საზოგადოება

სავარაუდო აუდიოჩანაწერი პოზნერსა და ზურაბ აბაშიძეს შორის ჩაშლილი დაბადების დღის შემდეგ

14 ივნისი, 2023 • 4194
სავარაუდო აუდიოჩანაწერი პოზნერსა და ზურაბ აბაშიძეს შორის ჩაშლილი დაბადების დღის შემდეგ

YouTube არხზე „კიბერ კმარა“ მორიგი აუდიოჩანაწერი გავრცელდა.

ჩანაწერში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუს ჟურნალისტს ვლადიმერ პოზნერსა და მის გარემოცვას ბოდიშს უხდის 2021 წლის 31 მარტს მომხდარი ინციდენტის გამო, როცა თბილისში აქტივისტებმა პოზნერის დაბადების დღე ჩაშალეს, საქართველოში ჩამოსულ პოზნერსა და მის სტუმრებს კი ქვეყნის დატოვება პროტესტის ფონზე მოუხდათ.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, ზურაბ აბაშიძე მარკ ზილბერკვიტს ურეკავს და მომხდარის გამო ბოდიშს უხდის, აქციის მონაწილეებს კი, რომლებმაც პანდემიის გამო დაწესებული კომენდანტის საათის პირობებში რუსი ჟურნალისტისა და მისი გარემოცვის რესტორანში ქეიფი გააპროტესტეს, „ნაცისტებს“, „სააკაშვილის მოსყიდულებს“, “უროდებს” და „ზონდერებს“ უწოდებს. ვიდეოზე, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არაა, მითითებულია, რომ საუბარი 2021 წლის 1 აპრილს შედგა:

მარკ ზილბერკვიტი მუსიკის შესახებ წიგნების გამომცემელია და თბილისში პოზნერის დაბადების დღის ერთ-ერთი სტუმარი იყო.

მ.ზ. – ხომ ხედავ, ყველაფერი როგორ უხერხულად გამოვიდა.
ზ.ა. — იცი, სიმართლე გითხრა, ჩემს თავს ვადანაშაულებ, საკმარისი დრო რომ არ დავუთმე..
მ.ზ. — პერსონალურად შენ თავი არ უნდა დაიდანაშაულო ამის გამო. რომ ყოფილიყო რაიმე გაფრთხილება იმის შესახებ, თუ როგორი სერიოზული შეიძლება გამხდარიყო სიტუაცია, იქ წასვლამდე ორჯერ დავფიქრდებოდით. თუმცა, რაც იყო – იყო.
ზ.ა. — მე ვცადე მომეგვარებინა ეს ჩვენი სექციის მეშვეობით იქ, რუსეთში..
მ.ზ. — გულახდილად გეტყვი, მე ძალიან მომეწონა გლაშა, მაგრამ მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს, რომ სიტუაცია ასეთი დაძაბული იყო. ასეთი გაფრთხილება არ ყოფილა. მე არ მინდა, რომ თავი დაიდანაშაულო, მაგრამ ვინც გრძნობს ტემპერატურას თბილისში, ვინც იცის, რა ხდება იქ… ახლა საუბარს აზრი არ აქვს, მე ნამდვილად გული დამწყდა, რომ ერთმანეთი ვერ ვნახეთ. მე და ლენა ვფიქრობდით, გესტუმრებოდით, ეს დაგეგმილი გვქონდა… ვცდილობ ამას პოზიტიურად შევხედო, მადლობა ღმერთს, ორივე მხარეს პოლიციამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავი გაართვა. კვერცხები კი გვესროლეს და ქვაც მოხვდა ჩვენს ავტობუსს, მადლობა ღმერთს, საბოლოო ჯამში, არცერთი ჩვენგანი არ დაშავებულა. ამას იმიტომ გეუბნები, რომ ჩვენ 100%-ით არ ვიყავით დარწმუნებული, რომ საფრთხე არ გვემუქრებოდა, ხომ გესმის? იფიქრე ამაზე, ჩვენ საღამოს 8 საათზე ჩამოვედით, რეგისტრაცია გავიარეთ სადღაც 10-სთვის და რესტორანში სავახშმოდ წავედით. იქ ნამდვილი ჯოჯოხეთი მოხდა, ისინი ფანჯრებზე აბრახუნებდნენ. 12 საათზე დავბრუნდით სასტუმროში… ხომ იცი, წვეულება უნდა ყოფილიყო, მომღერლით, მაგრამ მათ იქაც მოასწრეს მისვლა. ღამის სამ საათზე უკვე მივხვდით, რომ უკან უნდა გავფრენილიყავით, სასტუმრო 5 საათზე დავტოვეთ და 6-სთვის აეროპორტში ვიყავით. პოლიცია დაგვეხმარა, მანქანაში ავსულიყავით და აეროპორტამდე ესკორტით გაგვაცილეს.
ზ.ა. — საშინელი ისტორიაა. მე პერსონალურად რა გამოვიარე, ტელეფონით ახლა ვერ გადმოგცემ, ჩემმა მეგობრებმა და ახლობლებმა რა გამოიარეს მაგ დღეს. არ ვიცი, თუ ნახე, მაგრამ ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ამის შესახებ, სხვებმაც პარლამენტში და მინისტრებმა. ეს [მოწინააღმდეგე აქტივისტები] ნაცისტების ჯგუფია, ნამდვილი ნაცისტების.
მ.ზ. — ზურა, ზოგჯერ ცუდ ამბებს პოზიტიური ცვლილებები მოაქვს..
ზ.ა. — არ ვიცი…
მ.ზ.— მომისმინე, პოზნერი ჭკვიანი კაცია, მოდი, ვიყოთ ობიექტურები, მას არ უნდა ესაუბრა იმგვარად, რომ მისი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა ყოფილიყო.
ზ.ა. — მესმის, კი, მაგრამ ამგვარი რეაქცია აზრის გამოთქმის გამო, კვერცხების სროლა და ამგვარი რამეები… ეს ბარბაროსობაა. ეს ჯგუფია რამდენიმე ათეული ადამიანის, რომელსაც სააკაშვილი აფინანსებს.
ეს ამ ზონდერების მესამე ქმედებაა უკვე, ამის განჭვრეტა ძნელია. კი, ერთი მხრივ, სიტუაცია ახლა თითქოს არასტაბილურია, მაგრამ როგორ უნდა გითხრა, არ ჩამოხვიდე? რატომ არ უნდა ჩამოხვიდე? ამ ადამიანების უნდა გეშინოდეს? ორგანიზატორებს უნდა სცოდნოდათ, რომ ღამით, 9-ის შემდეგ არაფერი დაეგეგმათ, აქ მკაცრი წესებია. თუმცა გამართლება ამ ადამიანებს არ აქვთ, ისინი უბრალოდ დაქირავებული პროვოკატორები არიან.
მ.ზ. — მე როგორც ვხვდები, მათ მედიაგაშუქებაც ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ისინი თავს დაესხნენ პოზნერს, მაგრამ მეც იქ ვიყავი და 8-10 კამერა შემომარტყეს გარსს. მე ვუთხარი მათ ჩემი სახელი და ა.შ. რომ მე არ ვარ პოზნერი, გამომცემელი ვარ, რომელიც საქმიანობს საქართველოსა და რუსეთს შორის კავშირების დამყარებაში. მე მათ წიგნებზე და კატალოგებზე მივუთითე, მაგრამ ამბობდნენ რომ ეს არ აინტერესებთ და მეკითხებოდნენ, რუსეთი თუა ოკუპანტი.
ზ.ა. — ეს მათი ენაა, ეს 30-40, დიდი-დიდი 50 ადამიანი ძალიან ხმაურიანია, ისინი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაქირავებული აგენტები არიან. სამწუხაროა, რომ კვლავ გვიწევს ამასთან გამკლავება. არ გვინდა, ამან ყველაფერზე გავლენა იქონიოს. ჯერ კიდევ დიდი ხმაურია, მე თვალს ვადევნებ პუბლიკაციებს… გვინდა, ნაწილობრივ მაინც შესწორდეს, ჩვენ გვაქვს სხვა კომენტარები მედიისთვის მომზადებული, ცნობილი სპიკერების მიერ, მაგრამ არ ვიცი…

აღნიშნულის შემდეგ ჩანაწერის ფიგურანტები ვაქცინაციის საჭიროებაზე საუბრობენ, რის შემდეგაც აბაშიძეს მარკ ზილბერკვიტი მისსავე ნომერზე მოგვიანებით დარეკვას სთავაზობს, ამჯერად, ვლადიმერ პოზნერთან გასასაუბრებლად:

ზ.ა. — მადლობა, რომ დამამშვიდე, თუ გექნება კონტაქტი ამ ადამიანებთან, გადაეცი… დღეს ეს თემა მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ, მთელი ღამე ვმუშაობდით. ყველა მინისტრმა გააკეთა განცხადება, შემდეგ ჩავიდნენ პრესასთან. პარლამენტშიც ასევე… თვალს ვადევნებ ახალ ამბებს, ადამიანების რეაქციებს, ხალხი გაბრაზებულია. ერთ დღესაც ეს ცუდად დასრულდება…
მ.ზ. — თუ შენ პირადად, ან როგორც თანამდებობის პირი, გადაწყვეტ ჩემს ნომერზე დარეკვას 8-ზე მოსკოვის დროით, და უბრალოდ ეტყვი პოზნერს პრემიერ-მინისტრის ჩართულობის შესახებ, მე მას ტელეფონს გადავცემ. შესაძლოა, ეს ალბათ სწორი იქნება. ჯანმრთელობას გისურვებთ მთელს ოჯახს. სექტემბერში ჩამოვალთ, დავსხდეთ და ვისაუბროთ ყველაფერზე. შევთანხმდით?
ზ.ა. — გმადლობ, მარკ, შენ ისე ოპტიმისტურად ხარ განწყობილი, როგორც არასდროს.

აღნიშნულის შემდეგ, ჩანაწერის მიხედვით, ზურა აბაშიძე მარკ ზილბერკვიტთან ხელახლა რეკავს, რათა ვლადიმერ პოზნერს გაესაუბროს:

ზ.ა — ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, საღამო მშვიდობის. პირველ რიგში გილოცავთ [დაბადების დღეს], ჯანმრთელობას გისურვებთ და მინდა რაღაც გთხოვოთ.
ვ.პ. გისმენთ
ზ.ა. — მე დღეს მარკს ჩვენი პრემიერის განცხადება გავუგზავნე, რომელიც მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტების წინ გააკეთა. დრო რომ გექნება, გთხოვ, შეხედე, ვფიქრობ, ეს განცხადება ყველაფერს ამბობს.
ვ.პ. — ზურაბ, დაიმახსოვრე, მე არ ვღელავ. მესმის, რომ ეს ნონსენსი იყო, მოსყიდული ადამიანები იყვნენ… არ იდარდოთ.
ზ.ა. — მე ვნახე თქვენი პოსტი, თქვენი ბრძნული სიტყვები ამ ადამიანებზე, მათზე საუბარიც არ ღირს…
ვ.პ. — დიდი მადლობა, არ იდარდოთ, არ ღირს ამაზე ნერვიულობა. ჩვენ ახლა მაგიდასთან ვსხედვართ ქართულ რესტორანში, ქართულ ღვინოს ვსვამთ. ჩვენ გვიყვარს საქართველო, ამ ადამიანებს ამ დამოკიდებულებასთან არაფერი საერთო აქვთ. არ ღირს ამაზე ნერვიულობა.
ზ.ა. — ხომ ნახეთ, რა ხალხი იყო..
ვ.პ. — კი, რა თქმა უნდა, ამიტომაც არ ღირს საუბარი. გმადლობ, რომ დამირეკეთ.
ზ.ა. — ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ…

„ნეტგაზეთი“ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით ზურაბ აბაშიძეს დაუკავშირდა. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მარკ ზილბერკვიტს ტელეფონით მართლაც ესაუბრა, თუმცა გავრცელებული ჩანაწერის შინაარსის ავთენტურობას არ ადასტურებს. ამასთან, აბაშიძე უარყოფს ვლადიმერ პოზნერთან საუბარს.

აღნიშნული პირველი შემთხვევა არაა, როცა ამ „იუთუბ“ არხის მეშვეობით მსგავსი ტიპის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. მანამდე, ამავე გვერდმა გამოაქვეყნა ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი. მაშინ ამ ჩანაწერის ავთენტურობას ზურაბ აბაშიძე თავადვე ადასტურებდა.

ამავე გვერდმა გაავრცელა ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ბიზნესმენის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბრის ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც ასევე არ არის დადგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი