ახალი ამბები

„მერე გამიჯვნა არ უშველის“ – ნაცვლიშვილი პრემიერს „ძალადობის წაქეზებისთვის“ აკრიტიკებს

30 ივნისი, 2023 • 1502
„მერე გამიჯვნა არ უშველის“ – ნაცვლიშვილი პრემიერს „ძალადობის წაქეზებისთვის“ აკრიტიკებს

დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი [„ლელო“] აკრიტიკებს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში „ლგბტ-პროპაგანდაზე“ ჰომოფობიური განცხადებებისთვის და კითხულობს, ესმის თუ არა პრემიერს, რომ მისი სიტყვები ადამიანებს შეუქმნის საფრთხეს.

„აცნობიერებთ, რომ [ზიზღის] კორიანტელი, რომელიც დღეს დააყენეთ, კონკრეტულ ადამიანებს და ჯგუფებს შეუქმნის საფრთხეს? როგორც ჩანს, არ გეყოთ, რომ თქვენ იყავით მწვანე შუქის ანმთები, ლექსო ლაშქარავას სიკვდილამდე ცემის წამქეზებელი. ახლა ახალი სისხლი გინდათ. როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებთ, რომ თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა ყველა ძალადობაზე, რომელიც ადამიანებს შეიძლება თავს დაატყდეთ. მერე გამიჯვნა ამას არ უშველის“, – უთხრა ნაცვლიშვილმა მთავრობის თავმჯდომარეს.

პარლამენტში გამოსვლისას ღარიბაშვილმა კვლავ გააკეთა ჰომოფობიური განცხადებები „ლგბტ-პროპაგანდაზე“ და მისი „კანონით დარეგულირებაც“ არ გამორიცხა.


“ქართულმა ოცნებამ” დასავლეთში არსებულ “ლგბტ პროპაგანდაზე” რიტორიკა განსაკუთრებით მას შემდეგ გაააქტიურა, რაც დასავლეთის ქვეყნების მხრიდან გაიზარდა ხელისუფლების კრიტიკა საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და უკრაინაში ომზე ოფიციალური თბილისის პოზიციონირების გამო.

“ქართული ოცნება” წარსულში ხშირად ამაყობდა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით და უვიზო მიმოსვლის შეთანხმებით, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული კანონიც მიიღეს. ახლა კი მმართველი პარტიიდან მოსახლეობას ეუბნებიან, რომ თითქოს არსებობს “ლგბტ პროპაგანდა”, რომელსაც ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია და ამის საილუსტრაციოდ მანიპულაციურად მოჰყავთ უცხოეთში ჩატარებული კვლევები, რომელთა მიხედვითაც გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც თავს აიდენტიფიცირებს ლგბტ თემის წევრად.

რეალურად კი არ არსებობს რომელიმე ავტორიტეტული სამეცნიერო ორგანიზაციის კვლევა, რომელიც ამბობს, რომ რაიმე სახის “პროპაგანდას” ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია.

მსოფლიოს არაერთ წერტილში, მათ შორის აშშ-ში, ამ თემით მრავალი ულტრაკონსერვატიული ჯგუფი მანიპულირებს, თუმცა — მყარი მეცნიერული დასაბუთების გარეშე. არიან ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ ან წარსულში ამტკიცებდნენ, რომ გარკვეულ “თერაპიებს” ლგბტ ადამიანების ორიენტაციის ან იდენტობის შეცვლა ძალუძთ. არაერთმა ასეთმა ფსევდოთერაპევტმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა მავნე და საშიში პრაქტიკის გამოყენებისთვის, ზოგიერთი კი იმაშიც გამოტყდა, რომ თავად გეია.

კვლევებში, რომელიც ამბობს, რომ მოიმატა მათმა რაოდენობამ, ვინც თავს ქვიარად აიდენტიფიცირებს, ვერ ნახავთ მტკიცებას, რომ თვითიდენტიფიკაციის ზრდა ავტომატურად ნიშნავს ლგბტ თემის წევრთა რაოდენობის ზრდას. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ლგბტ თემის წევრად თვითიდენტიფიკაციის მაღალი მაჩვენებელი დიდი ალბათობით დაკავშირებულია ქვიარ ადამიანების მზარდ კულტურულ მიმღებლობასთან საზოგადოების მხრიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ დაშვებით ქვიარების რაოდენობა კი არ გაიზარდა, გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც მზადაა ღიად ისაუბროს საკუთარი თავის შესახებ, ანუ ქვიარ ადამიანი მეგობრულ გარემოში უფრო მეტადაა მზად განაცხადოს საკუთარი იდენტობის შესახებ, ვიდრე მტრული განწყობის მქონე საზოგადოებაში.

“[Gen Z თაობის წარმომადგენლები] გაიზარდნენ კულტურაში, სადაც ლგბტ თემის წევრობა იყო ნორმალური [ფაქტი] და არა ისეთი რამ, რისიც ადამიანებს უნდა რცხვენოდეთ და მის დამალვას შეეცადონ…

რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული დისკრიმინაცია, მაგრამ ეს არ არის ისეთი, როგორიც იყო [იმ დროს], როცა უფროსი თაობები იზრდებოდნენ… იცვლება ქცევები და დამოკიდებულებები, ასევე იცვლება მოსახლეობაც”, — ამბობს გელაპის უფროსი რედაქტორი ჯეფრი ჯონსი Washington Post-თან.

ამ თემაზე გირჩევთ – ნეტგაზეთის სტატიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი