ახალი ამბები

ჯინინში ისრაელის ოპერაცია დასრულდა: რა ვიცით

5 ივლისი, 2023 •
ჯინინში ისრაელის ოპერაცია დასრულდა: რა ვიცით

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე პალესტინურ ქალაქ ჯინინში ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაასრულა. უკანასკნელ 20 წელიწადში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოპერაციისას 12 პალესტინელი დაიღუპა. მოგვიანებით ცნობილი გახდა 1 ისრაელელი სამხედროს დაღუპვის შესახებაც.

ოპერაციის დასრულების შემდეგ პალესტინური შეიარაღებული ორგანიზაციების მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლეს. ისრაელის ცნობით, საპასუხოდ მისმა თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს იარაღის მიწისქვეშა საწარმოზე ღაზაში.

ქალაქ ჯინინში და იქ განთავსებულ ლტოლვილთა ბანაკში ისრაელმა ოპერაცია 3 ივლისს საჰაერო დარტყმებით დაიწყო. ამის შემდეგ ასეულობით ისრაელელი სამხედრო, ტექნიკის თანხლებით, ქალაქში შევიდა, რასაც მოჰყვა წინააღმდეგობა და ქუჩის ბრძოლები პალესტინელ შეიარაღებულებთან.

ჯინინი ისრაელის ოპერაციის შემდეგ. 05.07.23 ფოტო: EPA 

ისრაელი აცხადებდა, რომ პროცესის მიზანი იყო ჯინინის ბანაკში განთავსებული იარაღისა და იმ ინფრასტრუქტურის განადგურება, რომელსაც ადგილზე მოქმედი შეიარაღებული ჯგუფები იყენებენ. არმიის ცნობით, აღმოაჩინეს მიწისქვეშა სათავსოები ასაფეთქებელი ნივთიერებების შესანახად, ასევე ამოიღეს 1 000 ერთეული იარაღი და დააკავეს 30 ეჭვმიტანილი.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო 12 პალესტინელის დაღუპვაზე იუწყება, ისრაელის არმია კი — 1 ისრაელელი სამხედროს დაღუპვაზე. ამასთან, ექიმების ცნობით, დაშავდა ათეულობით ადამიანი, რომელთა შორის სამოქალაქო პირებიც არიან.

პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციაში, რომელსაც შეზღუდული უფლებამოსილება აქვს ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, პროცესი შეაფასეს, როგორც “ომის ახალი დანაშაული დაუცველი ხალხის წინააღმდეგ” და “ღია ომი ჯინინის მოსახლეობის წინააღმდეგ”.

გრაფიკა: BBC 

ადმინისტრაციის ჯანდაცვის მინისტრმა მაი ალ-კაილამ ისრაელელი სამხედროები დაადანაშაულა ჯინინის საავადმყოფოს ეზოში მყოფ პალესტინელთა მისამართით ცეცხლის გახსნაში.

“ისრაელის აგრესიამ კულმინაციას მიაღწია დღეს შუადღისას, როდესაც მოქალაქეებს ესროლეს პირდაპირ ჯინინის საავადმყოფოს ეზოში და დაჭრეს სამი, მათგან ორი — მძიმედ”, — უთხრა მინისტრმა ჟურნალისტებს სამშაბათს.

თავის მხრივ, ისრაელის არმიაში თქვეს, რომ ხსენებულ ცნობებზე ინფორმაცია არ აქვთ უსაფრთხოების ძალებს  და “ტერორისტული ორგანიზაციები ხშირად სამალავებად იყენებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას”.

ჯინინი ისრაელის ოპერაციის შემდეგ. 05.07.23 ფოტო: EPA 

ოპერაციის დასრულების შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ჯინინში ისრაელის “ფართო აქტივობა” ერთჯერადი ოპერაციით არ შემოიფარგლება. მან “ტერორიზმის ამოძირკვის” პირობა დადო.

სამშაბათს, როცა ოპერაცია ჯერაც მიმდინარეობდა, ისრაელის ქალაქ თელ ავივში ფეხით მოსიარულე მოქალაქეთა შორის ავტომანქანა შევარდა. შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა. პალესტინურმა შეიარაღებულმა ორგანიზაცია “ჰამასმა”, რომელიც ღაზის სექტორში მოქმედებს, განაცხადა, რომ თელ ავივის “გმირული” თავდასხმა იყო “ბუნებრივი პასუხი” ისრაელის ოპერაციაზე.

ჯინინის ლტოლვილთა ბანაკს, რომლის მობინადრენიც ისედაც აწყდებიან ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პრობლემებს, სამხედრო ოპერაციის შედეგად დამატებითი ინფრასტრუქტურული ზიანი მიადგა.  გაეროს ცნობით, მნიშვნელოვნად დაზიანდა წყლისა და ელექტროენერგიის სისტემები.

ჯინინში 5 ივლისის დილიდან მიმდინარეობს ოპერაციისას დაღუპულთა პანაშვიდები. პარალელურად, ადგილობრივები ქუჩებს ნანგრევებისგან წმენდენ.

რას წარმოადგენს ჯინინის ბანაკი

დასავლეთ სანაპიროზე, ჯინინის მუნიციპალიტეტში მდებარე ლტოლვილთა ბანაკი გასული საუკუნის 50-იან წლებში გაჩნდა და იქ ის პალესტინელები დასახლდნენ, რომლებიც 1948 წლის ომის დროს იძულებით გადაადგილდნენ. სწორედ იმ წელს დაფუძნდა ისრაელის სახელმწიფო.

ჯინინის ბანაკში მრავალი ნაგებობა დაინგრა და დაზიანდა 2002 წელსაც, ე.წ. მეორე ინთიფადას (პალესტინელთა აჯანყება ისრაელის წინააღმდეგ 2000-2005 წლებში) დროს. მაშინ, ე.წ. ჯინინის ბრძოლისას, დაიღუპა 52 პალესტინელი (როგორც მებრძოლები, ისე სამოქალაქო პირები) და 23 ისრაელელი ჯარისკაცი.

ისრაელის მაშინდელ ოპერაციას წინ უძღოდა პალესტინელთა მიერ თავის აფეთქებები და სხვა სახის თავდასხმები ისრაელში. თავდამსხმელთა შორის არაერთი იყო ჯინინიდან.

ბანაკი დღესაც მიიჩნევა პალესტინელი მებრძოლების ერთ-ერთ დასაყრდენად.

გაეროს თანახმად, ამჟამად ბანაკში 24 000 ადამიანი ცხოვრობს. ამ რაოდენობის ადამიანები სულ რაღაც 0.42 კვ.კმ ტერიტორიაზე ნაწილდებიან.

პალესტინელი კაცი ფეხით იცილებს ისრაელელი სამხედროების მიერ ნასროლ ცრემლსადენი გაზის კაფსულას. 04.07.23 ფოტო: EPA

მზარდი დაძაბულობა დასავლეთ სანაპიროზე

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც ისრაელის მიერაა ოკუპირებული, უკანასკნელ თვეებში დაძაბულობამ იმატა.

ივნისში ისრაელის მიერ ჯინინში ჩატარებული ოპერაციისას 7 პალესტინელი მოკლეს. მეორე დღეს “ჰამასის” ორმა მებრძოლმა” 4 ისრაელელი მოკლა ისრაელურ ახალშენში, სახელწოდებით ელი, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე, ჯინინიდან 40 კმ-ში მდებარეობს.

მოგვიანებით, პალესტინელი კაცი ემსხვერპლა ისრაელელი მოახალშენეების თავდასხმას ელისთან ახლოს მდებარე ქალაქ ტურმუსაიაში, რომლის დროსაც, BBC-ის მიხედვით, მანქანები და სახლები დაწვეს.

გასულ კვირას, ასევე დასავლეთ სანაპიროზე, 3 პალესტინელი ემსხვერპლა ისრაელის მიერ დრონით განხორციელებულ თავდასხმას. ისრაელმა თქვა, რომ მიზანში ამოიღეს “ტერორისტული უჯრედები საეჭვო ავტომობილში”.

ჯინინი ისრაელის ოპერაციის შემდეგ. 05.07.23 ფოტო: EPA 

რა ართულებს ვითარებას დასავლეთ სანაპიროზე?

ისრაელისა და პალესტინელების სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, 1993 წელს ოსლოს შეთანხმება შედგა.

ამ შეთანხმებით “არაბული ქვეყნების ლიგის” ძალისხმევით დაფუძნებულმა “პალესტინის განმათავისუფლებელმა ორგანიზაციამ”(PLO) აღიარა ისრაელის უფლება, ეარსება, როგორც სახელმწიფოს, იმ პირობით, თუ ისრაელის მხარე მას პალესტინელთა კანონიერ წარმომადგენლად აღიარებდა.

ასე შეიქმნა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია(PNA), როგორც დროებითი ორგანო, რომლის კონტროლიც, შეთანხმების ფარგლებში, ოკუპირებული ღაზისა და ოკუპირებული დასავლეთი სანაპიროს ნაწილზე უნდა გავრცელებულიყო. ადმინისტრაციას ჰყავს პრეზიდენტი, პარლამენტი და მთავრობა.

მიუხედავად ხსენებული შეთანხმებისა, რიგი სირთულეების გამო ის შორს ვერ წავიდა.

დასავლეთ სანაპიროს სრულფასოვნად ვერ აკონტროლებს პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია. ის ამ დრომდე აქვს ოკუპირებული ისრაელს, რომელიც ადგილზე ებრაელთა ახალშენებისა და სამხედრო ბლოკპოსტების მშენებლობას განაგრძობს, რასაც თან სდევს შეტაკებები ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის.

პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი 

ამასთან, ნათელია მრავალი პალესტინელის უკმაყოფილებაც პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მიმართ. არაერთი მიიჩნევს, რომ ესაა უუნარო და კორუმპირებული მმართველებით დაკომპლექტებული სტრუქტურა, რომელსაც ნაკლები სარგებელი მოაქვს ადგილობრივთათვის.

სხვადასხვა მონაცემებით, დასავლეთ სანაპიროზე — როგორც PNA-ს ლიმიტირებული თვითმმართველობის, ისე ისრაელის არმიის მმართველობის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე — 2.1 მილიონიდან 3 მილიონამდე პალესტინელი არაბი ცხოვრობს.

იქვე აგებულ ახალშენებში ცხოვრობს 430 000 ებრაელი. ამ მშენებლობებს პალესტინელები, საერთაშორისო საზოგადოების დიდ ნაწილთან ერთად, საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევენ, რასაც ისრაელი არ ეთანხმება.

ამას ემატება ბეტონის ბარიერი, რომელსაც ისრაელი დასავლეთ სანაპიროს გარშემო 2002 წლიდან აშენებს. ის მშენებლობის დასაწყისშივე ამბობდა, რომ ბარიერი იყო თავდაცვის გზა პალესტინელი შეიარაღებულების თავდასხმებისგან. თავის მხრივ, ადგილობრივი პალესტინელები მიწების მითვისებასა და ანექსიის მცდელობაზე საუბრობენ.

“ნეტგაზეთის” არქივიდან:

ისრაელ-პალესტინური კონფლიქტი: მოკლე გზამკვლევი

მასალების გადაბეჭდვის წესი