დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი საუდის არაბეთისკენ გადამისამართდა მას შემდეგ, რაც თვითმფრინავმა განგაშის სიგნალები გადასცა.

ისრაელის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მიზეზი პილოტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო და არა თვითმფრინავის გატაცება, როგორც თავიდან ეგონათ.

FlyDubai-ის რეისმა, რომელსაც 150-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა, იორდანიის საჰაერო სივრცის თავზე საუდის არაბეთის მიმართულებით გადაუხვია. თავდაპირველად მან საერთო საგანგებო სიგნალი გადასცა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი კიდევ ერთი საგანგებო სიგნალი. თვითმფრინავმა შემდეგ კვლავ გადასცა საერთო საგანგებო სიგნალი, რის შემდეგაც საუდის არაბეთის ჩრდილო-დასავლეთში, ტაბუკის აეროპორტში დაეშვა.

პილოტებმა საგანგებო სიგნალები მას შემდეგ გადასცეს, რაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ეს განზრახ გააკეთეს თუ უსაფრთხოების სისტემა გააქტიურდა.

ისრაელი მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ განგაშის სიგნალის საპასუხოდ, ისრაელმა საბრძოლო თვითმფრინავები მზადყოფნაში მოიყვანა, რადგან არსებობდა შიში, რომ თვითმფრინავი, რომელსაც ათობით ისრაელის მოქალაქე გადაჰყავდა, შეიძლებოდა გატაცებული ყოფილიყო.