ახალი ამბები

გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურა ივანიშვილის თანხის მითვისებას ედავება

6 ივლისი, 2023 • 1153
გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურა ივანიშვილის თანხის მითვისებას ედავება

ინვესტორი, რომლის თანხების მითვისებასაც პროკურატურა “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს ედავება, “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილია.

ამის შესახებ სასამართლოზე გახდა ცნობილი, რომელიც დღეს, 6 ივლისს იმართება.

საქმე ეხება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის ცნობით, მითვისების მომენტში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. პროკურატურამ ამის თაობაზე განცხადება დღეს გაავრცელა.

თავად ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე უკანონო თვალთვალის შესახებ განაცხადა. მან თქვა, რომ ბოლო პერიოდში 6-7 მანქანა მუდმივად თან დაჰყვება და უთვალთვალებს.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მას მოუწოდა, აღნიშნულ საკითხზე შესაბამის ორგანოებს მიმართოს.

მოსამართლის განცხადებით, პროკურატურა ბაჩიაშვილისთვის 3 მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვს. ამ წუთებში სასამართლო სხდომა გრძელდება.

პროცესზე სიტყვით გამოვიდა თავად ბაჩიაშვილიც, რომელმაც თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და გაურკვეველია მისთვის, რატომ დაიწყო მის წინააღმდეგ პროცესი:

“არ ვარ დამნაშავე, არც არასდროს ჩამიდენია დანაშაული და, შესაბამისად, საერთოდ გაურკვეველია, რატომ ვარ ამ პროცესში, გარდა იმისა, რომ ზეპირ შეთანხმებას მედავება, რომ ყოფილა ჩემი პარტნიორი თითქოს 8 წლის წინ, არანაირი მტკიცებულება არ აქვს.

რაც შეეხება კრიპტოვალუტის მოძრაობას. ეს არის ბიზნესი. შეიძლება აფასებთ, რომ მე რაღაცის გადამალვას ვცდილობდი, მაგრამ კრიპტოვალუტის ტრეიდინგი, ინვესტიცია, სტარტაპებში ვაკეთებდი ინვესტიციას მთელ მსოფლიოში და სხვადასხვა ფონდებში. ეს არის ნორმალური ბიზნესი, რითაც ვარ დაკავებული ბოლო 10 წელზე მეტია. შესაბამისად, საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება იყოს ეს აღქმული კრიმინალად, ან ფულის გათეთრებად. თუ სტარტაპებში ინვესტირება კრიმინალია და ფულის გათეთრება, მაშინ არ ვიცი, საერთოდ რაზე გვაქვს საუბარი”, — თქვა ბაჩიაშვილმა პროცესზე.

ამასთან, მისი ადვოკატის განცხადებით, ბაჩიაშვილს არ ჰყოლია პარტნიორი და 5 მილიონი დოლარი, რომელიც, როგორც პროკურატურა აცხადებს, ბიძინა ივანიშვილმა დააბანდა ბაჩიაშვილთან ერთად კრიპტოვალუტის მაინინგში, იყო სესხი და არა ინვესტიცია. სესხის სანაცვლოდ კი ბაჩიაშვილმა შემდგომში 5 მილიონი დოლარი და დამატებით პროცენტის თანხაც დააბრუნა.

“ადამიანს ედავებიან, რომ მან ინვესტორის თანხა მიითვისა 2015 წელს, 8 წლის წინ. რეალურად, საქმეში წარმოდგენილია საბანკო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც უტყუარად დადასტურებულია წერილობით, რომ ბაჩიაშვილის კომპანიამ მიიღო სესხი 5 მილიონი, ხოლო ერთი წლის შემდეგ გადაიხადა როგორც ეს 5 მილიონი სესხად აღებული თანხა, ასევე პროცენტი, ასობით ათასი ლარი.

ეს არის რეალურად მტკიცებულებები, თუმცა დღეს გვიწევს იმის მტკიცება, რომ რეალურად მას პარტნიორი არ ჰყოლია”, — განაცხადა ბაჩიაშვილის ადვოკატმა ჟურნალისტებთან სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი