საზოგადოება

როგორ სურს რუსეთს გავლენის მოპოვება საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში

23 ივნისი, 2023 • 1729
როგორ სურს რუსეთს გავლენის მოპოვება საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში

პარლამენტი აპირებს მიიღოს კანონი, რომელმაც შესაძლოა, საქართველოს კულტურის სფეროში რუსეთის ინტერესები გააძლიეროს.

საუბარია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, ცვლილებები შედის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში.

იმის გამო, რომ საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში რუსული გავლენების ზრდის საფრთხეს შეიცავს, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, პარლამენტს კანონპროექტის განხილვის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.

რა ხდება?

საავტორო ქონებრივი უფლებების კოლექტიური მართვა  საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოებებით სარგებლობასა და უფლების მფლობელების [ავტორების] სამართლიან ანაზღაურებას გულისხმობს.

ამ მიზნით 1999 წელს საქართველოში, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) შეიქმნა, რომლის ფუქნციებშიც შედის ნებართვების გაცემა, ჰონორარის შეგროვება და მისი მთელ მსოფლიოში განაწილება.

GCA მსოფლიოში არსებული საავტორო უფლებების ყველა წამყვანი ქოლგა ორგანიზაციის (CISACBIEMIFRRO) წევრია და ამასთან,  მსოფლიოს 250-ზე მეტ კოლექტიური მართვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.

GCA-ს 2011 წლიდან გიგა კობალაძე ხელმძღვანელობს, რომელიც ნეტგაზეთთან ასოციაციის მუშაობის პრინციპს ხსნის.

„დადგენილია ტარიფები და ყველა სეგმენტს აქვს სხვადასხვა ტარიფი, მაგალითად, განსხვავებული ტარიფი აქვს: რესტორანს, ტელევიზიას, რადიოს, თეატრს და ა.შ. ამ ტარიფის შესაბამისად ფორმდება ლიცენზია და ეს ორგანიზაციები, ანუ მოსარგებლეები იხდიან დაწესებული ტარიფის შესაბამისად.

გარდა იმისა, რომ ეს ორგანიზაციები თანხას იხდიან, მათ კანონით აქვთ ვალდებულება, მოგვაწოდონ  ინფორმაცია გამოყენებული ნაწარმოებების შესახებ, რასაც  მეტ-ნაკლებად კარგად გვაწვდიან. როდესაც  ფულს გვიხდიან, ამ ინფორმაციას ვამუშავებთ და იმის მიხედვით, თუ რა სიხშირით გამოიყენეს ესა თუ ის მუსიკალური ნაწარმოები, ხდება ჰონორარის განაწილება. შესაბამისად, თითოეულ ნაწარმოებს ვაკუთვნებთ შესაბამის ჰონორარს“, — განმარტავს კობალაძე.

თუმცა, მიუხედავად ამისა, უკვე წლებია, რაც ქართველი ავტორ-შემსრულებლების ნაწილი GCA-ის მუშაობით უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ ასოციაცია მათ კუთვნილ ჰონორარებს არასათანადოდ ანაწილებს.

ამ უკმაყოფილებას აფიქსირებდნენ 12 ივნისს პარლამენტში გამართულ კულტურის კომიტეტის სხდომაზეც, სადაც „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონში ცვლილებების განხილვა მიმდინარეობდა.

„ჩვენ არაერთხელ ვიყავით აქ [პარლამენტში] მოსული და არაერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი პრობლემის შესახებ. ადამიანი [გიგა კობალაძე], რომელიც ჩვენ დავიქირავეთ თავის დროზე, არაკეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობებს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით პრეტენზიები გვქონდა, მაგრამ ყურად არ იქნა მიღებული. ეს წლები გავიარეთ დამცირების და კონფლიქტების ქვეშ. ეს არ იყო უბრალოდ ეჭვები, ჩვენ პატარა ქვეყნის შვილები ვართ და ყველაფერი ვიცით, სად, ვინ, როგორ და რანაირად…

მე, როგორც ერთ-ერთი ავტორი, ვითხოვ, რომ რაც ამ წლების განმავლობაში ზარალი განვიცადეთ, ყველაფერი დაბრუნდეს თითოეულ ჩვენგანთან“, — განაცხადა კომპოზიტორმა რუსა მორჩილაძემ კულტურის კომიტეტის 12 ივნისის სხდომაზე.

სწორედ ამ უკმაყოფილების გამო ხელოვანთა ნაწილმა საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) დატოვა და 2019 წელს შექმნილ საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციას (GERA) შეუერთდა.

თავის მხრივ, კანონით GERA-ს არ აქვს საქართველოში ჰონორარის შეგროვების უფლება და ქართველი ავტორ-შემსრულებლებისთვის თანხა რუსეთიდან მოაქვს, რადგან ხელშეკრულება რუსულ საავტორო საზოგადოებასთან (RAO) აქვს.

როგორც გიგა კობალაძე ამბობს, სწორედ რუსული ფულის გამოყენებით ცდილობს GERA, რომ ქართველი ავტორ-შემსრულებლები გადაიბიროს.

„მხოლოდ 2019-2021 წლებში RAO-სგან და კიდევ ორი რუსული ორგანიზაციისგან GERA-ს დაახლოებით 1.4 მილიონი დოლარის ინვესტირება აქვს მიღებული. თვითონაც ამბობენ, რომ ჩვენ რუსეთიდან ფული შემოგვაქვსო და ამ ფულს არქმევენ რუსეთში შეგროვებულ ქართველების ჰონორარს მაშინ, როცა ამას საერთო არაფერი აქვს ჰონორართან.

1.4 მილიონი დოლარი, რომელიც ვითომ ქართველებისთვის შეგროვდა რუსეთში, არ შეიძლება იყოს ჰონორარი ერთი მარტივი მიზეზის გამო — რუსეთში ამ რაოდენობის ჰონორარი არ გროვდება ყველაზე დიდი რეპერტუარის ქვეყნებისთვისაც კი, როგორიცაა აშშ, საფრანგეთი, ბრიტანეთი, იტალია და ა.შ. თეორიულადაც კი გამორიცხულია, რომ რუსეთში ქართველების ჰონორარი უფრო  მეტი იყოს, ვიდრე ანგლო-ამერიკული რეპერტუარის“, — ამბობს გიგა კობალაძე.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები კი გზას სწორედ GERA-ს უხსნის, რათა მისი მეშვეობით რუსეთმა ქართულ სახელოვნებო სფეროზე კონტროლი დაამყაროს. როგორც კობალაძე ამბობს, ამას მოწმობს ისიც, რომ კანონპროექტის ზოგიერთი მუხლი პირდაპირ GERA-ზეა მორგებული.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ მიმართეს საავტორო უფლებათა ასოციაციაციით უკმაყოფილო ავტორებმა. მისი თქმით, კანონპროექტის შემუშავებაში უცხოელი ექსპერტები იყვნენ ჩართული და „არა რუსი ექსპერტები“.

„ამაზე ვიმუშავეთ ორი წლის განმავლობაში და ავტორთა ერთმა ჯგუფმა პროკურატურას კი მიმართა, ვინაიდან და რადგანაც ბატონი კობალაძის პერსონის უტიფრობას საზღვარი არ აქვს[…] მიუხედავად იმისა, ასეულობით შემოქმედმა დატოვა ეს ორგანიზაცია, დღესაც აგრძელებს ის ფულის აკუმულირებას“, – განაცხადა რუსთავი 2-თან ბექა ოდიშარიამ.

რა კავშირი აქვს GERA-ს რუსეთთან

GERA-სა და რუსული RAO-ს ურთიერთობა 2019 წელს, მას შემდეგ იწყება, რაც რუსული ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიგა კობალაძისგან  GCA-ის ევრაზიულ კონფედერაციაში გაწევრიანებაზე  უარი მიიღო.

საუბარია რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირზე – ანდრეი კრიჩევსკიზე, რომელიც „საავტორო უფლებების მეპატრონეების საზოგადოებების ევრაზიის კონფედერაციის“ გენერალური მდივანია. აღნიშნული გაერთიანება რუსეთმა ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის (CISAC-ის) სანაცვლოდ შექმნა და მასში ყოფილ საბჭოთა ქვეყნების საზოგადოებებს აერთიანებს, რომლებიც საავტორო უფლებების სფეროში საქმიანობენ.

სწორედ ამ გაერთიანების წევრობას სთავაზობდა ანდრეი კრიჩევსკი გიგა კობალაძეს. კობალაძე ნეტგაზეთთან კრიჩევსკისთან შეხვედრას იხსენებს.

„ანდრეი კრიჩევსკი 2018 წლის სექტემბერში ჩვენთან ჩამოვიდა, მე შემხვდა 4 კაცთან ერთად და შემომთავაზა, რომ გავმხდარიყავით ევრაზიული კავშირის წევრი და გვესარგებლა ჰონორარის განაწილების ამ პლატფორმით. მე შემომთავაზა, რომ გენერალურ დირექტორად დამნიშნავდა ამ ევრაზიულ კავშირში. ამაზე მიიღო უარი და ამ უარის შემდეგ 2 თვეში დაფუძნდა GERA. ასეთი ასოციაციები სხვადასხვა სახელით დააფუძნა მოლდოვაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში… დაიწყო იქ არსებული ორგანიზაციებისთვის ძირის გამოთხრა და საკუთარი ორგანიზაციების დაფუძნება“, — ეუბნება კობალაძე ნეტგაზეთს.

კობალაძის თქმით, რუსეთის ინტერესი არა იმდენად ეკონომიკური და ქართულ ბაზარზე ფულის შოვნაა, არამედ აქ გავლენების მოპოვებაა.

„ეს სჭირდება იმისთვის, რომ აქ რუსული გავლენა ჰქონდეს და სახელოვნებო სივრცე დაიპყროს და მიიბას რუსულ ფულზე. რუსულ ფულზე რომ ეყოლება არტისტები მიბმული, ამას გამოიყენებს პროპაგანდის იარაღად. დოქტრინის დონეზე აქვთ რუსეთში ჩაწერილი, რომ ეს უნდა გააკეთონ და ამას აკეთებენ.

მოლდოვაში უკვე გააკეთეს ეს 6 თვის წინ, უფრო ადრე უკრაინაში გააკეთეს, ახლა სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში და ჩვენთან აკეთებენ. აზერბაიჯანში უკვე ძირი გამოუთხარეს ერთ-ერთ ჩვენნაირ ორგანიზაციას და ამ მეთოდით მიდიან“, — აცხადებს გიგა კობალაძე.

RAO-ს და სხვა რუსული ორგანიზაციებისგან მომავალ საფრთხეებთან დაკავშირებით  აპრილში რეზოლუცია მიიიღო ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის (CISAC) ევროპის კომიტეტმაც.

რეზოლუცია RAO-ს და მასთან დაკავშირებულ რუსულ ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ „თავი შეიკავონ და შეწყვიტონ ნებისმიერი ქმედება, რაც ძირს უთხრის CISAC-ის სხვა წევრების სუვერენიტეტსა და ლეგიტიმურ ფუნქციონირებას და რამაც, შესაძლოა, ამ ქვეყნებში უფლებების კოლექტიურად მართვის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“.

 

როგორც გიგა კობალაძე ამბობს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის აქტიურობა კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან მის ინტერესს ფულის გათეთრება და სანქციებისგან თავის არიდება დაემატა.

ამას მოწმობს ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში რუსული RAO-ს საერთაშორისო ოფისის უფროსის მიერ ესტონეთის ავტორთა საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორისთვის გაგზვანილი წერილიც.

აღნიშნულ წერილში RAO-ს წარმომადგენელი რუსული ბანკების და ფინანსური სისტემების მიმართ დაწესებული სანქციების გამო შექმნილ პრობლემებზე საუბრობს და ესტონეთის ავტორთა საზოგადოებას სთხოვს, მათი ჰონორარის ურთიერთგაცვლა სწორედ GERA-ს მეშვეობით განხორციელდეს. ამასთან, აღნიშნულ წერილში RAO-ს წარმომადგენელი ამბობს, რომ  GERA-მ გამოხატა სურვილი მათ ამ პროცესში დახმარება გაუწიოს.

 

 

 

 

ნეტგაზეთმა სცადა GERA-სთან დაკავშირება და მათი პოზიციის გარკვევაც. თავდაპირველად, GERA-ს გენერალურმა დირექტორმა თამარ გვარიშვილმა გვითხრა, რომ ჩვენს კითხვებს მოგვიანებით უპასუხებდა, თუმცა შემდეგ ჩვენს ზარს აღარ უპასუხა.

მანამდე კი „სტუდია მონიტორთან“ თამარ გვარიშვილმა თქვა, რომ მათი RAO-სთან ხელშეკრულების გაფორმების ინტერესი თავად ასოციაციის დამფუძნებლებს (რომელთა შორის თამარ გვარიშვილის ძმა ალექსანდრე გვარიშვილია) ჰქონდათ, რადგან ქართული მუსიკა ყველაზე ხშირად სწორედ რუსეთის ფედერაციაში ჟღერს.

კითხვაზე, იყენებდა თუ არა RAO სანქციებისგან თავის არიდებაში GERA-ს, თამარ გვარიშვილი ირწმუნება, რომ მათთვის RAO-ს არ მიუმართავს დახმარების თხოვნით.

რა იცვლება „ოცნების“  კანონპროექტით

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონში ცვლილებები „ქართული ოცნების“ წევრებმა პარლამენტში მაისის ბოლოს წარადგინეს.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ახლებურად წესრიგდება საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციის შექმნის წესები და პირობები, ასევე, მისი რეგისტრაციისა და აკრედიტაციის წესები და პირობები, განისაზღვრება აკრედიტაციის მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანო და კოლექტიური მართვის ორგანიზაციის ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები.

კერძოდ, თუკი დღეს საქართველოში კანონით საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციის ფუნქციის შესრულება  მხოლოდ საავტორო უფლებათა ასოციაციას (GCA) შეუძლია, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ შესაძლოა, რომ ეს უფლებამოსილებები GERA-სთან გადავიდეს და GCA-ც ჩაანაცვლოს.

ამის ვარაუდის საფუძველს GCA-ის ხელმღძღვანელს აძლევს კანონპროექტის ერთ-ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც, აკრედიტაცია შეუძლია მიიღოს ისეთმა ორგანიზაციამაც, რომელსაც აქვს ხელშეკრულება ისეთ ქვეყანასთან, სადაც სრულდება ქართული რეპერტუარი. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა კი რუსეთია, რომელთანაც GERA-ს ხელშეკრულება აქვს დადებული.

კერძოდ, კანონპროექტში აკრედიტაციის შესახებ მუხლში წერია, რომ:

„განაცხადს უნდა ერთვოდეს ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები დადებული უცხო ქვეყნების იმ ანალოგიური ორგანიზაციების უმეტეს ნაწილთან, რომელთა რეპერტუარი არსებითად ფარავს საქართველოში გამოყენებული ნაწარმოებების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების მნიშვნელოვან ნაწილს, აგრეთვე, უცხო ქვეყნების იმ ორგანიზაციებთან დადებული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები, რომელთა რეპერტუარიც არსებითად ფარავს უცხოეთში გამოყენებული ქართული ნაწარმოებების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების მნიშვნელოვან ნაწილს“.

როგორც გიგა კობალაძე ამბობს, სწორედ ეს მიუთითებს იმაზე, რომ საკანონმდებლო ცვლილებები GERA-ზეა მორგებული.

„აბა, გამოიცანით, რომელია ქვეყანა, სადაც ქართული რეპერტუარი სრულდება? ჩვენ გვაქვს 253 ხელშეკრულება მთელ მსოფლიოსთან, GERA-ს აქვს რუსეთთან. ანუ GERA-ს შეუძლია მიიტანოს რუსეთთან ხელშეკრულება და მოითხოვოს და მიიღოს რუსეთთან აკრედიტაცია. ეს არის ყველაზე საშიში მუხლი, რასაც ჩვენ ვაპროტესტებთ და ამის ამოღებას ვითხოვთ“, – ამბობს გიგა კობალაძე.

გარდა ამისა, კობალაძე იმ კამპანიაზეც საუბრობს, რაც კანონპროექტის ინიცირების პარალელურად პროსახელისუფლებო მედიების საშუალებით მის წინააღმდეგ მიმდინარეობს. კერძოდ,  კობალაძის თქმით, მისი მოწინააღმდეგეების მხრიდან მანიპულირება ხდება აუდიტის შედეგებით, რომელიც საქპატენტის დაკვეთით ჩატარდა.

სწორედ საქპატენტის დაკვეთით ჩატარებული აუდიტის შედეგებია მოყვანილი კანონპროექტის განმარტებით ბარათშიც მოყვანილი იმის დასტურად, რომ საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობაში არაერთი ხარვეზი და ნაკლოვანება არსებობს.

რა წერია აუდიტის დასკვნაში?

საქპატენტის განცხადებით, გადაწყვეტილებას აუდიტორული შემოწმების შესახებ წინ უძღოდა არაერთი, მათ შორის, საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოში ავტორთა ქონებრივი უფლებების სფეროში შესაძლო დარღვევების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ საქპატენტს კანონით არ აქვს უფლება მოითხოვოს GCA-ის შემოწმება, ორგანიზაცია აუდიტორული შემოწმებას დათანხმდა.

კერძოდ, აუდიტორიულმა კომპანიამ GCA-ში 2021-2022 წლებში შეისწავლა ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვის ეფექტიანობა.

აუდიტის მიერ შემოწმების შემდეგ საქპატენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ 2021 წელს ასოციაციის მიერ ავტორთა ქონებრივი უფლებების განკარგვის გზით შეგროვებული ჰონორარების ჯამმა შეადგინა 3 822 063 ლარი.

„ასოციაციის წესდების მიხედვით, დამტკიცებული წესის თანახმად, შეგროვებული ჰონორარიდან ადმინისტრაციული ხარჯისათვის ასოციაციას შეუძლია გამოიყენოს არაუმეტეს 20%. ანუ ასოციაციას, იმ სამუშაოსთვის, რომელსაც ის ავტორთა ჰონორარების შეგროვებისა და განაწილებისათვის ეწევა, უფლება აქვს, შეგროვებული თანხის არაუმეტეს 20% მიიღოს. თუმცა აუდიტმა დაადგინა, რომ ადმინისტრირებისათვის არა 20%, არამედ 47% გაიხარჯა“, – ვკითხულობთ საქპატენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, საქპატენტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ადმინისტრაციული ხარჯის ძირითადი ნაწილი თანამშრომლებზე გაცემული შეუსაბამოდ მაღალი სარგებელია.

„ირკვევა, რომ მაგალითად, ასოციაციაში ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოზიციაზე დასაქმებულმა პირმა 2021 წელს სარგებლის სახით 233 062 ლარი მიიღო (მათ შორის: ხელფასი 150 000 ლარი; პრემია 6 250 ლარი; ბონუსი 25 000 ლარი და სარგებელი 51 812 ლარი, რომელიც, თავის მხრივ, უცხოეთში სწავლის ღირებულებას – 28 086 ლარს, ნორმის ზემოთ მივლინების თანხას – 19 417 ლარს, დაზღვევის საფასურს – 2 921 ლარს, სასაჩუქრე ვაუჩერის ღირებულებას – 188 ლარს და ავტომანქანით სარგებლობის ღირებულებას – 1 200 ლარს მოიცავს).

დამატებით აღნიშვნის ღირსია, რომ ასოციაციამ 2021 წელს ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვის, მათი კუთვნილი ჰონორარების შეგროვებით მიღებული თანხიდან 42 316 ლარის ღირებულების ავტომობილი შეიძინა“, – ვკითხულობთ საქპატენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქპატენტის თანახმად, აუდიტის ანგარიშით დგინდება, რომ გასული 2021 წლის მსგავსი მდგომარეობა დაფიქსირდა 2022 წელსაც, კერძოდ, ასოციაციის ავტორთა უფლებების მართვის შედეგად შეგროვებული 5 412 250 ლარიდან ასოციაციის მართვის ხარჯმა ნაცვლად 20%-ის შეადგინა 40%, კერძოდ, 2 158 279 ლარი.

გიგა კობალაძის თქმით კი, აუდიტს უარყოფითი დასკვნა არ დაუწერია, რადგან დარღვევები არ აღმოუჩენია. მისი თქმით, ის ადამიანები, ვისაც მისი რეპუტაციის დაზიანება სურთ, აუდიტის დასკვნიდან რიცხვებით ინტერპრეტირებენ, რათა შექმნან შთაბეჭდილება, რომ GCA-ში ვინმეს „ფულს ჭამენ“.

„არცერთი დარღვევა არ არის დაფიქსირებული. დარღვევა რომ იყოს, კანონით არ აქვს აუდიტს უფლება დადებითი დასკვნა დაწეროს. თან მათივე დაქირავებული აუდიტია. მეტია [ადმინისტრაციული ხარჯების წილი] და ჩვენ ამის უფლება გვაქვს. ეს პანდემიით იყო გამოწვეული. ჩვენ არა მარტო შეგვიძლია, არამედ შევათანხმეთ კიდეც უცხოეთში ყველა ორგანიზაციასთან. გაგვინახევრდა პანდემიისას შემოსავალი და, ბუნებრივია, გაიზრდებოდა [ადმინისტრაციული ხარჯების წილი]. თუმცა ეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეთანხმებული იყო და შეთანხმებულიც რომ არ ყოფილიყო, დებულება გვაქვს, რომელშიც ჩვენ ეს გვიწერია“, – ამბობს გიგა კობალაძე.

მიუხედავად ამ განმარტებისა, ის ავტორები, რომელთაც გიგა კობალაძის მიერ ჰონორარების განაწილებაზე ეჭვები აქვთ,  აპირებენ, რომ მის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართონ.

კობალაძის წინააღმდეგ რომ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება გამორიცხული არაა, მოწმობს „სტუდია მონიტორის“ მიერ ჩატარებული გამოძიება, რომლითაც დასტურდება, რომ საავტორო უფლებათა ასოციაციის წინააღმდეგ პროცესების მართვაში ხელისუფლებაა ჩართული.

კერძოდ, „სტუდია მონიტორთის“ გამომძიებელ ჟურნალისტის თანახმად, მისთვის შეცდომით მიმოწერაში მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, „ქართული ოცნების“ იდეოლოგი, ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ამჟამად ოფიციალურად თანამდებობას არ იკავებს, ამბობს, რომ „კობალაძეს მძიმე დარტყმა მიაყენა“ და „საბოლოო გადაწყვეტილება, აღმოჩენილ დარღვევებზე უნდა დადგეს თუ არა სისხლის სამართლის პასუხიმსგებლობა, რასაკვირველია, მიზანშეწონილობის პრინციპის გათვალისწინებით იქნება დამატებით მისაღები, მაგრამ კობალაძის მხილების და რყევის პროცესი რომ უნდა გაგრძელდეს, ეს იმთავითვე შეთანხმებულია“.

თავის მხრივ, გიგა კობალაძე ამბობს, რომ 22 ივნისს ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდა და იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი მის ხელთ არსებულ მექანიზმებს გამოიყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი