ახალი ამბები

ოპოზიციის ნაწილი საავტორო უფლებებზე კანონპროექტის განხილვის გადადებას ითხოვს

26 ივნისი, 2023 • 846
ოპოზიციის ნაწილი საავტორო უფლებებზე კანონპროექტის განხილვის გადადებას ითხოვს

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვის გადადებას ითხოვს.

აღნიშნული მოთხოვნა პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე დღესაც დააყენეს, როცა კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობდა.

საუბარია კანონპროექტზე, რომლის მიღებაც, ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, საქართველოში რუსული გავლენების ზრდის საფრთხეს შეიცავს. ისინი, ასევე რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები, პარლამენტს კანონპროექტის განხილვის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.

„როდესაც გავიგე სხვა მხარისგან, რომ პრობლემურია, ამიტომ ვითხოვე შეჩერება. იქნებ მეც მაქვს წინადადებები, რომელიც ამ კომიტეტზე შესაძლოა, ვერ მოესწროს და გადაწყდეს. სხვა კომიტეტთან დაკავშირებით სხვა გამოცდილება, როდესაც მიმტკიცებდნენ მაუწყებელობის შესახენ კანონზე, რომ ევროდირექტივებთან 100%-იანი შესაბამისობა არისო და ამ სესიაზე ვცვლით იმიტომ, რომ არ იყო შესაბამისობაში.

გულწრფელად გითხრათ, ეს არ არის ის, რომ მე თქვენს შრომას არ ვაფასებ და ამ ადამიანებისთვის ჰონორარის მიცემა არ მინდა, მაგრამ როცა ბევრი საეჭვო გარემოება საგამოძიებო ჟურნალისტებმა გამოამჟღავნეს, ამაზე უნდა გვქონდეს დამაჯერებელი პასუხი. თუ კანონპროექტი იწვევს დაპირისპირებას და არსებობს ასევე დიდი გუნდი, რომელსაც მისი მიღება არ უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტი მართლა უნდა გადაიწიოს და კომპრომისული ვერსია მოვნახოთ. დღეს შეიძლება ეს ადამიანები გავიდნენ კმაყოფილი, მაგრამ მეორე უკმაყოფილო ტალღა რომ შემოვა, ეს არ იქნება კარგი“, – განაცხადა პარლამენტის დამოიუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემაც აღნიშნა, რომ ავტორების უფლებები დაცული უნდა იყოს, თუმცა კითხვებს, რომლებიც კანონპროექტის გამო რუსული გავლენების შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით არსებობს, პასუხი უნდა გაეცეს.

„თქვენ როგორ მიუდგებოდით საკითხს, როცა არის საეჭვო გარემოებები, არის კითხვები რუსულ გავლენებთან დაკავშირებით. ეს ხომ ჩემი გამოძიება არ არის, ეს არის საერთაშორისო, „რადიო თავისუფლების“, მონიტორის გამოძიება. როდესაც არსებობს სერიოზული კითხვები და არ უარვყოფთ, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნის მიზანი არის ძალიან ღრმა ინფილტრაცია საზოგადოების. ამიტომ მე მაინტერესებს ამ კითხვების გათვალისწინებით, ხომ არ სჯობდა კიდევ გვქონოდა განხილვა და ადამიანებთან შეხვედრა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა კი კულტურის კომიტეტზე საავტორო უფლებების შესახებ თავის ხედვა წარმოადგინა. როგორც ბეჟაშვილი ამბობს,  არსებული კანონმდებლობა ცვლილებებს საჭიროებს, თუმცა არსებული ცუდი სისტემა ვიწროკორპორატიული ინტერესების გამომხატველი ახალი სისტემით არ უნდა შეიცვალოს.

„შემოგთავაზებდით ასეთ მოდელსაც: იქნებოდა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სადაც ყველა ავტორი გაერთიანდებოდა და გადამწყვეტი ხმის უფლება ექნებოდა ამ ასოციაციაში. ამავდროულად, აუცილებელია, რომ ამ ასოციაციში გაწევრიანების კრიტერიუმები დადგინდეს, რომ ყველას არ ჰქონდეს საშუალება[გაწევრიანების]. იმავდროულად უნდა იყოს არჩევითი ორგანოები, გამგეობა იქნება თუ საერთო კრების ვალდებულება, ასევე, საერთო კრება რა გადაწყვეტილებებს მიიღებს, ეს კანონმდებლობამ უნდა მოაწესრიგოს’.

პარტია „გირჩი“ მსგავსი კანონის არსებობას საერთოდ არ ეთანხმება და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საჭიროებას ვერ ხედავს.

„გენიალურ მუსიკოსებს და კომპოზიტორებს წარსულიდან არ სჭირდებოდათ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა,  ისედაც წარმატებულები იყვნენ, წერდნენ თავის კომპოზიციებს და ა.შ. საერთოდ რომ არ იყოს ასეთი ორგანიზაცია, არც არსებული და არც ახალი, მაშინ რა დაემართებოდა ჩვენ კულტურას? ინტელექტუალური საკუთრების ცნება რომ  არსებობდეს, კულტურა გაქრებოდა?“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

კანონპროექტის განხილვას ესწრებიან როგორც სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, ასევე საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) ხელმძღვანელი გიგა კობალაძე.

სწორედ კობალაძის მიმართ აქვთ პრეტენზიები სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საავტორო უფლებათა ასოციაცია მათ კუთვნილ ჰონორარებს ითვისებს. გიგა კობალაძე ხელოვანთა ჰონორარების მითვისებაში დაადანაშაულა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმაც.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილები სასწრაფოდ არის მისაღები.


პარლამენტი აპირებს მიიღოს კანონი, რომელმაც შესაძლოა, საქართველოს კულტურის სფეროში რუსეთის ინტერესები გააძლიეროს.

საუბარია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, ცვლილებები შედის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში.

იმის გამო, რომ საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში რუსული გავლენების ზრდის საფრთხეს შეიცავს, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, პარლამენტს კანონპროექტის განხილვის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ცვლილებები საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციაზე (GERA) მორგებული.

GERA 2019 წელს შეიქმნა და ხელოვანთა ნაწილი, ვინც საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს, სწორედ GERA-ს შეეურთდა.

თავის მხრივ,  GERA-ს მოქმედი კანონით არ აქვს საქართველოში ჰონორარის შეგროვების უფლება და ქართველი ავტორ-შემსრულებლებისთვის თანხა რუსეთიდან მოაქვს, რადგან ხელშეკრულება რუსულ საავტორო საზოგადოებასთან (RAO) აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი