ახალი ამბები

როგორ მოვხვდი ჩაშლილი პრაიდის ფესტივალის საევაკუაციო ავტობუსში

8 ივლისი, 2023 • 13344
როგორ მოვხვდი ჩაშლილი პრაიდის ფესტივალის საევაკუაციო ავტობუსში

პრაიდ ფესტივალის დარბევამდე რამდენიმე წუთით ადრე პოლიციის კორდონთან ვდგავარ.

მარტო არ ვარ, ჩემ ირგვლივ ბევრი ჟურნალისტია. ახლოს მდგომი ერთ-ერთი სამართალდამცველი იძახის, ალბათ ტყიდან წამოვლენო. გამიკვირდა, ასე გგონიათ-მეთქი – კიო. გადის რამდენიმე წუთი, პოლიციას დამატებით მოაქვს ათობით ჯებირი. ასეთი ჯებირები ადრეც მინახავს, თუმცა, ისინი დიდან არ მეიმედებიან.

ამის პარალელურად, მესმის ყიჟინა. ეს ნიშნავს, რომ ჰომოფობიური ჯგუფი გვიახლოვდება. მომიწოდებენ, რომ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდე.

პოლიციის კორდონისკენ მიმავალი ძალადობრივი ჯგუფი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მალევე ვხედავ სპეციალური დანიშნულების რაზმს. ისინი მირბიან იმ მიმართულებით, სადაც ძალადობრივი ჯგუფი იმყოფება. მე მგონი გაარღვიესო, მესმის ვიღაცის ხმა.

სპეცრაზმი „პრაიდ ფესტთან“ ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

პოლიცია მიმეორებს, რომ შევიდე ფესტივალის ტერიტორიაზე – ახლა უკვე ჯებირებს მიღმა. შესვლისთანავე, ვხედავ, რომ ღობიდან გვესვრიან ბოთლებს და გვაგინებენ. წამის მეასედში ყველაფერი იცვლება, მორბის პოლიციელი და ყვირის „ევაკუაცია, სასწრაფოდ!“. ეს იმდენად მოულოდნელად ხდება, რომ თავდაპირველად მისი სიტყვების გააზრება მიჭირს.

როგორც შემდგომ ვიგებ, ძალადობრივმა ჯგუფმა სრულიად გაარღვია პოლიციის კორდონი და ისინი ფესტივალის ტერიტორიისკენ მორბიან. ევაკუაციის გადაწყვეტილებას თავდაპირველად ფესტივალის ორგანიზატორების უკმაყოფილო შეძახილები მოყვა – რა ევაკუაცია, ამას როგორ გვეუბნებით, მიმართა ერთ-ერთმა პოლიციელებს.

დრო არ იცდის, მივყავართ ფესტივალის გასასვლელისკენ, აქ მიკროავტობუსი უკვე დაქოქილია. შევდივართ შიგნით, ნაწილს ამოსვლაში ვეხმარებით. ყველაფერი წამებში ხდება, იკეტება მიკროავტობუსი, გავდივართ.

მიკროავტობუსი უკვე სამანქანო გზაზეა. წინ მიგვიძღვის პოლიციის მხოლოდ ერთი მანქანა – 2 პოლიციელი. მიკროავტობუსში, დაახლოებით, 20 ადამიანია. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები, მათი მოხალისეები და მე, “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი.

„უნდა ვუთხრათ ყველას, რომ არ ამოვიდნენ. უნდა შევატყობინოთ, განცხადებაა დასაწერი“ – ამბობს „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორი, მარიამ კვარაცხელია. იქვე ზის ორგანიზაციის სხვა წარმომადგენელიც – ანა თავაძეც. ის უკვე წერს პოსტებს, მეილებს, შეტყობინებებს.

მგზავრების ნაწილი უკვე ვეღარ იკავებს ცრემლებს, ნაწილი – ჩუმადაა. დარბევის ეს გამოცდილება ყველასთვის ტრავმულია.

„ევაკუაცია მოგვიწია, იმიტომ რომ არ დაგვიცვა.. ალბათ, წინასწარ იყო დაგეგმილი. შემოსაზღვრეს „ორკებმა“ მთლიანი ტერიტორია, ყველა მხრიდან მოვიდნენ.

კიდევ ერთხელ დაგვაღალატა სახელმწიფომ. ეს იყო დახურული ღონისძიება და გამოდის, დახურულ ღონისძიებასაც ვეღარ ვატარებთ,“ – მეუბნება მიკროავტობუსში თათა ჯაყელი, ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრი. ის იმეორებს, რომ თვეების განმავლობაში შსს-გან უსაფრთხოების გარანტიები ჰქონდათ. იყო უამრავი შეხვედრაც, რომელსაც საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ.

ხედი მიკროავტობუსიდან. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

15:17 საათზე, პოლიციის მანქანა ჩერდება. ზუსტად არ ვიცით რა ტერიტორიაზე ვართ. მაგრამ ვვარაუდობ, რომ სადღაც ბაგებთან – გარშემო მინდორია. პოლიციელი მიდის მძღოლთან, ჩერდება რამდენიმე წამით მასთან და რაღაცას ეუბნება.

„სად უნდა ჩამოვიდეთ?!“ – უცბად მესმის ანა სუბელიანის ყვირილი. ვიღებ რამდენიმე კადრს, სულ 7 წამია. მიკროავტობუსი პროტესტის შემდეგ აგრძელებს გზას ცენტრალური ქუჩებისკენ…

„პრაიდის“ წევრები ფიქრობენ, სად შეიძლება გაჩერდნენ. ამბობენ, რომ ოფისში ვერ მივლენ. ეს ლოგიკურიცაა, რადგან 2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა მათი ოფისი დაანგრიეს.

დისკუსიებისა და ზარების შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას. ევაკუაციის ისტორია აქ მთავრდება, ჰომოფობიასთან ბრძოლის არა – ამის შემდეგ, „თბილისი პრაიდმა“ სამომავლო ნაბიჯები უნდა დაგეგმოს.

საევაკუაციო მიკროავტობუსი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი