ახალი ამბები

შესაძლოა, 12 წლის ანას გვამის გადამალვა სცადეს – „უფლებები საქართველო“

5 აპრილი, 2023 • 1276
შესაძლოა, 12 წლის ანას გვამის გადამალვა სცადეს – „უფლებები საქართველო“

ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ დიდ დიღომში დაღუპულ 12 წლის გოგოსა და საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციის თქმით, შესაძლოა, რომ ადგილი ჰქონოდა 12 წლის ანას ცხედრის გადაადგილების მცდელობას.

„მშობლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში).

მშობლების განმარტებით, არსებობს არაერთი გარემოება, რომელიც მიუთითებს, რომ მოზარდის გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა ვერ იქნებოდა. კერძოდ, გარდაცვლილის ტელეფონი ნაპოვნია გვამისგან მოშორებით. წარმოდგენილი ფოტოსურათებით იკვეთება, რომ გოგონას აღენიშნებოდა სახის, შუბლის, ყურის და ზურგის არეში ნაკაწრები და დაზიანებები. დაზიანებული იყო ასევე ბავშვის ტანსაცმელი. გარდა ამისა, გოგონას გვამის განლაგება ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა გვამის გადამალვის მცდელობას“, – წერს ორგანიზაცია.

ორგანიზაციის თქმითვე, დღეს დანაშაულის ადგილზე მისულ დედასა და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს ადგილი სრულიად სახეცვლილი დახვდათ – „არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებისგან თანხმობის მიღების შემდეგ, დანაშაულის ადგილზე თბილისის მერიის ადგილობრივმა გამგეობამ კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო, რამაც საქმისთვის საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების განადგურება გამოიწვია“.

„2023 წლის 05 აპრილს „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა მიმართეს პროკურატურას დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დედის ცნობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნებით. ამასთან, დღეს დანაშაულის ადგილზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შეწყდეს იმგვარი ქმედებები, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო მეტად დააზიანოს დანაშაულის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება“, – აცხადებს ორგანიზაცია.


17 მარტს, დიდ დიღომში რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ 12 წლის გოგო იმავე უბანში გარდაცვლილი იპოვეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი