ახალი ამბები

კომიტეტმა მხარი დაუჭირა ინჯიას ინიციატივას არჩევნებში არაელექტრონული პირადობით მონაწილეობაზე

13 ნოემბერი, 2023 • 1027
კომიტეტმა მხარი დაუჭირა ინჯიას ინიციატივას არჩევნებში არაელექტრონული პირადობით მონაწილეობაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ევროპელი სოციალისტების“ წევრის, ფრიდონ ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არაელექტრონული პირადობის მოწმობის მქონე პირებსაც მიეცეთ.

ფრიდონ ინჯიას მიერ ინიციირებული „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს, 13 ნოემბერს, განიხილეს.

როგორც სხდომის წამყვანმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის კომიტეტის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა, ფრიდონ ინჯიას ინიციატივას მხარს უჭერენ საკითხზე შემდგომი კონსულტაციის პირობით.

„საყურადღებოა, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომრის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც აქვთ ელექტრონული პირადობის მოწმობები (პირადობის მოწმობა, რომელსაც აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი), შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს მოქმედი არაელექტრონული პირადობის მოწმობა (პირადობის მოწმობა, რომელსაც არ აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი), ვერ ისარგებლებს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებით (საარჩევნო უფლებით) და არ ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა 2024 წელს და მას შემდგომ ჩატარებულ არჩევნებში.

აღნიშნული კი, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მქონე ათიათასობით პირს შეეზღუდება კონსტიტუციური უფლება, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია“, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას ფრიდონ ინჯიას სთხოვეს ზუსტი მონაცემების დასახელება, თუ რამდენ ადამიანს აქვს საქართველოში არაელექტრონული პირადობის მოწმობა, რაზეც მან უპასუხა, რომ ამის სტატისტიკა არ არსებობს.

„გეთანხმებით, ზოგჯერ იყო ნათქვამი, რომ 300 ათასამდეა, 200 ათასამდეა… ათეულობით ათასობითაა. ამისი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან ბევრს შეიძლება დაკარგული ჰქონდეს. აქ საუბარია იმაზე, ვისაც აქვს ეს არაელექტრონული მოწმობა და პასპორტი ვისაც აქვს. ერთი ამომრჩეველიც რომ იყოს, კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს, რომ მას შეეძლოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება“, — განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი