ახალი ამბები

პრეზიდენტი განმარტავს, რატომ არ დაადო ვეტო 2 სადავო კანონპროექტს

26 ივლისი, 2023 • 1117
პრეზიდენტი განმარტავს, რატომ არ დაადო ვეტო 2 სადავო კანონპროექტს

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელთაგან ერთი სამედიცინო სექტორს არეგულირებს, მეორე კი — ინტელექტუალურ უფლებებს. ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ არ დაადო ვეტო ხსენებულ ცვლილებებს, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად დასძენს,  ორივე მათგანი კითხვებს აჩენს.

ცვლილებები შედის “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონსა და “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონში. პირველ შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი ფუნქციები ეზრდება, რასაც კრიტიკოსები რეპრესიულად აფასებენ. მეორე კანონპროექტის შემთხვევაში, არსებობს შიშები, რომ საქართველოს კულტურის სფეროში რუსეთის ინტერესები გაძლიერდება.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ფაქტორი, რომლის გამოც ვეტოს უფლება არ გამოიყენა, “ამ ორივე დარგის წინაშე არსებული გამოწვევები და ახალი საჭიროებებია”.

“ჯანმრთელობის დაცვის კანონში შეტანილი ცვლილებები სექტორში ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესაძლო რისკების შემცირებას და ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებას ემსახურება. ორივე მიზანი მისასალმებელია და არა სადავო, თუმცა სექტორის კონტროლის გახშირება და გამკაცრება შეიძლება საქმიანობის შემაფერხებელი აღმოჩნდეს”, — დასძენს პრეზიდენტი.

ის ხაზს უსვამს, რომ “სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე არაგეგმური კონტროლის ჩატარება და გახშირებული გეგმური კონტროლი ადმინისტრაციულ ზედამხედველობას გარკვეულ ბერკეტს აძლევს, რომ თუ მოისურვა, [ჯანდაცვის] სექტორზე გავლენა მოახდინოს”.

“ამდენად, საჭირო იქნება, რომ ამ ახალი მექანიზმების აღსრულების პირობებს დიდი ყურადღება მიექცეს, რათა არ მოხდეს კანონის შერჩევითი გამოყენება და ცვლილებებმა საფრთხე არ შეუქმნას ჯანდაცვის სექტორის სრულფასოვან და დამოუკიდებელ საქმიანობას”, — აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

რაც შეეხება საავტორო უფლებების შესახებ კანონში ცვლილებებს, პრეზიდენტი სიტყვებით, “შეიძლება ითქვას, რომ მათი მიღებით ჩვენი კანონმდებლობა ევროსტანდარტებს დაუახლოვდება, რადგან ის, გარკვეულწილად, ავტორების უფლებების დაცვის გაუმჯობესებას ემსახურება”.

“თუმცა, ცვლილებების შედეგად ჩნდება რისკი და ალბათობა, რომ ამ სივრცეში ექსკლუზიური ადგილი ისეთმა ორგანიზაციამ დაიმკვიდროს, რომელიც უშუალოდ რუსეთის სათავო კომპანიას დაექვემდებარება, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა”, — ამატებს ის.

ამ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ცვლილებები საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციაზეა (GERA) მორგებული.

ამჟამად მოქმედი კანონით , GERA-ს არ აქვს საქართველოში ჰონორარის შეგროვების უფლება და ქართველი ავტორ-შემსრულებლებისთვის თანხა რუსეთიდან მოაქვს, რადგან ხელშეკრულება რუსულ საავტორო საზოგადოებასთან (RAO) აქვს.

სწორედ ეს ფაქტორი აძლიერებს კულტურის სფეროზე რუსეთის გავლენის გაზრდის შიშს.

“ეს სქემა ქვეყნისთვის გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს: ეს მექანიზმი შესაძლოა, რუსეთის ხელში ინსტრუმენტი გახდეს, რათა ფინანსური ბერკეტების კონტროლით საკუთარი რბილი ძალა და გავლენა გააძლიეროს იმ შემოქმედებით და ინტელექტუალურ სექტორზე, რომელიც პრინციპში, ყველაზე თავისუფალი და მიუკერძოებელი უნდა იყოს.

ამდენად, ამ კანონის ძალაში შესვლის შემდგომ, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ცვლილებების ავტორებს, ხელისუფლებასა და ამ ცვლილებების მხარდამჭერებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყველა ეს საფრთხე”, — დასძენს პრეზიდენტი.

ზურაბიშვილი გამოთქვამს მზადყოფნას, ორივე სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ითანამშრომლოს.

ამავე თემაზე:

როგორ სურს რუსეთს გავლენის მოპოვება საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში

მასალების გადაბეჭდვის წესი