ახალი ამბები

„ბევრია კიდევ საცემი“ — ინჯია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ითხოვს

30 ივნისი, 2023 • 1794
„ბევრია კიდევ საცემი“ — ინჯია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ითხოვს

„ევროპელი სოციალისტების“ წევრი ფრიდონ ინჯია “ცილისწამების აკრძალვას” და გარკვეულ ადგილებში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ითხოვს.

ინჯიამ პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, „ევროპელი სოციალისტების“ მიერ ინიციირების შემთხვევაში, დაუჭერს თუ არა „ქართული ოცნება“ მხარს შესაბამის კანონპროექტებს.

„როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში იცემა მშვილდაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია და ამ სიას პარლამენტის წევრებიც შეიძლება შეემატონ. ბევრია კიდევ საცემი. და მიზეზი რა არის, ბატონო პრემიერ-მინისტრო? მე ვფიქრობ, ეს არის ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონის დღემდე არმიღება. თუ იქნება ასეთი კანონი, რომელიც შეურაცხყოფას და ცილისწამებას აკრძალავს, გინდაც უწმინდესის მიმართ, შეიძლება ეს სია შემცირდეს და საერთოდ არ იქნეს“, — განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

დეპუტატი ასევე ითხოვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას რიგ ადგილებში.

„ეს მოთხოვნა იყო და ეს ეხება კიდევ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს — აკრძალვა კი არ არის, აქ არის შეზღუდვა იმ ტერიტორიების, იმ ლოკაციების, სადაც პროპაგანდა ამის თაობაზე არ უნდა იყოს. მაგალითისთვის, იქ, სადაც თქვენ პატარა ბავშვი პირველ კლასში მიგყავთ, არ იყოს სურათი, რომელიც არის… არ მინდა ახლა… ეს უხერხულობას იწვევს მოსახლეობის 98%-ში. ასეთი 4 კანონპროექტი მზად გვაქვს ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს. ეს მოთხოვნები იყო 30 აპრილს, ათი ათასობით კაცი რომ შეიკრიბა, მაგრამ თუ „ოცნება“ მხარს არ დაუჭერს, რა აზრი აქვს, ჩვენ შევიტანოთ. იქნება მხარდაჭერა? როდემდე უნდა იცემონ და კიდევ რამდენია საცემი. ამას თქვენ უწყობთ ხელს, იმიტომ, რომ არ არის კანონი და ხართ არც იქით, არც აქეთ და თამაშობთ“, — მიმართა ინჯიამ ღარიბაშვილს.

30 აპრილის შეკრებაში ინჯია გულისხმობს „უცნობის“ ორგანიზებულ აქციას, სადაც ხელისუფლებისადმი გახმიანდა შემდეგი მოთხოვნები:

  • პოლარიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში ქართველ ხალხს პლებისციტით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს;
  • პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს 2004-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატორულ რეჟიმს;
  • ხელისუფლებამ იზრუნოს სუვერენული, ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე;
  • სკოლებში დაინერგოს ფუნდამენტური განათლება;
  • დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდეს;
  • დაიხვეწოს ნარკოტიკებთან დაკავშირებით მთელი რიგი საკითხები;
    ლგბტ პროპაგანდა კანონით აიკრძალოს.

ფრიდონ ინჯიამ მაშინ განაცხადა, რომ „უცნობის“ აქციის მოთხოვნებს პარლამენტში „ევროპელი სოციალისტები“ დააინიციირებენ.

„ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნა „პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიით პარლამენტში შესულმა ოთხმა დეპუტატმა (ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე) მას შემდეგ, რაც პარტიის ლიდერებმა მანდატებზე უარი თქვეს. მოგვიანებით ზილფიმიანმა „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა. „ევროპელი სოციალისტები“ საპარლამენტო ოპოზიციაში შედიან, თუმცა, როგორც წესი, უმრავლესობის პოზიციებს იზიარებენ.

რისთვის და ვისი მხარდაჭერით „მოდის“ უცნობი

მასალების გადაბეჭდვის წესი