ახალი ამბები

პარლამენტმა ეროვნულ ბანკის კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

13 ივნისი, 2023 • 1041
პარლამენტმა ეროვნულ ბანკის კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს  15 -მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 26 -მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

პარლამენტმა 82 ხმით მიიღო კანონის პირვანდელი რედაქცია. პირვანდელ რედაქციას მხარი არ დაუჭირა 9 დეპუტატმა.

ეროვნულ ბანკის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით ახალი აღმასრულებელი თანამდებობის — პირველი ვიცე-პრეზიდენტის — პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი. კანონის ამოქმედებიდან ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის (გარდა პირველი ვიცე-პრეზიდენტისა) უფლებამოსილების შეწყვეტამდე ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, 3 ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები.

ყველაზე ადრე (დეკემბერში) ვადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ არჩილ მესტვირიშვილს ეწურება. საკანონმდებლო ცვლილებებით, დეკემბრამდე  ეროვნული ბანკის საბჭოს შეეძლება კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტის დამატება და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების მისთვის დაკისრება.

პრეზიდენტის შეფასებით, ეს ხელისუფლების მიერ ეროვნულ ბანკზე კონტროლის მოპოვებას ემსახურება. სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი მოტივირებული შენიშვნები კანონის მოქმედი რედაქციის უცვლელად შენარჩუნებას გულისხმობდა. მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნულია, რომ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა არ იქნას შემოღებული, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის დროს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის მიერ მისი მოვალეობის შესრულების საკითხი ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვიტოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი