ახალი ამბები

40-წლიანი პრაქტიკა მაქვს, ასეთ აბსურდულ საქმეს ვერ ვიხსენებ – ბაჩიაშვილის კანადელი ადვოკატი

10 ივლისი, 2023 •
40-წლიანი პრაქტიკა მაქვს, ასეთ აბსურდულ საქმეს ვერ ვიხსენებ – ბაჩიაშვილის კანადელი ადვოკატი

გიორგი ბაჩიაშვილის კანადელი ადვოკატი რობერტ ამსტერდამი ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თემო წიქვაძის განცხადებას.

ამსტერდამის განცხადებით, წიქვაძის განცხადება ადასტურებს „საქმის პოლიტიკურ მოტივაციას“, ხოლო თავად საქმე ერთ-ერთი ყველაზე უსაფუძვლოა მისი 40-წლიანი პრაქტიკის განმავლობაში..

„წიქვაძის მტკიცებები [ბაჩიაშვილის დანაშაულზე] უსირცხვილო ტყუილია. ჩემს სიტყვას კი ნუ ენდობით, თავად წაიკითხეთ სარჩელი და ნახეთ, რომ [ივანიშვილისა და ბაჩიაშვილის] შეთანხმება სრულიად ეწინააღმდეგება ამ გამოგონილი საქმის არსს. საერთაშორისო სამართლის 40-წლიანზე მეტი პრაქტიკის განმავლობაში, ვერ ვიხსენებ საქმეს, რომელიც აღძრული იყო ამდენად არარსებულ არსზე.

ის, რომ ივანიშვილმა ღიად გამოაცხადა, რომ საქმის უკან ის დგას, ხოლო მისი წარმომადგენელი აღიარებს, რომ საქმე არაა დაფუძნებული რამენაირ რეალურ გამოძიებაზე, ხაზს უსვამს საქმის პოლიტიკურ მოტივაციას და ბიძინას სურვილს, სახელმწიფო გამოიყენოს ჩემი კლიენტის, გიორგი ბაჩიაშვილის რეპუტაციის გასაფუჭებლად“, – წერს ადვოკატი.

წიქვაძის განცხადება

ბიძინა ივანიშვილი თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილს არა მხოლოდ კრიპტოვალუტის, არამედ ჰესის საქმეზეც ედავება.

აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის თეიმურაზ წიქვაძის მიერ გავრცელებული განცხადებიდან, სადაც ეს უკანასკნელი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე ექსპრემიერის პოზიციას აცნობს საზოგადოებას.

საუბარია „მტკვარი ჰესზე“, რომელიც თანაინვესტირების ფონდის მიერ იყო დაფინანსებული და ივანიშვილის პოზიციის თანახმად ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში, თუმცა ეს არ მომხდარა.

ივანიშვილი v. ბაჩიაშვილი

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით.

საქმე ეხება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის ცნობით, მითვისების მომენტში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. პროკურატურის თანახმად, ბაჩიაშვილმა ბიტკოინი ინვესტორისგან, კერძოდ კი ბიძინა ივანშვილისგან მიითვისა. სასამართლომ ბაჩიაშვილს 2,5 მლნ. ლარის გირაო შეუფარდა. იგი ბრალს არ აღიარებს.

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, რობერტ ამსტერდამი აცხადებს, რომ საქმე მის წინააღმდეგ პოლიტიკურადაა მოტივირებული.

„ვაპირებთ, დავიცვათ მისი უფლებები და [დავამტკიცოთ] უდანაშაულობა ამ აბსურდული, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების წინააღმდეგ. ჩვენთვის ნათელია, რომ ბრალდებები დაფუძნებულია არა ფაქტებზე ან სერიოზულ გამოძიებაზე, არამედ წარმოადგენს იარაღად ქცეული დევნის შედეგს.

გიორგი ბაჩიაშვილს დევნიან მისი პოლიტიკური შეხედულებებისთვის… ეს ბრალდებები სირცხვილია ქვეყნისთვის. ვგეგმავთ, გავამართლოთ ჩვენი კლიენტი ყველა არსებული ზომით როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე“, – ნათქვამია ადვოკატის განცხადებაში.

მოგვიანებით, ამსტერდამმა „ფორმულასთან“ საუბარში თქვა, რომ ბაჩიაშვილს უკრაინის მხარდასაჭერი განცხადებების გამო დაემუქრნენ – „მისი პოლიტიკური ბუნება გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩემმა კლიენტმა საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინისადმი. დაემუქრნენ, რომ ამისთვის გადაიხდიდა, რადგან მისი ღირებულებები იყო პროდასავლური და არ შეესაბამებოდა იმ პირის ღირებულებებს, ვინც სარჩელი წამოიწყო, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს“.  მისივე თქმით, მუქარა ბაჩიაშვილმა „პირადად და ვერბალური სახით მიიღო“.

მასალების გადაბეჭდვის წესი