ახალი ამბები

ჯაღმაიძე ეკლესიის სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით “წინასწარ პროვოკაციებზე” საუბრობს

28 ივნისი, 2023 •
ჯაღმაიძე ეკლესიის სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით “წინასწარ პროვოკაციებზე” საუბრობს

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ფეისბუკ-პოსტით ეხმაურება თავდასხმებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ხორციელდება საჯარო ფიგურებზე ეკლესიის დაცვის საბაბით.

დეკანოზი, რომელიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია, საპატრიარქოს მიმართ “აგრესიულ კამპანიაზე” საუბრობს და დასძენს, რომ ადვილი მისახვედრია, “ვისი მიზეზით იზრდება დაპირისპირება, შუღლი და შეურაცხყოფა საზოგადოებაში”.

“ბოლო დროს ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან გახშირდა მცდელობა, უკანასკნელ პერიოდში მომხდარი ინციდენტების (ცემის ფაქტები) პასუხისმგებლობის ვექტორი საპატრიარქოსკენ მომართოს, რადგან, მათი თქმით, პატრიარქი ახსენეს ასეთი ინციდენტის დროს.

პირველ რიგში, გარკვევით ვაცხადებთ, რომ საპატრიარქოს არაერთგზის დაუყენებია საკითხი საზოგადოებაში პოლარიზაციის პრობლემის შესახებ. საპატრიარქოსა და სასულიერო პირების მიმართ გაჩაღებული აგრესიული კამპანიის ფონზე ჩვენ კარგად გვესმის, რა დიდი მოთმინებაა საჭირო, რომ აგრესიითვე არ უპასუხოს ადამიანმა შეურაცხმყოფლებს და რეალურად ვიფიქროთ, როგორ დაიძლიოს ეს უარყოფითი მუხტი.

ვთხოვთ ყველას, უბრალოდ გავიხსენოთ სატელევიზიო სიუჟეტები, მათი გააფთრებული (არ მოვერიდები ამ სიტყვას გამოყენებას) საჯარო გამოსვლები მიტინგებსა და აქციებზე, ინტერვიუები, რომლებიც აღსავსე იყო სასულიერო პირების, მათ შორის – პატრიარქის, დაცინვითა და ქილიკით, შეურაცხყოფით, ძალადობისაკენ მოწოდებით.

ამ დროს კი საპატრიარქოს მხრიდან მსგავსს ვერაფერს აღმოვაჩენთ, ისევე როგორც ზოგიერთი მედიასაშუალების ეთერში ვერ აღმოვაჩენთ საზოგადოების შერიგებისთვის გადადგმულ ნაბიჯს. ამ ქმედებებიდან და დამოკიდებულებიდან ადვილად მივხვდებით, ვისი მიზეზით იზრდება დაპირისპირება, შუღლი და შეურაცხყოფა საზოგადოებაში”, — წერს ის.

დეკანოზ ჯაღმაიძის სიტყვებით, “რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, რომ ძალადობა არ არის ქრისტიანული საქციელი და ეკლესიის ძალისხმევა და მოწოდება სწორედ მოყვასისადმი სიყვარულის ქადაგებაა”.

სასულიერო პირის აზრით, “რჩება შთაბეჭდილება, რომ პროვოკაცია ხშირ შემთხვევაში წინასწარ იგეგმება, რათა შემდეგ თუ ვინმე მის საპასუხოდ ძალას გამოიყენებს, კვლავ საპატრიარქოს წინააღმდეგ იქნეს მომართული მედიასაშუალებები”.


უკანასკნელ პერიოდში გახშირდა ხელისუფლების ოპონენტებსა და სხვა კრიტიკოსებზე თავდასხმები. დაზარალებულებს შორის არიან ტელეკომპანია “ფორმულას” თანადამფუძნებელი მიშა მშვილდაძე და “გირჩი — მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

მოგვიანებით, ჯაფარიძეზე თავდამსხმელმა “ფეისბუკზე” დაწერა, რომ პოლიტიკოსი, მათ შორის, “პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფის” გამო სცემა. მშვილდაძეზე თავდასხმის შემდეგ “ფეისბუკზე” ასევე გამოჩნდა პოსტი, რომლის ავტორიც ამბობს, რომ “ფორმულას” თანადამფუძნებელი მან სცემა და ამის მიზეზი “პატრიარქის გინებაც” იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი