თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ გადაწყვეტილებებს ემოციებით არ იღებს და ყველაფერს გააკეთებს ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის ურთიერთობების შესანარჩუნებლად.
მან გულდასაწყვეტი უწოდა უკრაინის გადაწყვეტილებას, დაატოვებინოს ქვეყანა საქართველოს ელჩს.
„ზოგადად, მეგობრობა, როგორც სიყვარული, ურთიერთობები, ორმხრივი არსებობს. ცალმხრივი არაფერი ვარგა. გულდასაწყვეტია აღნიშნული გადაწყვეტილება. თუმცა, თუ გადავხედავთ ისტორიას, ისტორიულად ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის მეგობრები იყვნენ, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იდგნენ. ამ ურთიერთობას ვერ შეცვლის ვერც ერთი პოლიტიკოსი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები არსებობდეს“, — განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, რასაც სააკაშვილი ცდილობდა, იყო ჩვეულებრივი პიარ კამპანია საქართველოს წინააღმდეგ.
„ეს იყო მცდელობა, რომ მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, თითქოს საქართველოში პატიმრის უფლებები ირღვეოდა. ეს ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფებოდა და ეს კეთდებოდა მიზანმიმართულად. ეს იყო პიარ სტრატეგიის ნაწილი. მიიღოს შესაბამისი კალორიები და იკვებოს ჩვეულებრივ“, — განაცხადა კალაძემ.
მან ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილი სასჯელს იხდის კლინიკაში და გააჩნია მკურნალობის შესაძლებლობა, „თუ მართლა რამე აქვს“. კალაძის თქმით, სააკაშვილის დაავადებებზე, ასევე, მისი მოწამვლის შესახებ ინფორმაცია აღმოჩნდა ტყუილი და პიარ სტრატეგიის ნაწილი.
„გამოვიდნენ ახლა ეს ადამიანები და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას იმ სიცრუისთვის, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა“, — დასძინა კალაძემ.
3 ივლისს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო. მანამდე, დიდი ხნის განმავლობაში, ის საზოგადოებას არ უნახავს. სწორედ სააკაშვილის გამოჩენას მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ კრემლი „საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს სააკაშვილს“. უკრაინის პრეზიდენტმა გასცა განკარგულება საქართველოს ელჩის საგარეო უწყებაში დაბარებისა და 48 საათის განმავლობაში თბილისში კონსულტაციებზე დაბრუნების შეთავაზების შესახებ.
უკრაინული მედია წერს, რომ კიევის მიერ არჩეული პროცედურა არ არის დამახასიათებელი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. სახელმწიფოს შეუძლია კონსულტაციებისთვის გაიწვიოს საკუთარი ელჩი, მაგრამ არა ის, რომ სხვა სახელმწიფოს ელჩი გააძევოს პერსონა ნონ გრატად გამოცხადების ან აკრედიტაციის ჩამორთმევის გზით.
„თუმცა ზელენსკიმ გადაწყვიტა, არ გადაედგა ეს მძიმე ნაბიჯი და შესთავაზა პროცედურა, რომელსაც არ აქვს მკაფიო სახელი და წესები“, — წერს „ევროპეისკა პრავდა“.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის 3 ივლისის გადაწყვეტილებას უკრაინაში საქართველოს ელჩთან დაკავშირებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, დაატოვებინოს საქართველოს ელჩს ქვეყნის ტერიტორია კონსულტაციის მიზნით.
ამავდროულად, თბილისი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე თავს შეიკავებს საპასუხო ქმედებისგან.
„ერთი ნაბიჯი პერსონა ნონ გრატად გამოცხადებამდე“ — გიგიაძე ზელენსკის გადაწყვეტილებაზე
სააკაშვილის გამო ზელენსკი საქართველოს ელჩს თბილისში აგზავნის





