ახალი ამბები

იურისტი: ჯაფარიძეზე თავდამსხმელს არაადეკვატური მუხლით წაუყენეს ბრალი

19 ივნისი, 2023 • 1585
იურისტი: ჯაფარიძეზე თავდამსხმელს არაადეკვატური მუხლით წაუყენეს ბრალი

პროკურატურამ “გირჩი მეტი თავისუფლების” დამფუძნებელ ზურაბ ჯაფარიძეზე სავარაუდო თავდამსხმელს ბრალი ძალადობის მუხლით წაუყენა. ამის შესახებ განცხადება უწყებამ დღეს, 19 ივნისს გავრცელა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე სუპერმარკეტის ავტოსადგომზე, ბრალდებულმა, საჯარო სივრცეში გამოთქმული განცხადებების და განხორციელებული ქმედებების გამო, პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა”, — წერს პროკურატურა.

უწყების ცნობით, აღნიშნული პირი იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახით ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

იურისტ ედუარდ მარიკაშვილის შეფასებით, მუხლი, რომლის შესაბამისადაც ჯაფარიძეზე თავდამსხმელს წარუდგინეს ბრალი, არ შეესაბამება დანაშაულის სიმძიმეს, რადგან მან ჯაფარიძეზე თავდასხმის მოტივად მისი პოლიტიკურ საქმიანობა დაასახელა.

მარიკაშვილის თქმით, ასეთ შემთხვევაში მიზანშეწონილი იქნებოდა გამოძიების 156-ე მუხლის მეორე ნაწილით დაწყება, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს:

“126-ე მუხლი ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ეს თავისთავად არ არის ადეკვატური იმ ქმედების მიმართ, რაც ამ პირმა განახორციელა. ეს არაა მხოლოდ ფიზიკური ძალადობა, არამედ დანაშაულის მოტივია ძალიან მნიშვნელოვანი. შემდგომ ქმედებას და მოტივს უნდა უპასუხოს პროკურატურამ და საგამოძიებო ორგანოებმა, რომ საზოგადოებაში დარჩეს აღქმა, რომ მსგავსი მოტივით ჩადენილი დანაშაული კიდევ უფრო მძიმეა, რასაც სახელმწიფო პასუხობს. პროკურატურის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, ეს საკითხები ყურადღების მიღმა აქვთ დატოვებული”, — განმარტავს მარიკაშვილი.

„გირჩი — მეტი თავისუფლებამ“ 17 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურა ჯაფარიძეს თავს დაესხნენ. შემთხვევა გორის „სმარტთან“ მოხდა, სადაც ბორჯომისკენ, ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის ბანაკში მიმავალი ჯაფარიძე და პარტიის წევრები გაჩერდნენ. მოგვიანებით, პროსამთავრობო მედიით გავრცელდა სავარაუდო თავდამსხმელის განცხადება, სადაც ის აღიარებს, რომ თავად დაარტყა ჯაფარიძეს და მოტივად მის პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი