საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საზოგადოებას ახალი პატრიარქის არჩევის დღის წესრიგი გააცნო.
“მოგეხსენებათ, რომ ხვალ, მართვა-გამგეობის დებულების შესაბამისად, ჩანიშნული არის გაფართოებული კრება. გაფაროებული კრება ნომერით არის მე-14. კრებაზე იქნება კენჭისყრა სამი საპატრიარქო კანდიდატიდან ერთ-ერთის შესარჩევად. ხვალ საქართველოს ეკლესიას ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა”, – განაცხადა ჯაღმაიძემ პრესკომფერენციაზე.
მისი თქმით, გაფართოებულ კრებას 1200-მდე დელეგატი დაესწრება. მათი ვინაობა საპატრიარქოს მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით განისაზღვრა. მათ სამების ტაძარში შესვლა დილის 10-დან 12 საათამდე შეეძლებათ, კრება კი 13:00 საათზე დაიწყება.
“სამების ტაძარში, კრებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სიებით, რომელიც არის შედგენილი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ესეც არის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით დარეგულირებული – ეპარქიებიდან და მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან შედგენილია სია იმის მიხედვით, თუ როგორ არის გაწერილი მართვა-გამგეობის დებულებაში. მომსვლელებს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის მოწმობა და ამით მოხდება იდენტიფიცირება სიასთან.
შესვლა შესაძლებელი იქნება 10 საათიდან. 12 საათამდე უნდა მოხდეს სტუმრების მიღება, დელეგატების მიღება. ამ პერიოდისთვის უკვე მღვდელმთავრებიც მობრძანდებიან სამების საკათედრო ტაძარში და დაიწყება მზადება კენჭისყრისთვის.
მკაცრად იზღუდება მობილური ტელეფონებით სარგებლობა. ეს ღონისძიება ნაწილობრივ გაშუქებული იქნება ტელევიზიით, პირველი არხის საშუალებით. ნაწილობრივ იქნება გაშუქებული, რადგანაც ნაწილი ამ სხდომისა უნდა იყოს დახურული. თუ ჩავთვლით საჭიროდ და იქნება ამის აუცილებლობა, საჭირო ინფორმაციას და კადრებს, უკვე დასრულების შემდეგ, გავავრცელებთ ჩვენ თვითონ. კრების გახსნა იქნება პირდაპირ ეთერში, შემდეგ კენჭისყრის პროცესი იქნება პირდაპირ ეთერში, ხოლო დათვლა აღარ გადაიცემა. საბოლოო შედეგის გამოცხადებაც გადაიცემა პირდაპირ ეთერში. ასეთი არის ხვალინდელი დღის წესრიგი.
მანქანებით მისვლა იზღუდება და შესაბამისი განცხადება გაკეთდა უკვე. ფეხით მისვლა შესაძლებელი იქნება ახვლედიანის ქუჩიდან და მეტრო ავლაბრიდან იმ აღმართზე, რომელიც მიდის საკათედრო ტაძარში. ეზოში შემოსვლა, ეზოში დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. შეზღუდვა ეხება შიგნით ტაძარს”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
ჯაღმაიძის ინფორმაციით, სინოდის წევრებს დაურიგდებათ ბიულეტენები, სადაც სამ მიტროპოლიტს შორის უნდა აირჩიონ მისთვის სასურველი კანდიდატი. ამის შემდეგ, ბიულეტენს მოათავსებენ კონვერტში, შემდეგ კი საარჩევნო ყუთში. კენჭისყრის შედეგს გამოაცხადებს მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი მეუფე ანანია ჯაფარიძე, რომელიც ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარეა.
“მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, იმისათვის, რომ პირველივე ტურში დასრულდეს კენჭისყრა და გამოვლინდეს პატრიარქი, საჭიროა 50%-ს პლუს 1 ხმა. ჩვენ შემთხვევაში ეს არის 20 ხმა [სინოდში სულ 39 წევრია]. თუ 20 ხმა ექნება რომელიმე კანდიდატს, მე-2 ტური აღარ გაიმართება. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 20 ხმას, მაშინ მე-2 ტურში იქნება 20 უპირატესი ხმის მქონე კანდიდატს შორის კენჭისყრა”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
რაც შეეხება კრებაზე სიტყვით გამომსვლელებს, ჯაღმაიძის თქმით, რეგლამენტი განისაზრვრა 28 აპრილის სხდომაზე. მისი ინფორმაციით, სიტყვით გამოვლენ პატრიარქობის კანდიდატები და თითო ადამიანი მათი ეპარქიიდან. კანდიდატებს ექნებათ 5-წუთიანი რეგლამენტი, ხოლო დელეგატებს – 3 წუთიანი. გარდა ამისა, ჯაღმაიძის თქმით, ერთ-ერთი მეცნიერი გააკეტებს ისტორიულ მიმოხილვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულთან დაკავშირებით.
ჯაღმაიძის თქმით, ახალი პატრიარქის ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ახალმა პატრიარქმა.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქობის კანდიდატები არიან:
- საპატრიარქო ტახტის თანამოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი);
- მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი);
- ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
ამავე თემაზე:
