ახალი ამბები

სტანოს თქმით, მცირდება საქართველოს თანხვედრა EU-ს საგარეო პოლიტიკისთან

16 მაისი, 2023 • 842
სტანოს თქმით, მცირდება საქართველოს თანხვედრა EU-ს საგარეო პოლიტიკისთან

საქართველოს მიერ ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების თუ დეკლარაციების მხარდაჭერა წინა წელთან შედარებით შემცირდა, აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერი პიტერ სტანო.

მისი თქმით, „შეშფოთებას იწვევს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება [ფრენების აღდგენაზე]“, ქვეყნის „ევროკავშირში [გაწევრიანების] გზისა და ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური გადაწყვეტილებებისადმი ერთგულების“ თვალსაზრისით.

„სამწუხაროდ, საქართველოს თანხვედრა ჩვენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში მიღებულ გადაწყვეტილებებთან და დეკლარაციებთან, ქვემოთ ჩამოვიდა, ისედაც დაბალი 44%-დან [2022-ში] 31%-მდე [2023-ში]. ეს ნამდვილად ძალზედ სამწუხაროა და ჩვენს შეშფოთებას იწვევს“, – თქვა სტანომ.


ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრა, 12 რეკომენდაციასთან ერთად, შესაძლოა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს.

ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) შესაბამისობა ყოველთვის მოეთხოვებოდა გაწევრიანების გზაზე მდგარ ქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი