მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინურ ქალაქ ჯინინში, ისრაელი მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას ატარებს. პალესტინის ჯანდაცვის უწყების ცნობით, პროცესის შედეგად, რომელსაც ისრაელი “კონტრტერორისტულ ძალისხმევად” აღწერს, სულ მცირე, 8 პალესტინელი დაიღუპა, 50 კი დაშავდა.
ისრაელმა ოპერაცია კვირას, შუაღამისას დაიწყო. The Guardian-ის თანახმად, შენობებზე, სულ მცირე, 10 დარტყმა განხორციელდა დრონების გამოყენებით, ისრაელელი ჯარისკაცები კი, რომელთა რაოდენობაც 1 000-დან 2 000-მდე უნდა მერყეობდეს, ბულდოზერების თანხლებით შევიდნენ ქალაქში და იქ განთავსებულ ლტოლვილთა ბანაკში.
აღნიშნულის შემდეგ ჯინინის ქუჩებში ბრძოლები მიმდინარეობს. ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ოპერაციის განრიგი განსაზღვრული არ არის, თუმცა წყაროები ისრაელის მედიას ეუბნებიან, რომ პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე დღე გაგრძელდეს.
ჯინინის ლტოლვილთა ბანაკის შესასვლელი. 03.07.23 ფოტო: EPA
ისრაელის სამხედრო ტექნიკა ჯინინში. 03.07.23 ფოტო: EPA
ისრაელი ამბობს, რომ “მძიმე დარტყმა” მიაყენა “ჯინინში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციებს” და შეუტია სამეთაურო ცენტრს ჯინინის ლტოლვილთა ბანაკში, რომელსაც ადგილობრივი შეიარაღებულები იყენებდნენ. ისრაელის არმიის სიტყვებით, ღამის განმავლობაში 7 “ტერორისტი” “გაანეიტრალეს”.
თავის მხრივ, პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის პრესსამსახურში პროცესს აფასებენ, როგორც “ომის ახალ დანაშაულს დაუცველი ხალხის წინააღმდეგ”; პალესტინური შეიარაღებული ორგანიზაცია “ჰამასი” კი, რომელიც ღაზის სექტორში მოქმედებს, დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ ახალგაზრდა კაცებს მოუწოდებს, შეუერთდნენ ბრძოლას.
საერთაშორისო მედიაში განსაკუთრებით უსვამენ ხაზს მიმდინარე ოპერაციის მასშტაბს. კატარული “ალ-ჯაზირა” და ამერიკული CNN წერენ, რომ ესაა ისრაელის ყველაზე ფართომასშტაბიანი ოპერაცია ჯინინში 2002 წლის შემდეგ.
მაშინ, 2002 წელს, ე.წ. მეორე ინტიფადას (პალესტინელთა ბრძოლა აჯანყების წინააღმდეგ) დროს, ჯინინში ისრელის სრულმასშტაბიანი შეჭრისას, სულ მცირე, 52 პალესტინელი შეიარაღებული და სამოქალაქო პირი, ასევე, 23 ისრაელელი სამხედრო დაიღუპა.
ისრაელის არმიის ბულდოზერი და ჯავშანმანქანა ჯინინში. 03.07.23 ფოტო: EPA
პალესტინელი მებრძოლები ჯინინში. 03.07.23 ფოტო: EPA
“ის, რაც ლტოლვილთა ბანაკში ხდება, ნამდვილი ომია”, — ეუბნება სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი, პალესტინელი ხალიდ ალ-აჰმადი Reuters-ის, მიმდინარე ოპერაციის შეფასებისას.
“ჰაერიდან იყო დარტყმები ბანაკზე. ყოველ ჯერზე დაახლოებით ხუთიდან შვიდამდე სასწრაფო დახმარების მანქანა შეგვყავს და დაჭრილი ხალხით სავსე გამოგვყავს უკან”, — ამატებს მძღოლი.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ოპერაციის დროს მოკლულთაგან 5 არასრულწლოვანი იყო. ჯინინში დაღუპული 8 პირის გარდა, უწყებაში საუბრობენ მეცხრე დაღუპულზეც, რომელიც ისრაელის ძალებმა მოკლეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე კიდევ ერთი ქალაქის, ალ-ბირას შესასვლელთან. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამ ინციდენტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
კვამლი ჯინინის თავზე, ისრაელის სამხედრო ოპერაციისას. 03.07.23 ფოტო: EPA
მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც ისრაელის მიერაა ოკუპირებული, უკანასკნელ თვეებში დაძაბულობამ იმატა.
ივნისში ისრაელის მიერ ჯინინში ჩატარებული ოპერაციისას 7 პალესტინელი მოკლეს. მეორე დღეს “ჰამასის” ორმა მებრძოლმა” 4 ისრაელელი მოკლა ისრაელურ ახალშენში, სახელწოდებით ელი, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე, ჯინინიდან 40 კმ-ში მდებარეობს.
მოგვიანებით, პალესტინელი კაცი ემსხვერპლა ისრაელელი მოახალშენეების თავდასხმას ელისთან ახლოს მდებარე ქალაქ ტურმუსაიაში, რომლის დროსაც, BBC-ის მიხედვით, მანქანები და სახლები დაწვეს.
გასულ კვირას, ასევე დასავლეთ სანაპიროზე, 3 პალესტინელი ემსხვერპლა ისრაელის მიერ დრონით განხორციელებულ თავდასხმას. ისრაელმა თქვა, რომ მიზანში ამოიღეს “ტერორისტული უჯრედები საეჭვო ავტომობილში”.
რა ართულებს ვითარებას დასავლეთ სანაპიროზე?
ისრაელისა და პალესტინელების სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, 1993 წელს ოსლოს შეთანხმება შედგა.
ამ შეთანხმებით “არაბული ქვეყნების ლიგის” ძალისხმევით დაფუძნებულმა “პალესტინის განმათავისუფლებელმა ორგანიზაციამ”(PLO) აღიარა ისრაელის უფლება, ეარსება, როგორც სახელმწიფოს, იმ პირობით, თუ ისრაელის მხარე მას პალესტინელთა კანონიერ წარმომადგენლად აღიარებდა.
ასე შეიქმნა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია(PNA), როგორც დროებითი ორგანო, რომლის კონტროლიც, შეთანხმების ფარგლებში, ოკუპირებული ღაზისა და ოკუპირებული დასავლეთი სანაპიროს ნაწილზე უნდა გავრცელებულიყო. ადმინისტრაციას ჰყავს პრეზიდენტი, პარლამენტი და მთავრობა.
მიუხედავად ხსენებული შეთანხმებისა, რიგი სირთულეების გამო ის შორს ვერ წავიდა.
პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი
დასავლეთ სანაპიროს სრულფასოვნად ვერ აკონტროლებს პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია. ის ამ დრომდე აქვს ოკუპირებული ისრაელს, რომელიც ადგილზე ებრაელთა ახალშენებისა და სამხედრო ბლოკპოსტების მშენებლობას განაგრძობს, რასაც თან სდევს შეტაკებები ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის.
სხვადასხვა მონაცემებით, დასავლეთ სანაპიროზე — როგორც PNA-ს ლიმიტირებული თვითმმართველობის, ისე ისრაელის არმიის მმართველობის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე — 2.1 მილიონიდან 3 მილიონამდე პალესტინელი არაბი ცხოვრობს.
იქვე აგებულ ახალშენებში ცხოვრობს 430 000 ებრაელი. ამ მშენებლობებს პალესტინელები, საერთაშორისო საზოგადოების დიდ ნაწილთან ერთად, საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევენ, რასაც ისრაელი არ ეთანხმება.
ამას ემატება ბეტონის ბარიერი, რომელსაც ისრაელი დასავლეთ სანაპიროს გარშემო 2002 წლიდან აშენებს. ის მშენებლობის დასაწყისშივე ამბობდა, რომ ბარიერი იყო თავდაცვის გზა პალესტინელი შეიარაღებულების თავდასხმებისგან. თავის მხრივ, ადგილობრივი პალესტინელები მიწების მითვისებასა და ანექსიის მცდელობაზე საუბრობენ.