ახალი ამბები

„მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა სანქციას“ — გიორგი ბაქრაძე

26 ივნისი, 2023 • 1485
„მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა სანქციას“ — გიორგი ბაქრაძე

„მე ვეთანხმები იმას, რომ ჩვენ აუცილებლად მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა სანქციას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ დაუწესა რუსეთს“, — განაცხადა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა გიორგი ბაქრაძემ საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დღეს, 26 ივნისს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ მას ჰკითხა, ეთანხმება თუ არა საქართველოს მთავრობის პოლიტიკას სანქციებთან დაკავშირებით.

„ჩვენი პოზიცია იყო, რომ ფინანსურ სანქციებს საქართველო სრულად არის მიერთებული და ეს ასე იქნება მომავალშიც. ეს არ შეიცვლება“, — განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებები „თავისთავად არ ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა აპრიორი შემცირდება“.

საუბარია საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლითაც ახალი აღმასრულებელი თანამდებობის — პირველი ვიცე-პრეზიდენტის — პოსტის შემოღება ხდება და რომელზეც პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს — გიორგი ბაქრაძეს და დიმიტრი ჯაფარიძეს უსმენენ.

„ქართულ ოცნებას“ გაცხადებული აქვს, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს.

„მე პირადად პატივს გცემთ, მაგრამ პრეზიდენტის ამ სიჯიუტეს… მან გადადგა ნაბიჯი დეპოლარიზაციის კიდევ უფრო გასაღრმავებლად, სხვანაირ შემთხვევაში გვკითხავდა მაინც. მე ვერ დაგიჭერთ მხარს, მგონია, არ ხართ თავისუფლები და თქვენით მანიპულირებს ქალბატონი სალომე“, — მიმართა ირაკლი ზარქუამ გიორგი ბაქრაძეს.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება რამდენიმე თვის წინ ამოეწურა. მისი შემცვლელი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს შორის უნდა აარჩიონ. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება კი პრეზიდენტს აქვს.

„ქართულ ოცნებას“ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის წარდგენა სურდა, რაზეც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უარი განაცხადა და მის ნაცვლად პარლამენტს გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა. „ოცნებამ“ წინასწარვე განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მათ მხარს არ დაუჭერდა.

„ქართულმა ოცნებამ“ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შემოიღო, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის ფუნქციას მანამ შეასრულებს, სანამ ახალ პრეზიდენტს არ აირჩევენ.

იმ მოტივით, რომ „ოცნების“ ინიციატივა საფრთხეს უქმნიდა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნულ ცვლილებებს ვეტო დაადო, თუმცა მმართველმა პარტიამ ვეტო მიმდინარე წლის 13 ივნისს დაძლია.

22 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა გახდა. შესაბამისად, პრეზიდენტის მოვალეობას ის შეასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი