ახალი ამბები

300-მდე ონკოპაციენტ ბავშვს საზღვარგარეთ მკურნალობას დავუფინანსებთ — მინისტრი

10 ივლისი, 2023 • 598
300-მდე ონკოპაციენტ ბავშვს საზღვარგარეთ მკურნალობას დავუფინანსებთ — მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის თქმით, თვის ბოლომდე დამტკიცდება ონკოპაციენტი ბავშვების დაფინანსების პროგრამა და 300-მდე ბავშვს ყოველწლიურად სამ ქვეყანაში შეეძლება მკურნალობა.

დღეს, 10 ივლისს, მთავრობის სხდომის შემდეგ აზარაშვილმა განმარტა, რომ მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, ესპანეთის, თურქრთისა და ისრაელის კლინიკებს შორის აირჩიონ.

„საშუალოდ, სამწუხაროდ, 300-მდე ბავშვია ყოველწლიურად, ვინც საჭიროებს ამ მკურნალობას – სხვადასხვა ტიპისა და სირთულის. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ სრულყოფილად დავაფინანსოთ ამ კლინიკებში მათი მკურნალობა“, — თქვა მინისტრმა.

რაც შეეხება პროგრამის დაწყების ვადებს, მისი განმარტებით, დარჩენილია ტექნიკური დეტალები, „ვფიქრობ, თვის ბოლომდე უკვე დაკონტრაქტებული იქნება [კლინიკებთან] და მომდევნო თვიდან შესაძლებელი იქნება. წლიური ბიუჯეტი კი მაქსიმუმ 30 მილიონი ლარია.“

აზარაშვილის ინფორმაციით, დასახელებული სამი კლინიკიდან ესპანეთის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება პროტონოთერაპიაც, რაც ასევე დაფინანსდება.

„შემოთავაზებულ ტარიფებში შედის ბავშვისა და ერთი თანმხლების ცხოვრებაც. დანარჩენ ხარჯებს კი სოლიდარობის ფონდი დაფარავს. ერთადერთი ისრაელის კლინიკაა, რომელიც ცხოვრების ხარჯებს არ ითვალისწინებს“, – აცხადებს ზურაბ აზარაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი