ახალი ამბები

პროკურატურა ითხოვს გაირკვეს, იყო თუ არა შერაცხადი კესარიას მკვლელობაში ბრალდებული

3 ოქტომბერი, 2024 •
პროკურატურა ითხოვს გაირკვეს, იყო თუ არა შერაცხადი კესარიას მკვლელობაში ბრალდებული

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდება. ამ მოთხოვნით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

ჯაიანი გარკვეულ დროს გაატარებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროს სტაციონარში.

“გამომძიებლის მიერ დანიშნულ იქნა სასამართლოს სტაციონარული ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, დასადგენად იმისა, რომ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს რამდენად შერაცხად მდგომაროებაში იმყოფებოდა და იმყოფებოდა თუ არა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ბრალდებული. აქედან გამომდინარე, სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა შუამდგომლობით. შუამდგომლობა იყო დასაბუთებული და სასამართლომ დააკმაყოფილა”, – განაცხადა პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ.

ამ გადაწყვეტილებას ეთანხმება დაცვის მხარეც. ჯაიანის ადვოკატის, სალომე არდოტელის ინფორმაციით, ბრალდებული 7 ნოემბერს, წინასასამართლო სხდომაზე დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას. მოგეხსენებათ, ბექა ჯაიანს აქამდე სასამართლოსთვის სიტყვით არ მიუმართავს. ადვოკატი ამას იმით ხსნის, რომ საქმის მასალების გასაცნობად დრო სჭირდებოდა.

“[ბექა ჯაიანი] დუმილის უფლებას იყენებდა პირველ ეტაპზე იმიტომ, რომ დაცვის მხარე გასცნობოდა საქმის მასალებს. გამომდინარე იქიდან, რომ საქმის მასალებს უკვე გავეცანი და წინასასამართლო სხდომა ჩანიშნულია 7 ნოემბერს, სწორედ აღნიშნულ სხდომაზე დააფიქსირებს დაცვის მხარე პოზიციას და თავისთავად, ბექა ჯაიანიც”, – განაცხადა სალომე არდოტელმა.

18 სექტემბერს საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე.პოლიციამ მეორე დღესვე დააკავა 26 წლის ბექა ჯაიანი, რომელსაც ბრალდება გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კესარია აბრამიძის მკვლელობის წინა დღეს, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს. სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით, “ქართული ოცნების” კანონპროექტის მიზანი “წინასაარჩევნოდ საზოგადოების მანიპულაცია, რეალური პრობლემების გადაფარვა, ირაციონალური შიშის გაღვივება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი ბარიერის შექმნაა”.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი