საზოგადოება

სასამართლომ ბაჩიაშვილს 2.5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა

6 ივლისი, 2023 • 2560
სასამართლომ ბაჩიაშვილს 2.5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა

“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს, რომელსაც პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის თანხების მითვისებას ედავება, აღკვეთის ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარის გირაო შეეფარდა. ამასთან, მას ბრალდების მხარის ინფორმირების გარეშე აეკრძალა ქვეყნის დატოვება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა დღეს, 6 ივლისს გამოაცხადა.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ბაჩიაშვილისთვის 3 მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

პროკურატურა ბაჩიაშვილს დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის ცნობით, მითვისების მომენტში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. პროკურატურამ ამის თაობაზე განცხადება დღეს გაავრცელა.

უწყების ცნობით, მათივე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის ზაფხულში ბაჩიაშვილმა საკუთარი და ინვესტორის მიერ გაცემული თანხებით კრიპტოვალუტა — ბიტკოინის მაინინგში 6 305 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მათ შორის ინვესტორის თანხა 5 მილიონ აშშ დოლარს, ბაჩიაშვილის კი 1 305 000 აშშ დოლარს შეადგენდა.

თავად ბაჩიაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მისი ადვოკატის განმარტებით, ბაჩიაშვილს არ ჰყოლია პარტნიორი და 5 მილიონი დოლარი რომელიც, როგორც პროკურატურა აცხადებს, ბიძინა ივანიშვილმა დააბანდა ბაჩიაშვილთან ერთად კრიპტოვალუტის მაინინგში, იყო სესხი და არა ინვესტიცია. სესხის სანაცვლოდ კი ბაჩიაშვილმა შემდგომში 5 მილიონი დოლარი და დამატებით პროცენტის თანხაც დააბრუნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი