კომენტარი

„ინსტაგრამში“ განცხადებების გამო დევნიან | ინტერვიუ ბაჩიაშვილის კანადელ ადვოკატთან

10 ივლისი, 2023 • 1691
„ინსტაგრამში“ განცხადებების გამო დევნიან | ინტერვიუ ბაჩიაშვილის კანადელ ადვოკატთან

გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ წამოწყებულ საქმის უმთავრესი მიზეზი ამ უკანასკნელის მიერ გაკეთებული უკრაინის მხარდასაჭერი განცხადებებია, რომლებიც „ინსტაგრამში“ გააკეთა, ეუბნება „ნეტგაზეთს“ მისი კანადელი ადვოკატი, რობერტ ამსტერდამი. იგი წარსულში სხვადასხვა ცნობილი ფიგურის, მათ შორის პუტინის დევნილი ოპოზიციონერი ოლიგარქის, მიხეილ ხოდორკოვსკის ადვოკატი იყო.

პროკურატურა ბაჩიაშვილს, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, ედავება ბიძინა ივანიშვილის თითქმის 40 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინების მითვისებას და ფონდიდან „მტკვარი ჰესის“ აშენებაზე გამოყოფილი თანხის გაფლანგვა/მითვისებას.

ნეტგაზეთი ბაჩიაშვილის ინტერესების დამცველს სწორედ ამ ბრალდებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა.

როგორც ცნობილია, ივანიშვილი თქვენს კლიენტს ედავება მისი თქმით, ერთობლივად წარმოებული ბიზნესის საფუძველზე მოპოვებული თანხის მითვისებას. აქედან გამომდინარე, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს სამოქალაქო დავა უნდა იყოს და არა სისხლის სამართლის საქმე?

მოდით, იმით დავიწყოთ, რომ დანაშაული არ ჩადენილა და არც სამოქალაქო დავისთვის არსებობს ფაქტები. რომ გითხრათ, დიახ, დავა სამოქალაქო უნდა იყოს-მეთქი, ასე ვთქვათ, ლეგიტიმაციას გავუწევ ამ დავას. ეს ყოვლად შეთითხნილი საქმეა.

თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა მტკიცებულებები, – როგორიც არ უნდა იყოს ისინი, – წარმოადგინა პროკურატურამ?

ერთადერთი წერილობითი მტკიცებულება, რაც აქვთ, სასესხო შეთანხმებაა, რომელიც ჩემი კლიენტის ვერსიას ამაგრებს. ისინი ხელმძღვანელობენ მხოლოდ ივანიშვილის განცხადებით, რომელიც, ჩვენი მოსაზრებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

თქვენი განცხადებების თანახმად, ივანიშვილს სურს სახელმწიფოს გამოყენება ბაჩიაშვილის დევნისთვის. დავაზუსტებ – ფიქრობთ თუ არა, რომ იგი სრულად ან ნაწილობრივ აკონტროლებს ხელისუფლებას, სასამართლო სისტემას?

შემიძლია მხოლოდ ის მოვიხმო, რასაც ევროპარლამენტი ამბობს [ევროპარლამენტი თავის რეზოლუციებში ივანიშვილს ოლიგარქს უწოდებს და ხელისუფლებაზე მის გავლენაზე საუბრობს „ნეტგაზეთი“]. ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი მხოლოდ ხაზს უსვამს იმას, რაც მის მმართველობაზე დაიწერა. მას საქართველო მიჰყავს უძრაობის ხანაში, რაც, ჩემი აზრით, დასანანია, მისი პარტიის წევრებისთვისაც კი.

ადვოკატმა განაცხადა, რომ დევნის დაწყებამდე ივანიშვილი შეხვდა ბაჩიაშვილს და გააფრთხილა, რომ ჩადენილისთვის პასუხისგება მოუწევდა. თუკი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ იყო ადამიანი, რომელიც ხელისუფლებას აკონტროლებს, ხომ არ ფიქრობთ, რომ ჭკვიანური იქნებოდა ქვეყნის დატოვება?

იცით, თუ ახალგაზრდა პატრიოტი ხარ და გჯერა შენი ქვეყნის, არა! გინდა იბრძოლო და არ გინდა დაუთმო შენი მომავალი შენსავე ქვეყანაში ვინმეს… მხოლოდ იმიტომ, რომ ძლიერია.

თქვენ ამბობთ, რომ ბაჩიაშვილი უდანაშაულოა და ამავე დროს მიიჩნევთ, რომ ივანიშვილი აკონტროლებს ხელისუფლებას. თუ ასეა, როგორ ფიქრობთ, რამდენადაც უდანაშაულო არ უნდა იყოს ბაჩიაშვილი, სასამართლო მას გაამართლებს? რას გეგმავთ, თუ განაჩენი გამამართლებელი არ იქნება?

ჩვენ გვაქვს სტრასბურგი, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ამას დააკვირდებიან. ყოველთვის არის დიდი რისკი, როცა საქმე გაქვს მთავრობებთან კანონის უზენაესობის გარეშე.

გადადგით, ან აპირებთ თუ არა, სამართლებრივის გარდა, სხვა ნაბიჯების გადადგმას – საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიმართვას და ასე შემდეგ?

უკვე ვიწყებთ.

დევნის მიზეზებს რაც შეეხება – 6 ივლისის განცხადებაში აღნიშნეთ, რომ ბაჩიაშვილს დევნიდნენ პრო-დასავლური და პრო-უკრაინული განცხადებებისთვის. შეგიძლიათ დააზუსტოთ, სად, როდის და როგორ გაკეთდა ეს განცხადებები ბაჩიაშვილის მიერ? საჯაროდ, თუ კერძო საუბრებში?

ეს განცხადებები გაკეთდა „ინსტაგრამში“, [უკრაინაში რუსეთის] შეჭრიდან მალევე. ისინი საჯაროა, „ინსტაგრამზე“ დევს [„ნეტგაზეთმა“ ბაჩიაშვილის გვერდზე ამ განცხადებებს ვერ მიაკვლია – ომის დაწყების შემდეგ მან სულ ოთხი პოსტი განათავსა, აქედან არცერთში საუბარი არ მიდის უკრაინაზე. შესაძლოა, ბაჩიაშვილს ეს განცხადებები „სთორიში“ გაეკეთებინა, თუმცა ამ ფორმატში განთავსებული კონტენტი 24 საათში ქრება].

ვფიქრობ, კერძო განცხადებებიც გააკეთა ბიზნეს-საზოგადოებაში. [რუსეთის უკრაინაში შეჭრას] დიდად განიცდიდა. ამან, გასაგებია, ივანიშვილის საკმაოდ მტრული განწყობა გამოიწვია.

თქვენ [ნამდვილად] ფიქრობთ, რომ ეს [განცხადებებია] მისი დევნის მთავარი მიზეზი?

დიახ და ამასთან ერთად, ისიც, რომ მან პოლიტიკურ თემებზე დაიწყო საუბარი. იმ თემებზე, რომლებიც არ მოსწონდა ივანიშვილს.

ამ თემებში გულისხმობთ „ინსტაგრამში“ განთავსებულ განცხადებებზე უკრაინაზე?

დიახ.

თქვენთან საუბრამდე გადავაწყდი 2012 წლის სტატიას, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფი ივანიშვილის აშშ-ში გაწეულ სალობისტო სამუშაოებს ეხებოდა. სტატიის თანახმად, თქვენი შვილი, სემ ამსტერდამი, ივანიშვილთან მუშაობდა. თქვენ, ამავე სტატიის მიხედვით – არა. თუმცა, ამ შემთხვევის გარდა, თუ გქონიათ რამე შეხება ან გადაკვეთა ივანიშვილთან? იცოდით მის შესახებ?

რამდენიმე დღის წინ არც ვიცოდი, რომ ჩემი შვილი, – მას ცალკე ბიზნესი აქვს, – ივანიშვილთან მუშაობდა. ამის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი.

მასალების გადაბეჭდვის წესი