ახალი ამბები

„ბაჩიაშვილი ამერიკულმა სპეცსამსახურებმა გადაიბირეს“ — შათირიშვილის ახალი კონსპირაცია

11 ივლისი, 2023 • 1666
„ბაჩიაშვილი ამერიკულმა სპეცსამსახურებმა გადაიბირეს“ — შათირიშვილის ახალი კონსპირაცია

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ზაზა შათირიშვილი მორიგ კონსპირაციულ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, რომელსაც გამოძიება ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება, „ამერიკულმა სპეცსამსახურებმა გადაიბირეს“.

ზაზა შათირიშვილი წლებია, სახელისუფლებო მესიჯბოქსების გავრცელებითაა დაკავებული და მისი განცხადებებიც ძირითადად სწორედ პროსამთავრობო მედიასაშუალებებით ვრცელდება. შათირიშვილის ახალი კონსპირაცია ამერიკულ სპეცსამსახურებთან და ბაჩიაშვილთან დაკავშირებით დღეს, 11 ივლისს, „იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“ გაავრცელეს.

„როდესაც, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლის განმარტება, ხოლო, მეორე მხრივ, ბაჩიაშვილის ადვოკატის განცხადებები მოვისმინე, ჩემთვის ყველაფერი ცხადი გახდა: ბაჩიაშვილი ამერიკელებმა ზუსტად ისევე გამოიყენეს, როგორც თავის დროზე პატრის ლესკუდრონი“, — ამბობს შათირიშვილი. ლესკუდრონი იყო შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ ყოფილი ბანკირი, რომელსაც ჰბრალდებოდა ქართველი მილიარდერის ქონების მითვისება და რომელთან დაკავშირებითაც სასამართლო დავა წლები გაგრძელდა.

შათირიშვილის რწმენით, ამერიკული სპეცსამსახურები ივანიშვილს ჯერ კიდევ 2008 წლიდან, ანუ მას შემდეგ ერჩიან, რაც „სააკაშვილს, საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების გამო, ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა უარი. თუ ბიძინა ივანიშვილი ამერიკელებისთვის მიუღებელი იყო 2008 და 2011 წლებში, ბუნებრივია, ის ასეთივე მიუღებელი იყო 2015 წელსაც, როდესაც მას გიორგი ბაჩიაშვილი დაუპირისპირეს.“

„ცხადია, ივანიშვილის გარემოცვაზე სპეცსამსახურები მუდმივად ნადირობდნენ. ბაჩიაშვილი თანაინვესტირების ფონდის თავმჯდომარედ 2013 წელს დაინიშნა და 2015 წლამდე მისი გადაბირება არ გაუჭირდებოდათ“, — მიიჩნევს შათირიშვილი.

შათირიშვილი თავის კონსპირაციულ წერილში ასევე აღნიშნავს:

„დარწმუნებული ვარ, ბაჩიაშვილიც სხვა ბიზნესმენი აგენტების ბედს გაიზიარებს. ბრალის სიმძიმის გათვალისწინებით, მას ციხეში, სავარაუდოდ, წლების გატარება მოუწევს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი, სპეცსამსახურები მას იმ ფულსაც არ შეარგებენ, რაც დარჩება. ბაჩიაშვილს ჯერ პოლიტპატიმრად გააფორმებენ, შემდეგ პოლიტიკაში შეიყვანენ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამუშავებენ და ენჯეოების დაფინანსების ვალდებულებასაც აკიდებენ“.

შათირიშვილი ამბობს, რომ ბაჩიაშვილი „ძალიან ჰგავს მიხაილ ხოდორკოვსკის“, რუს ბიზნესმენს, რომელიც წლების განმავლობაში პუტინის პირადი პატიმარი იყო, ხოლო პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ თავს ემიგრაციას აფარებს. ამის დასტურად შათირიშვილი იმ ფაქტს იშველიებს, რომ ხოდორკოვსკის ადვოკატი ახლა ბაჩიაშვილის ადვოკატია.

„ბაჩიაშვილის დასაცავად სპეცსამსახურებმა უკვე დარაზმეს ოპოზიციური მედია, რაც ჩემი დასკვნის საფუძვლიანობის კიდევ ერთი უტყუარი დასტურია. რა თქმა უნდა, ბაჩიაშვილის დაპირისპირება ივანიშვილს ვერაფერს დააკლებს, მაგრამ ვიდრე ბაჩიაშვილს უკანასკნელი დოლარი დარჩება, სპეცსამსახურები შეეცდებიან, ეს ფული მთლიანად ბიძინა ივანიშვილზე წნეხის შექმნას მოახმარონ”, – აცხადებს ზაზა შათირიშვილი.


მასალების გადაბეჭდვის წესი