ახალი ამბები

კობახიძის ბრძანებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი გაათავისუფლეს

15 აგვისტო, 2024 •
კობახიძის ბრძანებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი გაათავისუფლეს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი მამუკა ჯანგულაშვილი გაათავისუფლეს.

პრემიერ-მინისტრის ბრძანება ჯანგულაშვილის გათავისუფლების შესახებ 14 აგვისტოთი თარიღდება.

დღეს, 15 აგვისტოს, კობახიძე ბიუროს ახალ ხელმძღვანელსაც შეხვდა. ამ პოზიციაზე გიორგი თვაური დანიშნეს, რომელიც აქამდეც ხელმძღვანელობდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2013-2019 წლებში.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის — ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდეს მამუკა ჯანგულაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის — ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან“, — წერია კობახიძის ბრძანებაში ჯანგულაშვილის გათავისუფლების შესახებ.

ჯანგულაშვილის გათავისუფლების მიზეზი ცნობილი არ არის. ის ბიუროს ხელმძღვანელად 2021 წლის მარტში, ორიოდე კვირაში დაინიშნა მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი მეორედ დაიკავა.

გიორგი თვაური ამ დრომდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორი იყო.

„გიორგი თვაური ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციას 2012-2019 წლებშიც იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს დირექტორი; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი“, — წერია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი