ისრაელის პრეზიდენტი აპირებს დააჯილდოოს ქართველ-ებრაელი ექიმი, რომელმაც ისრაელური პრესის ცნობით, flydubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტისას გამოიჩინა თავი.
საუბარია შოთა მუსაევზე დანტისტზე, რომელმაც თვითმფრინავის დაჭრილ პილოტს უმკურნალა.
სტომატოლოგმა მედიას მოუყვა, რომ ის ერთ-ერთი იმ მგზავრთაგანი იყო, ვინც პილოტების კაბინისკენ გაიქცა, როდესაც მიხვდა, რომ თვითმფრინავში რაღაც რიგზე ვერ იყო.
„როდესაც ყვირილი გავიგონე, 10 წამში გავიქეცი, არ დავლოდებივარ,“ – უთხრა მუსაევმა The Times of Israel-ს თელ-ავივში, ბენ-გურიონის აეროპორტში ჩასვლის შემდეგ. „როდესაც კაბინაში შევედი, პილოტი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, განსაკუთრებით თავის არეში.“
„თვითმფრინავში ერთადერთი ექიმი ვიყავი და საბოლოოდ მოვახერხე სისხლდენის შეჩერება და მისი წნევის დასტაბილურება,“ – ამბობს ის.
მუსაევი, რომელიც ჩინეთიდან ბრუნდებოდა ისრაელში, ამბობს, რომ მან გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა მძიმედ დაჭრილ 39 წლის ინდოელ პილოტს, რამაც, მისი აზრით, პილოტის სიცოცხლე გადაარჩინა.
„ეს იყო ძალიან რთული წუთები, თუმცა თვითმფრინავში მყოფ რამდენიმე მამაც ადამიანთან ერთად, ჩვენ მოვახერხეთ თავიდან აგვეცილებინა ვითარება, რომელიც კატასტროფასთან ძალიან ახლოს იყო,“ – იხსენებს ის.
„ახლა უბრალოდ სახლში წასვლა და ჩემი შვილების ჩახუტება მინდა.“
ექიმთან ინტერვიუ გამოაქვეყნა CNN-მაც. ის ამბობს, რომ მონაწილეობა მიიღო ტერორისტის შეკავებაშიც.
“ჩვენ ასევე დავაბით ტერორისტი. მას საერთოდ არ უყვირია. უბრალოდ წყნარად დაჯდა და დაგვემორჩილა. ჩვენ გამოვიყენეთ ყურსასმენების სადენი, მოგვიანებით კი პლასტმასის შესაკრავები (ე.წ. ხამუტები) მოგვიტანეს, რომლებიც ასევე გამოვიყენეთ. ჩვენ სრულად ვიყავით ჩართული მის დამორჩილებასა და შებოჭვაში. ამავდროულად, მე პილოტს ვეხმარებოდი.
იქ ყველა გმირულად იქცეოდა. მთელი თვითმფრინავი, ბავშვების ჩათვლით. ყველა, აბსოლუტურად ყველა. ეს მხოლოდ მე ან იანივი არ ვიყავით. ყველა ერთმანეთს უჭერდა მხარს. ქალები ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ეს წარმოუდგენელი იყო.
მხოლოდ ახლა ვაცნობიერებთ, თუ რა გადავიტანეთ. ჩვენ უზარმაზარი სიმაღლე დავკარგეთ სულ რაღაც ნახევარ წუთში. ეკრანზე დავინახეთ, რომ 16 000 ფუტით (დაახლ. 4800 მეტრი) დავეშვით. ახლა გვესმის, რომ ეს კიდევ ხუთი ან ექვსი წამი რომ გაგრძელებულიყო, თვითმფრინავის სტაბილიზაციის არანაირი შანსი აღარ იარსებებდა.
საშინელებაა, როდესაც ადამიანები თავს იკლავენ და სხვებსაც ართმევენ სიცოცხლეს. ბავშვებს, ქალებს. ადამიანებს, რომლებსაც ამ ყველაფერთან საერთო არაფერი აქვთ. ეს მართლაც ტრაგიკულია. გული მიკვდება.”
ისრაელი პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი აცხადებს, რომ გუშინდელი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფი ოთხი ისრაელელის სამოქალაქო გმირობისთვის საპრეზიდენტო ჯილდოზე წარდგენას გეგმავს.
ოთხ მამაკაცს შორის, რომლებსაც ის ჯილდოზე წარადგენს, არიან იანივ ჰაიუნი, ცვიკა მანესი და ასაფ რაჯუანი, რომლებიც პილოტების კაბინაში შევიდნენ და მეორე პილოტი მას შემდეგ გააუვნებელყვეს, რაც მან კაპიტანი სმიტ მაჩჩჰარი ისრაელის მედიის თანახმად, დანით დაჭრა. პრეზიდენტი ჯილდოზე ასევე წარადგენს ექიმ შოთა მუსაევს იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარებისთვის, რომელიც მან მძიმედ დაშავებულ მაჩჩჰარს აღმოუჩინა.
“ჰაიუნი, მანესი და რაჯუანი „დასახმარებლად გაიქცნენ, კაბინაში შევიდნენ და თავდამსხმელს მოერივნენ, რითაც საკუთარი სიცოცხლე რეალურ საფრთხეში ჩაიგდეს, ამ დროს კი ჰაიუნმა თვითმფრინავის მართვა დაასტაბილურა,“ – აცხადებს ჰერცოგი. „მას შემდეგ, რაც თავდამსხმელი გააუვნებელყვეს, ექიმმა მუსაევმა მძიმედ დაჭრილ პილოტს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა და დაეხმარა მისი მდგომარეობის დასტაბილურებაში, სანამ თვითმფრინავი საუდის არაბეთში საგანგებო დაშვებას განახორციელებდა.“
„მგზავრებისა და ეკიპაჟის სწრაფმა მოქმედებამ დიდი კატასტროფა აგვაცილა თავიდან,“ – აღნიშნავს ის.
მისი თქმით, ის ესაუბრა ოთხივე კაცს და „გამოხატა ღრმა მადლიერება იმ საზრიანობის, სიმამაცისა და პასუხისმგებლობის გამო, რაც მათ უკიდურესი საფრთხის წუთებში გამოიჩინეს.“
ისრაელის პრეზიდენტი ასევე აქებს მანესის მეუღლეს, ტალის, რომელმაც მისი თქმით, პირველმა ატეხა განგაში პილოტების კაბინაში მომხდარი არეულობის შესახებ, და მადლობას უხდის მაჩჩჰარს, „რომლის მიზანდასახულობამ და მოქმედებებმა შესაძლებელი გახადა თავდამსხმელის შეკავება და მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.“
სამოქალაქო გმირობისთვის საპრეზიდენტო ჯილდო შედარებით ახალია, იგი ჰერცოგმა 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში დააარსა. ეს არის ისრაელის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო გმირობისთვის.
რა მოხდა რეისზე?
Flydubai-ს თვითმფრინავი (Boeing 737 MAX 8) ასრულებდა ფრენას დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით, რა დროსაც ისრაელის განცხადებით, ტერორისტული აქტის მცდელობას ჰქონდა ადგილი, რომელიც მგზავრებმა და ეკიპაჟმა აღკვეთეს. კერძოდ, ფრენის დროს, მეორე პილოტმა (რომელიც წარმოშობით ომანიდან იყო) დანით მძიმე ჭრილობები მიაყენა ხომალდის მთავარ კაპიტანს, ინდოელ სმიტ მაჩჰარის. თავდამსხმელმა სცადა თვითმფრინავის ჩამოგდება, რის გამოც ბოინგმა უეცრად დაკარგა დაახლოებით 5000 მეტრის სიმაღლე. ამავე ცნობების მიხედვით, მიუხედავად უმძიმესი ჭრილობებისა, კაპიტანმა მაჩჰარიმ მოახერხა პილოტების კაბინის კარის გაღება. მგზავრები და ეკიპაჟის წევრები კაბინაში შეიჭრნენ, თავდამსხმელი ყურსასმენების სადენებითა და პლასტმასის შესაკრავებით (ე.წ. ხამუტებით) შებოჭეს. ბორტზე მყოფმა სხვა, არასამუშაო ცვლაში მყოფმა პილოტებმა, რომლებიც მგზავრების სტატუსით იმყოფებოდნენ თვითმფრინავში, შეძლეს მისი დასტაბილურება და საუდის არაბეთში, ქალაქ ტაბუკში ავარიულად, მაგრამ უსაფრთხოდ დასვეს.
BBC გამოაქვეყნა აუდიო-ვიდეო მასალები და ინტერვიუ, სადაც მგზავრი იანივ ჰაიუნი ყვება, თუ როგორ გაანეიტრალეს ტერორისტი და როგორ გამოიყენა მან სერიალ “Mayday”-ში (საავიაციო კატასტროფებზე) ნანახი ცოდნა, რათა შტურვალი აეწია და თვითმფრინავის მიწისაკენ ვარდნა შეეჩერებინა. ბრიტანული მაუწყებლის თანახმად, ამის შემდეგ, კრიტიკულ მომენტში ხომალდის მართვა მგზავრებს შორის მყოფმა ევროპელმა (მათ შორის ბრიტანელმა) პილოტებმა გადაიბარეს.
The Guardian-ის ცნობით, მომხდარს გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც მომხდარს განიხილავს როგორც „ტერორისტულ თავდასხმას“. ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, დგას თუ არა ამის უკან კონკრეტული “ტერორისტული სახელმწიფო”, თუმცა განზრახვა ცალსახად თვითმფრინავის განადგურება იყო.
ინციდენტს ასევე გამოეხმაურა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი, რომელმაც კაპიტან მაჩჰარის “ნამდვილი გმირი” უწოდა, რადგან მან სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფმა შეძლო მგზავრებისთვის კარის გაღება.
გამოძიების მიმდინარეობის ფონზე, ავიაკომპანია Flydubai-მ დროებით შეაჩერა ყველა ფრენა ისრაელის მიმართულებით.
