ახალი ამბები

დარჩიაშვილი განმარტავს, რატომ შემცირდა EU-ს საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრა

16 ივნისი, 2023 • 1270
დარჩიაშვილი განმარტავს, რატომ შემცირდა EU-ს საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრა

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებთან საქართველოს მიერთების მაჩვენებლის კლებას არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე სიფრთხილით ხსნის.

„ამ თემაზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ. საკითხი შეიცავს კონკრეტულ სენსიტიურ მომენტებს“, — განაცხადა დარჩიაშვილმა პარლამენტის წინაშე მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას, დეპუტატ სალომე სამადაშვილის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

დარჩიაშვილის თქმით, უკრაინის პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერის მიმართულებით საქართველო სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო პარტნიორებთან და უკრაინის „არცერთი მხარდამჭერი განცხადება, რეზოლუცია არ გამოუტოვებია“.

„რაც შეეხება ევროკავშირის ზოგიერთ განცხადებებს, მგონია, რომ თქვენ იცით, რაშია საქმე, უბრალოდ კითხვის მიზანი სხვა არის. ჩვენ მაქსიმალურად ფრთხილად ვართ, როდესაც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება საკითხი, არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებას. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება და ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში შევეცდებით, როგორც აქამდე, განვახორციელოთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკა. გარკვეული სიფრთხილე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იჩენს, გამოიხატება სტატისტიკაში [განცხადებებთან მიერთების]“, — განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ევროკავშირი წუხს და შეშფოთებას გამოთქვამს, რომ 2023 წელს საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში მიღებულ გადაწყვეტილებებთან და დეკლარაციებთან ისედაც დაბალი 44%-დან [2022 წელს] 31%-მდე შემცირდა.

2021 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის დეკლარაციებსა და საბჭოს გადაწყვეტილებებთან მიერთების მაჩვენებელი 53% იყო, ხოლო 2020 წელს — 62%.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა კითხვაზე — უნდა მიიღოს თუ არა საქართველომ კანდიდატის სტატუსი? — ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობის მნიშვნელობას.

„ლიეტუვის პოზიციაა, რომ ჩვენ ძალიან მოწადინებული ვართ, დავინახოთ, რამდენად თანხვედრაშია ქვეყანა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. ზოგ შემთხვევაში კი, როგორც ვიცით, საქართველოს ყველაფერი არ გაუკეთებია. ვისურვებდი, რომ ეს მოგვარდეს, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ“, — თქვა მან.

ჩეხეთის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ გარდა ევროკომისიის 12 კრიტერიუმისა, საქართველოს შეაფასებენ იმის მიხედვით, თუ რამდენად შეესაბამება მისი პოზიციები ევროკავშირის საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკას.

„[საქართველოს] პასუხი ყოველთვის ის არის, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, მაგრამ ამ შემთხვევაში საქართველომ პრაქტიკულად უნდა თქვას უარი რაიმე სახის საგარეო პოლიტიკის განვითარებაზე, თუკი მუდმივად ამ ოკუპირებული ტერიტორიების [აღიარების] შიშით [იმოქმედებს]“, – განაცხადა ელჩმა.

ამ თემაზე:

სტატუსის მისაღებად საქართველოს მთავრობის დამაჯერებელი ნაბიჯები არ გვინახავს – ლანდსბერგისი

მასალების გადაბეჭდვის წესი