ახალი ამბები

12 წლის გოგოს საქმეზე საკვანძო მტკიცებულებები დაზიანებულია – უფლებები საქართველოს

5 ივლისი, 2023 •
12 წლის გოგოს საქმეზე საკვანძო მტკიცებულებები დაზიანებულია – უფლებები საქართველოს

ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ განცხადებით, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს საქმეზე საკვანძო მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები დაზიანებულია.

ორგანიზაციის განცხადებით, მტკიცებულებების დაზიანება გამოავლინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დეტალურმა შესწავლამ.

ამასთან დაკავშირებით გარდაცვლილი გოგოს დედამ დღეს, 5 ივლისს, ორგანიზაციის ოფისში პრესკონფერენცია გამართა.

„უფლებები საქართველოს“ ინფრომაციით, სამხარაულის ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ გარდაცვლილის სხეულიდან აღებულ ნივთმტკიცებებს აღენიშნებათ მოშავო-მონაცრისფრო, ობის მაგვარი დანაშრევები და ნადებები, ხოლო მტკიცებულებების ნაწილი მოთავსებულია მთლიანობადარღვეულ პაკეტში.

საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც შესაძლოა დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება.

ორგანიზაციის ცნობით, 3 ივლისს „უფლებები საქართველოს“ იურისტმა და დაზარალებულის უფლებამონაცვლემა, წერილობით მიმართეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და მოითხოვეს ინფორმაცია, მათ შორის, საკვლევი ნიმუშების აღების მეთოდოლოგიაზე, ნივთმტკიცებულებების შენახვის გარემო პირობებსა და იმ მიზეზებზე, რამაც განაპირობა ნივთმტკიცების შესანახი პაკეტის მთლიანობის დარღვევა.

„საქმისათვის საკვანძო მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებზე მოშავო-მონაცრისფრო, ობის მაგვარი ნადებების არსებობა ეჭვქვეშ აყენებს ამ მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე მომზადებული დასკვნის სანდოობას. ამასთან, ბუნდოვანია, რამდენად შეძლებენ უცხოელი ექსპერტები განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარებას დაზიანებულ ნივთმტკიცებებზე დაყრდნობით.

„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ სახეზეა სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნები, კერძოდ, ექსპერტის მიერ საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობით, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა განზრახ ან გაუფრთხილებლობით. სწორედ გამოძიების შედეგად უნდა დადგინდეს, რომელი უწყების განზრახ ან გაუფრთხილებელმა ქმედებამ განაპირობა საკვლევი ობიექტების დაზიანება“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „უფლებები საქართველო“ მოუწოდებს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, დროულად მოგვაწოდოს მის წინაშე წარდგენილ კითხვებზე ამომწურავი ინფორმაცია.

ორგანიზაცია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, დაიწყოს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის [ცრუ ინფორმაცია, ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ან არასწორი თარგმანი] საფუძველზე.


17 მარტს, დიდ დიღომში რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ 12 წლის გოგო იმავე უბანში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი