ახალი ამბები

„ფინანსურმა პოლიციამ სერვერები ამოიღო“ – Adjaranet და iMovies კვლავ არ მუშაობს

18 ოქტომბერი, 2023 • 1658
„ფინანსურმა პოლიციამ სერვერები ამოიღო“ – Adjaranet და iMovies კვლავ არ მუშაობს

18 ოქტომბერს „ფეისბუქის“ ქართველმა მომხმარებლებმა სერიალებისთვის თუ კინოფილმებისთვის მიძღვნილ ჯგუფებში „აჭარანეთის“, „აიმუვისის“ და სხვა „პირატული“ [მეკობრული] საიტების გათიშვის შესახებ დაიწყეს წერა.

ამ საიტებზე საავტორო უფლებების დარღვევით განთავსებული იყო არაერთი სერიალი და ფილმი, მათ შორის ქართული გახმოვანებით.

დღესვე საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრის ხელმძღვანელმა, ზურაბ ბეჟაშვილმა „ბიზნეს ფორმულას“ უთხრა, რომ პირატულ კონტენთან ბრძოლაში „ბოლო ნაბიჯი გადაიდგა“. მისი თქმით, ფინანსურმა პოლიციამ „ამოიღო სერვერები, რომელსაც პირატული გვერდები იყენებდნენ“.

ბეჟაშვილის თქმით, არ იცის, ხომ არ არსებობს მათზე განთავსებული მონაცემების ასლები. მათი არსებობის შემთხვევაში, თეორიულად, საიტებს კვლავ შეუძლიათ მუშაობის გაგრძელება სხვაგან მოქმედი სერვერების გამოყენებით.

პირველად არალეგალური საიტების დაბლოკვის შესახებ კომუნიკაციების კომისიამ განაცხადა ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში. თუმცა არალეგალური საიტები, რომლებზეც სერიალები და ფილმები ქართული გახმოვანებით იყო ხელმისაწვდომი, აგრძელებდა არსებობას – ან სხვა მისამართზე, ან სხვადასხვა აპლიკაციის  საშუალებით.

მაშინ საიტის გათიშვასა და კომუნიკაციების კომისიის ამ განცხადებას წინ უსწრებდა ახალი, ქართული ლეგალური ე.წ. სტრიმინგ სერვისის შექმნა – Cavea Plus. საიტის მოხმარების 1 თვის საფასური 9 ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი