ახალი ამბები

აზარაშვილი: ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ექიმისთვის გადახდილი ყოველი ლარი დადეკლარირდება

4 მარტი, 2024 • 4321
აზარაშვილი: ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ექიმისთვის გადახდილი ყოველი ლარი დადეკლარირდება

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სამინისტროს დაწყებული აქვს ე.წ. სანშაინის დანერგვის პროექტზე მუშაობა, რომლის მეშვეობითაც ფარმაცევტულ კომპანიებს ექიმებთან მარკეტინგული აქტივობები შეეზღუდებათ.

აზარაშვილის თქმით, პროექტის მიხედვით, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ექიმისთვის გადახდილი ყოველი ლარი დადეკლარირდება შესაბამის საჯარო სისტემაში.

ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საუბრობს, სადაც თავის ორწლიან საქმიანობას აჯამებს.

მისი თქმით, პაციენტის უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში სამინისტრო რეალურ დროში აკონტროლებს ექიმების მიერ ჭარბი ანტიბიოტიკების, ფსიქოტროპული და არასაჭირო მედიკამენტების ანგარების მიზნით გამოწერას.

„ამ უმწვავესი გამოწვევის მოსაგვარებლად დაწყებულია მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით ქვეყანაში ე.წ. სანშაინის დანერგვის პროექტზე მუშაობა, სადაც ფარმაცევტულ კომპანიებს შეეზღუდებათ კლინიკებში მარკეტინგული აქტივობები და ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ექიმისთვის გადახდილი ყოველი ლარი დადეკლარირდება შესაბამის საჯარო სისტემაში“, – წერს აზარაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი წერს, სამინისტროში საქმიანობის ორწლიან პერიოდში ყოველი დღე იყო სტრესით, ზეწოლითა და პროტესტით სავსე.

„ყოველთვის ვფიქრობდი, რამდენი ძალა, რამდენი სიმართლე იყო ასეთი ჩვენი გადაწყვეტილებების უკან, როცა მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად, 2 წლის მანძილზე ვინარჩუნებდი პოსტს, დღეს კი ღირსეულად, ამაყმა დავტოვე დროებითი თანამდებობა“, – წერს ზურაბ აზარაშვილი.

აშშ-ში Pharmaceutical Sunshine Act -ის მიღების შემდეგ  ექიმები ვალდებული გახდნენ, რომ გრანტებისა და ხელფასების გარდა,  დაედეკლარირებინათ, მცირე ინტერესი ან სარგებელი მაინც თუ ჰქონდათ ფარმაცევტული კომპანიისგან, იქნებოდა ეს ლანჩი თუ სხვა.


ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც თავის ორწლიან საქმიანობას აჯამებს.

აზარაშვილი, რომელიც ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თანამდებობიდან „მართვის და კომუნიკაციის კუთხით” პრობლემების გამო გადააყენა, თავის საქმიანობის ანგარიშის შესახებ ვრცელ პოსტს სწორედ იმით იწყებს, რომ „ხშირად მოკლევადიანი პიარით მოხიბლულებს ვინ ვართ გვავიწყდება“.

ჩემს ორწლიან ძალისხმევაში შედეგებს 90% და პიარულ აქტივობებს 10% ეთმობოდა – აზარაშვილი

ზურაბ აზარაშვილი მინისტრის თანამდებობაზე ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა. შემდგომში თავის კაბინეტში ირაკლი კობახიძემაც დაასახელა, თუმცა ახალი მთავრობის ფორმირებიდან რამდენიმე კვირაში პოსტი დატოვა სწორედ “კობახიძესთან საუბრის შემდეგ”.

უკვე ცნობილია, რომ ირაკლი კობახიძეს წინა მთავრობისაგან განსხვავებული ხედვა აქვს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. მან შეაჩერა თბილისის ცენტრში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კლინიკაში დაწყებული რეორგანიზაციის პროცესი და განაცხადა, რომ საავადმყოფო არ დაინგრევა, სანამ ახალი შენობა არ აშენდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი