენ როგორ გაფასებთ შეიძლება თქვენთვის ნაკლებად საინტერესო იყოს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მოკავშირედ აფასებს უკრაინის ხელისუფლება, ევროკავშირი და ნატო. ამიტომ ჩახვედით ხელცარიელი ვილნიუსის სამიტზე, წამოხვალთ უკან ხელცარიელი და თუ არაფერი შეიცვალა, ასევე ხელცარიელი დარჩებით მიმდინარე წლის ბოლოს, როდესაც ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“,- განაცხადა სამადაშვილმა.

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის თქმით, მაშინ, როცა 3 წლის წინ ნატო საქართველოსთან თანამშრომლობით ამაყობდა, ახლა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ საქართველოს ხსენებაც აღარაა.

მისი თქმით, ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებისთვის აბსოლუტურად ყველა ადამიანს ისტორიის წინაშე პერსონალური პასუხისმგებლობა დაეკისრება, რადგან ეს, ფაქტობრივად, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულია.

„დღეს იმაზე ვნერვიულობთ საქართველოს მოქალაქეები, რომ ჩვენ შეიძლება არც გვახსენონ. მე არ ვიცი, ღამე როგორ გძინავთ ამაზე პასუხისმგებელ ადამიანებს[…] ამ ისტორიულ სამიტზე სახელმწიფოს მეთაურის დონეზეც არ არის საქართველო წარმოდგენილი, მხოლოდ ბატონი დარჩიაშვილი ბრძანდება იქ. ტვიტერით მაინც გაგვაგებინოს, რას აკეთებს ეს ადამიანი… უკრაინა, სავარაუდოდ, უფრო მეტ შედეგს მიიღებს და წარმატებები მას. ყველას გვახსოვს, რომ 2008 წელს [ნატო-ს ბუქარესტის სამიტის] კომუნიკეში საქართველო და უკრაინა ერთად მოიხსენიებოდა. ჩვენ მართლა ძალიან ბევრი არგუმენტი გვაქვს, თუ რატომ უნდა განიხილებოდეს საქართველო უკრაინასთან ერთად, პირიქით, ულტიმატუმების ენით ველაპარაკებით ალიანსსა და იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის სადარაჯოზე დგანან“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

პარლამენტის კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროინტეგრაციაზე განსაკუთრებული მოლოდინის შექმნა სწორი აღარ არის.

მისი თქმით, ის გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით მიიღო, აუცილებლად შეფასდება, როგორც დანაშაული მომავალი თაობის წინაშე.

„ამ ხელისუფლებისთვის არც პასუხის მოთხოვნაა სწორი. მე პრემიერ-მინისტრს დავუსვი კითხვა, თუ რატომ არ არის მიწვეული ვილნიუსის სამიტზე, მაგრამ უკვე ყველაფერი გასაგებია. ჩვენი პარტნიორები წლების განმავლობაში გვაფრთხილებდნენ, რომ თუ საქართველო დემოკრატიულ რეფორმებს არ გაატარებდა, თუ იქნებოდა ერთპარტიული მმართველობა, ოლიგარქია, კლეპტოკრატია… რა თქმა უნდა, საქართველო აღარ იქნებოდა განხილული იმ ძალიან სერიოზულ და მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გეგმაში, რომელიც ახლა გადაწყდება ვილნიუსში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა.  მისი თქმით,  საქართველო უკრაინასთან შედარებით ერთ რამეშია ჩამორჩენილი  – ომის არარსებობით.

როგორც ჩიქოვანი ამბობს,  დანარჩენ შემთხვევაში, „საქართველო არის ლიდერი რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს მიმართულებით“.

„თქვენ კარგად ხვდებით, რომ ძალიან დიდი პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს წევრ სახელმწიფოებს შორის, თუ როგორ უნდა განვითარდეს უსაფრთხოების პოლიტიკა, მათ შორის უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაში. საქართველო იქნება წარმოდგენილი ევროატლანტიკურ საბჭოზე. საქართველოზე იტყვიან, რომ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და გავაგრძელებთ ამ გეგმით მუშაობას.

გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს მეგობარ ერს, უკრაინას, მისცემენ უფრო მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტიას, დიახ, ეს ჩვენც გვინდა. გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ნებისმიერ საერთაშორისო ფორუმზე, მიუხედავად იმისა, რაოდენ უსამართლოც არ უნდა იყოს უკრაინის ოფიციალური პირების გადაწყვეტილებები და მოწოდებები საქართველოს სამხედრო კონფლიქტთან მიმართებაში. ეს ჩვენს მხარდაჭერას არ შეცვლის“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


ნატო-ს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს ჩატარდება. მას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება. ნატო-ს წევრებმა მიაღწიეს კონსენსუსს და ალიანსში უკრაინის გაწევრიანებისთვის მაპ-ის [გაწევრიანების სამოქმედო გეგმა] ეტაპის გავლას არ მოითხოვენ. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

ვილნიუსში ნატო-ს სამიტს არ დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ქვეყანა საგარეო საქმეთა მინისტრით იქნება წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი