ახალი ამბები

ღარიბაშვილის ჰომოფობიური კომენტარი სულაკაურის გამომცემლობაზე

30 ივნისი, 2023 • 7057
ღარიბაშვილის ჰომოფობიური კომენტარი სულაკაურის გამომცემლობაზე

ირაკლი ღარიბაშვილი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჰომოფობიური შინაარსის განცხადება გააკეთა სულაკაურის გამომცემლობაზე.

ამის შესახებ ირაკლი ღარბაშვილმა მაშინ განაცხადა, როდესაც ბავშვებში “ლგბტ პროპაგანდაზე” გამოთქვამდა შეშფოთებას და ამის საილუსტრაციოდ  სწორედ მაკდონალდსი და სულაკაურის გამომცემლობა დაასახელა.

„მიუღებელია ერთ-ერთ წიგნში, თუ არ ვცდები, სულაკაურის გამომცემლობაში იყო ასევე, ვფიქრობ, საგანგაშო ფაქტი, ამაზე საზოგადოების რეაქცი იყო ძალიან მკვეთრი და მძაფრი“, — აცხადებს ღარიბაშვილი.


უცნობია, კონკრეტულად რომელ ტექსტს გულისხმობდა ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა ამავე ბრალდებით რამდენიმე დღის წინ სულაკაურის გამომცემლობას რამდენიმე მოქალაქე „დედების სახელით“ მიუვარდა.

რადიკალურად განწყობილი ქალები გამომცემლობის თანამშრომლებს ათი წლის წინ ნათარგმნი ზღაპრის და ერთ-ერთი ფემინისტური წიგნის გამო ლანძღავდნენ.

გამომცემლობის დირექტორის, თინა მამულაშვილის აზრით, ეს ყველაფერი იმ ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელებაა, რასაც „ქართული ოცნება“ ეწევა და ღიად ახალისებს ძალადობას განსხვავებული ადამიანების მისამართით.

„საუბარია „წითელქუდას“ ავტორის, შარლ პეროს ერთ-ერთ ზღაპარზე, რომელიც დაახლოებით ათი წლის წინ ვთარგმნეთ და გამოვეცით. ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღეს მე-17 საუკუნის ზღაპარზე მომიწევდა კომენტარის გაკეთება. გაყიდვაშიც კი აღარ არის ეს წიგნები, ამოყიდულია საერთოდ და თუ მაშინ არ გამოუწვევია ამ წიგნებს მსგავსი კითხვები, ახლა რაშია ხომ საქმე, ალბათ ვიკითხავთ.

რა ლგბტქ პროპაგანდა შეიძლება იყოს მე-17 საუკუნის ზღაპარში? ხომ ვიცით, რომ ესეც რუსული პროპაგანდის მოგონილია, რადგან შეუძლებელია პროპაგანდით ადამიანმა სქესი ან ორიენტაცია შეიცვალოს“, – ამბობს თინა მამულაშვილი.

მისი თქმით, ვისაც ელემენტარული განათლება მაინც აქვს, შეუძლებელია დაიჯეროს ასეთი სისულელე, თუმცა პროპაგანდა საზოგადოების რაღაც ნაწილზე მაინც ახდენს გავლენას.

მეორე წიგნი – „ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგოებისთვის“, რომელსაც ერთ-ერთი ქალი პროპაგანდისტულს უწოდებდა, დოკუმენტურია. სულაკაურის გამომცემლობამ წიგნი ექვსი წლის წინ გამოსცა და დღეს არც ეს წიგნია გაყიდვაში.

„წიგნში შესულია რეალური ისტორიები ცნობილ მეცნიერ, კოსმონავტ, ლიდერ ქალებზე, რომლებმაც შეცვალეს ისტორია. ქალებზე, რომლებიც წავიდნენ დინების წინააღმდეგ და შეცვალეს დამოკიდებულება ქალების მიმართ. სუფრაჟისტები, თუნდაც.

ფემინისტური წიგნია ძალიან, რადგან ქალების როლსა და ქალების სიმამაცეზეა და ამაზე რატომ არ ლაპარაკობენ? რატომ არ საუბრობენ, მაგალითად, მარია კიურიზე, რომელიც ამავე წიგნშია?

ერთი ეპიზოდია მხოლოდ ადამიანზე, ბავშვზე, რომელიც თავის თავზე ამბობს, რომ შინაგანად თავს გრძნობს გოგოდ. არსად წერია, რომ მან სქესი შეიცვალა ან რაიმე მსგავსი. საუბარია იმაზე, რომ თავისი უფლებებისთვის იბრძოდა“, – ამბობს თინა მამულაშვილი.


“ქართულმა ოცნებამ” დასავლეთში არსებულ “ლგბტ პროპაგანდაზე” რიტორიკა განსაკუთრებით მას შემდეგ გაააქტიურა, რაც დასავლეთის ქვეყნების მხრიდან გაიზარდა ხელისუფლების კრიტიკა საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და უკრაინაში ომზე ოფიციალური თბილისის პოზიციონირების გამო.

“ქართული ოცნება” წარსულში ხშირად ამაყობდა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით და უვიზო მიმოსვლის შეთანხმებით, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული კანონიც მიიღეს. ახლა კი მმართველი პარტიიდან მოსახლეობას ეუბნებიან, რომ თითქოს არსებობს “ლგბტ პროპაგანდა”, რომელსაც ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია და ამის საილუსტრაციოდ მანიპულაციურად მოჰყავთ უცხოეთში ჩატარებული კვლევები, რომელთა მიხედვითაც გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც თავს აიდენტიფიცირებს ლგბტ თემის წევრად.

რეალურად კი არ არსებობს რომელიმე ავტორიტეტული სამეცნიერო ორგანიზაციის კვლევა, რომელიც ამბობს, რომ რაიმე სახის “პროპაგანდას” ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია.

მსოფლიოს არაერთ წერტილში, მათ შორის აშშ-ში, ამ თემით მრავალი ულტრაკონსერვატიული ჯგუფი მანიპულირებს, თუმცა — მყარი მეცნიერული დასაბუთების გარეშე. არიან ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ ან წარსულში ამტკიცებდნენ, რომ გარკვეულ “თერაპიებს” ლგბტ ადამიანების ორიენტაციის ან იდენტობის შეცვლა ძალუძთ. არაერთმა ასეთმა ფსევდოთერაპევტმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა მავნე და საშიში პრაქტიკის გამოყენებისთვის, ზოგიერთი კი იმაშიც გამოტყდა, რომ თავად გეია.

კვლევებში, რომელიც ამბობს, რომ მოიმატა მათმა რაოდენობამ, ვინც თავს ქვიარად აიდენტიფიცირებს, ვერ ნახავთ მტკიცებას, რომ თვითიდენტიფიკაციის ზრდა ავტომატურად ნიშნავს ლგბტ თემის წევრთა რაოდენობის ზრდას. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ლგბტ თემის წევრად თვითიდენტიფიკაციის მაღალი მაჩვენებელი დიდი ალბათობით დაკავშირებულია ქვიარ ადამიანების მზარდ კულტურულ მიმღებლობასთან საზოგადოების მხრიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ დაშვებით ქვიარების რაოდენობა კი არ გაიზარდა, გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც მზადაა ღიად ისაუბროს საკუთარი თავის შესახებ, ანუ ქვიარ ადამიანი მეგობრულ გარემოში უფრო მეტადაა მზად, განაცხადოს საკუთარი იდენტობის შესახებ, ვიდრე მტრული განწყობის მქონე საზოგადოებაში.

“[Gen Z თაობის წარმომადგენლები] გაიზარდნენ კულტურაში, სადაც ლგბტ თემის წევრობა იყო ნორმალური [ფაქტი] და არა ისეთი რამ, რისიც ადამიანებს უნდა რცხვენოდეთ და მის დამალვას შეეცადონ…

რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული დისკრიმინაცია, მაგრამ ეს არ არის ისეთი, როგორიც იყო [იმ დროს], როცა უფროსი თაობები იზრდებოდნენ… იცვლება ქცევები და დამოკიდებულებები, ასევე იცვლება მოსახლეობაც”, — ამბობს გელაპის უფროსი რედაქტორი ჯეფრი ჯონსი Washington Post-თან.

ამ თემაზე გირჩევთ – ნეტგაზეთის სტატიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი