ახალი ამბები

ჯინინში ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება — თავდასხმა მოხდა თელ-ავივშიც

4 ივლისი, 2023 •
ჯინინში ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება — თავდასხმა მოხდა თელ-ავივშიც

ისრაელში, თელ-ავივში მომხდარი თავდასხმის შედეგად, რომელიც ფეხით მოსიარულეებზე მანქანით შეჯახებასა და დანით დაჭრას მოიცავდა, სულ მცირე, 7 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულს წინ უძღოდა ისრაელის მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყება დასავლეთ სანაპიროს პალესტინურ ქალაქში.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელი იყო. უწყების თანახმად, თავდასხმის დაწყების შემდეგ მას ერთ-ერთმა გამვლელმა ესროლა და მოკლა.

აწ უკვე მოკლული თავდამსხმელი 4 ივლისს პიკაპით შეეჯახა ხალხმრავალ ქუჩაზე ფეხით მოსიარულე მოქალაქეებს, შემდეგ კი ავტომობილიდან გადმოვიდა და ერთ-ერთ მათგანს კისერში დანა ჩაარტყა.

თავდასხმის ადგილი თელ ავივში. 04.07.23 ფოტო: EPA 

მომხდარს წინ უძღოდა სამხედრო ოპერაციის დაწყება დასავლეთ სანაპიროზე მდებარე პალესტინურ ქალაქ ჯინინში და იქვე არსებულ ლტოლვილთა ბანაკში. ოპერაცია უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია.

პროცესში, რომელიც 3 ივლისს საჰაერო დარტყმებით დაიწყო, ასეულობით ისრაელელი სამხედრო მონაწილეობს. მათ იქ შესვლას ქუჩის ბრძოლები მოჰყვა პალესტინელ შეიარაღებულებთან.

პალესტინურმა შეიარაღებულმა ორგანიზაცია “ჰამასმა”, რომელიც ღაზის სექტორში მოქმედებს, განაცხადა, რომ თელ ავივის “გმირული” თავდასხმა იყო “ბუნებრივი პასუხი” ისრაელის ოპერაციაზე.

ისრაელის სამხედრო ტექნიკა ქალაქ ჯინინში. 04.07.23 ფოტო: EPA 

ჯინინში მიმდინარე ოპერაციისას, რომელიც, ისრაელის ცნობით, თითქმის დასრულებულია, სულ მცირე, 10 პალესტინელი დაიღუპა, ათასობით ადამიანი კი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ლტოლვილთა ბანაკი.

ისრაელი აცხადებს, რომ პროცესის მიზანი “ჯინინში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციებთან” ბრძოლაა. ქვეყნის არმიაში ამბობენ, რომ გაანეიტრალეს ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომლებიც სამოქალაქო ობიექტებში იყო დამალული. ამასთან, 3 ივლისს განაცხადეს, რომ შეუტიეს სამეთაურო ცენტრს ლტოლვილთა ბანაკში, რომელსაც ადგილობრივი შეიარაღებულები იყენებდნენ.

თავის მხრივ, პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციაში, რომელსაც შეზღუდული უფლებამოსილება აქვს დასავლეთ სანაპიროზე, პროცესი შეაფასეს, როგორც “ომის ახალი დანაშაული დაუცველი ხალხის წინააღმდეგ”.

“პალესტინის წითელი ნახევარმთვარის” წარმომადგენლები ლტოლვილებს ჯინინის ბანაკის დატოვებაში ეხმარებიან. 04.07.23 ფოტო: EPA 

რას წარმოადგენს ჯინინის ბანაკი

დასავლეთ სანაპიროზე, ჯინინის მუნიციპალიტეტში მდებარე ლტოლვილთა ბანაკი 1953 წელს გაჩნდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თავდაპირველი ბანაკი ქარბუქმა გაანადგურა.

ჯინინის ბანაკში მრავალი ნაგებობა დაინგრა და დაზიანდა 2002 წელსაც, ე.წ. მეორე ინთიფადას (პალესტინელთა აჯანყება ისრაელის წინააღმდეგ 2000-2005 წლებში) დროს. მაშინ, ე.წ. ჯინინის ბრძოლისას, დაიღუპა 52 პალესტინელი (როგორც მებრძოლები, ისე სამოქალაქო პირები) და 23 ისრაელელი ჯარისკაცი.

ისრაელის მაშინდელ ოპერაციას წინ უძღოდა პალესტინელთა მიერ თავის აფეთქებები და სხვა სახის თავდასხმები ისრაელში. თავდასხმელთა შორის არაერთი იყო ჯინინიდან.

ბანაკი დღესაც მიიჩნევა პალესტინელი მებრძოლების ერთ-ერთ დასაყრდენად.

პალესტინელი კაცი ფეხით იცილებს ისრაელელი სამხედროების მიერ ნასროლ ცრემლსადენი გაზის კაფსულას. 04.07.23 ფოტო: EPA

მზარდი დაძაბულობა დასავლეთ სანაპიროზე

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც ისრაელის მიერაა ოკუპირებული, უკანასკნელ თვეებში დაძაბულობამ იმატა.

ივნისში ისრაელის მიერ ჯინინში ჩატარებული ოპერაციისას 7 პალესტინელი მოკლეს. მეორე დღეს “ჰამასის” ორმა მებრძოლმა” 4 ისრაელელი მოკლა ისრაელურ ახალშენში, სახელწოდებით ელი, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე, ჯინინიდან 40 კმ-ში მდებარეობს.

მოგვიანებით, პალესტინელი კაცი ემსხვერპლა ისრაელელი მოახალშენეების თავდასხმას ელისთან ახლოს მდებარე ქალაქ ტურმუსაიაში, რომლის დროსაც, BBC-ის მიხედვით, მანქანები და სახლები დაწვეს.

გასულ კვირას, ასევე დასავლეთ სანაპიროზე, 3 პალესტინელი ემსხვერპლა ისრაელის მიერ დრონით განხორციელებულ თავდასხმას. ისრაელმა თქვა, რომ მიზანში ამოიღეს “ტერორისტული უჯრედები საეჭვო ავტომობილში”.

რა ართულებს ვითარებას დასავლეთ სანაპიროზე?

ისრაელისა და პალესტინელების სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, 1993 წელს ოსლოს შეთანხმება შედგა.

ამ შეთანხმებით “არაბული ქვეყნების ლიგის” ძალისხმევით დაფუძნებულმა “პალესტინის განმათავისუფლებელმა ორგანიზაციამ”(PLO) აღიარა ისრაელის უფლება, ეარსება, როგორც სახელმწიფოს, იმ პირობით, თუ ისრაელის მხარე მას პალესტინელთა კანონიერ წარმომადგენლად აღიარებდა.

ასე შეიქმნა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია(PNA), როგორც დროებითი ორგანო, რომლის კონტროლიც, შეთანხმების ფარგლებში, ოკუპირებული ღაზისა და ოკუპირებული დასავლეთი სანაპიროს ნაწილზე უნდა გავრცელებულიყო. ადმინისტრაციას ჰყავს პრეზიდენტი, პარლამენტი და მთავრობა.

მიუხედავად ხსენებული შეთანხმებისა, რიგი სირთულეების გამო ის შორს ვერ წავიდა.

პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი 

დასავლეთ სანაპიროს სრულფასოვნად ვერ აკონტროლებს პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია. ის ამ დრომდე აქვს ოკუპირებული ისრაელს, რომელიც ადგილზე ებრაელთა ახალშენებისა და სამხედრო ბლოკპოსტების მშენებლობას განაგრძობს, რასაც თან სდევს შეტაკებები ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის.

სხვადასხვა მონაცემებით, დასავლეთ სანაპიროზე — როგორც PNA-ს ლიმიტირებული თვითმმართველობის, ისე ისრაელის არმიის მმართველობის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე — 2.1 მილიონიდან 3 მილიონამდე პალესტინელი არაბი ცხოვრობს.

იქვე აგებულ ახალშენებში ცხოვრობს 430 000 ებრაელი. ამ მშენებლობებს პალესტინელები, საერთაშორისო საზოგადოების დიდ ნაწილთან ერთად, საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევენ, რასაც ისრაელი არ ეთანხმება.

ამას ემატება ბეტონის ბარიერი, რომელსაც ისრაელი დასავლეთ სანაპიროს გარშემო 2002 წლიდან აშენებს. ის მშენებლობის დასაწყისშივე ამბობდა, რომ ბარიერი იყო თავდაცვის გზა პალესტინელი შეიარაღებულების თავდასხმებისგან. თავის მხრივ, ადგილობრივი პალესტინელები მიწების მითვისებასა და ანექსიის მცდელობაზე საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი