საზოგადოება

რომელი გზა იგულისხმა კარასინმა? | ვერსიები

2 თებერვალი, 2023 • 2116
რომელი გზა იგულისხმა კარასინმა? | ვერსიები

ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის სატელეფონო საუბრის ჩანაწერში ეს უკანასკნელი ახსენებს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გეგმას ახალი კორიდორის მშენებლობაზე საქართველოსა და რუსეთს შორის.

პასუხად აბაშიძე ამბობს, რომ საქართველო უკვე აშენებს ყაზბეგი-ლარსის პარალელურ მაგისტრალს, რომლის მშენებლობაც წელიწადნახევარში უნდა დასრულდეს.

მოგვიანებით აბაშიძემ “საზოგადოებრივ მაუწყებელს” დაუდასტურა, რომ საუბარი გასული წლის ივნისში მართლაც შედგა და ის შეეხებოდა ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით შექმნილ რთულ ვითარებას. იგი განმარტავს, რომ ამ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო თვალსაზრისით რთული ვითარება შეიქმნა. მართლაც ასეა ეს?

კარასინის ბუნდოვანი პასუხი

რუსეთის ფედერალური სათათბიროს საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჩანაწერში პირდაპირ არ ამბობს, რომელ “ახალ კორიდორზე” საუბრობს.

“ვრცელი საუბარი მქონდა ჩვენ ტრანსპორტის სამინისტროსთან. მსურს, შენც იყო საქმის კურსში. ძალიან კმაყოფილი არიან ბოლო კონტაქტებით, რომლებმაც აჩვენეს პრობლემების, მათ შორის, ლარსის მოგვარების სურვილი. უფრო მეტიც – სურთ, ეს კონტაქტები რეგულარული გახადონ, მიუხედავად სატრანსპორტო ვითარების გამწვავებისა. მიმანიშნეს კიდეც, რომ აქვთ რაღაც გეგმა ახალი კორიდორის მშენებლობაზე, რომელიც დაგვაკავშირებდა”, — ამბობს ის.

აბაშიძისა და კარასინის

თუმცა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის კითხვაზე — “სად?” — ის პასუხობს:

“არ ვიცი, რუკა ახლა არ მაქვს, კრასნოდარის მხრიდან და… სამხრეთის ოსეთის მარცხნივ…”

კრასნოდარი მხარეა რუსეთში, რომელიც საქართველოს, კერძოდ, ოკუპირებულ აფხაზეთს ესაზღვრება.

რას შეიძლება გულისხმობდეს კარასინი?

შესაძლო ვერსიები

“რონდელის ფონდის” მკვლევარი და შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი დასძენს, რომ “კარასინის ნათქვამიდან ძნელია გაარკვიო, რის შესახებ საუბრობს, რადგან გეოგრაფია აშკარად არ ემთხვევა ერთმანეთს”.

მისივე სიტყვებით, თუ რუსეთიდან შევხედავთ, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მარცხენა მხარე დარიალის ხეობაა და “ერთი ვერსია შეიძლება იყოს ის გზა, რომელსაც საქართველო აშენებს”. საქართველოში ამჟამად ქვეშეთი-კობის გზა შენდება.

“ეს ახალი გზა, რომელიც შენდება, გუდაურსაც და ჯვრის უღელტეხილსაც გვერდს უვლის, იმიტომ, რომ ხადათი და გუდაურით გადადის დარიალის ხეობაში”, — დასძენს ის.

კიდევ ერთ ვერსიად რონდელის ფონდის მკვლევარი განიხილავს როკის — დე ფაქტო სამხრეთ ოსეთზე გამავალ — გზას, “რომლის გახსნასაც თეორიულად მხოლოდ ბეტონის ბლოკების მოცილება სჭირდება ერგნეთიდან ცხინვალამდე”.

შოთა უტიაშვილი. ფოტო პირადი ფეისბუკიდან

“საუბარი შეიძლება იყოს ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონიდან ფსოუმდე მიმავალი, უკვე არსებული გზის გახსნაზეც, “რადგან კრასნოდარს მხოლოდ ეს გზა უკავშირდება”, — გვეუბნება უტიაშვილი.

“ასევე, თეორიულად, მეოთხე ვარიანტი არის ის გზა, რომლის აშენებაც რუსეთს [ოკუპირებული] კოდორის ხეობის გავლით სურს, მაგრამ ჯერჯერობით პროექტი არ არსებობს. ესეც კრასნოდარს უკავშირდება”, — ამატებს ის.

შოთა უტიაშვილი უშვებს, რომ საუბარი შეიძლება იყოს საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე მდებარე მამისონის უღელტეხილზე გამავალ გზაზეც, რადგან “თუ სამხრეთიდან შეხედავ, სამხრეთ ოსეთის მარცხნივ ეს გზა მდებარეობს”.

გზა, რომელიც უღელტეხილს კვეთს, აქამდეც აკავშირებდა საქართველოსა და რუსეთს. ამჟამად ის, პრაქტიკულად, უფუნქციოა.

“თუმცა ამ [მამისონის] გზის პროექტზე ჯერ არაფერი გვსმენია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის მშენებლობა დაეწყოთ”.

ლაპარაკი არის ალბათ უფრო დარიალზე, ფსოუზე ან როკის გვირაბზე“,  — დასძენს შსს-ს ანალიტიკური სამსახურის ყოფილი უფროსი.

მეორე მხრივ, უტიაშვილისთვის მეტად რთული წარმოსადგენია რუსეთთან რაიმე ახალი გზის გახსნაზე საუბარი იმ სანქციების ფონზე, რომლის ქვეშაც მოსკოვი უკრაინისადმი მისი აგრესიის გამო იმყოფება. რონდელის ფონდის მკვლევარი ამ შემთხვევაში არ გულისხმობს უკვე მშენებარე ალტერნატიულ მაგისტრალს.

რას ვიგებთ აბაშიძის პასუხიდან

ახალი კორიდორის შესაძლო მდებარეობაზე ფრაზის საპასუხოდ აბაშიძე კარასინს ეუბნება, რომ ზუსტად ვერ გაიგო მისი ნათქვამი, თუმცა იქვე დასძენს, რომ “ახლა მიდის მშენებლობა, რომელიც წელიწადნახევარში დამთავრდება”.

ზურაბ აბაშიძის თქმით, უზარმაზარი, ყაზბეგი-ლარსის პარალელური მაგისტრალი შენდება “რაღაც მანძილზე” და გვირაბების სიგრძე 9 კილომეტრამდე იქნება.

აბაშიძეს ვკითხეთ, რა იგულისხმა კარასინთან საუბრისას. საპასუხო მოკლეტექსტურ შეტყობინებაში ის დასძნს, რომ “არის მხოლოდ ერთი პროექტი: ქვეშეთი-კობი”.

რუსეთის წარმომადგენელთან საუბრისას ის არ აკონკრეტებს “ქვეშეთი-კობს”, თუმცა, როცა კარასინს პროექტის დეტალებს უხსნის, ეს უკანასკნელი, რომელიც იქამდე რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გეგმებზე საუბრობდა, ეუბნება: “ეტყობა, ამას გულისხმობდნენ”.

ეს რეპლიკა აჩენს განცდას, რომ შესაძლოა, ორივე მათგანი ერთსა და იმავე პროექტზე საუბრობდა გავრცელებულ ჩანაწერში. თუმცა, თუ კარასინი ახალი დერეფნის მშენებლობასთან დაკავშირებით რუსეთის მთავრობის გეგმებზე ლაპარაკობს, მაშინ რატომ უნდა უყვებოდეს აბაშიძეს უკვე დაწყებულ, თანაც, საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობაზე?

“ნეტგაზეთის” დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა კარასინი, ზურაბ აბაშიძეს ჯერჯერობით არ უპასუხია.

“ახლა, სიმართლე გითხრა, რომ დავიწყოთ საუბარი სადღაც რაღაცის დაწყებაზე… არ არის კარგი დრო…” ,— ეუბნება ის კარასინს ჩანაწერის მიწურულს.

რას წარმოადგენს ქვეშეთი-კობის გზა?

ქვეშეთი-კობის გზა მცირე ნაწილი იქნება მაგისტრალისა, რომელიც საქართველოს ალტერნატიული გზით დაუკავშირებს რუსეთს. ამ სატრანზიტო ხაზს ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანს უწოდებენ.

კობი-ქვეშეთის მონაკვეთის მშენებლობის ჯამური ღირებულება დაახლოებით $560 მლნ-ია, საიდანაც საქართველოს მთავრობა $84 მლნ-ს ხარჯავს, ხოლო „აზიის განვითარების ბანკი“ (ADB) და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) $415 და $60 მლნ-ს გამოყოფენ სესხად.

დეპარტამენტის თანახმად, გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით, ხოლო ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი „მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი“.

ფოტო: Facebook/ქვეშეთი-კობის გზა • Kvesheti-Kobi Road

სწორედ ამ მიზნითაა დაგეგმილი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის თითქმის 23კმ სიგრძის გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა. ერთ-ერთი გვირაბი, რომელმაც პროექტის თანახმად ჯვრის უღელტეხილის ქვეშ უნდა გაიაროს [იწყება სოფელ წკერესთან და სოფელ კობთან სრულდება], 9კმ-ის სიგრძის იქნება.

აშენების შემთხვევაში, ეს იქნება ყველაზე გრძელი გვირაბი საქართველოში.

ადგილობრივებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დიდი ხანია ეწინააღმდეგება რუსეთისკენ მიმავალი ჩრილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის ამ მონაკვეთის მშენებლობას, მიაჩნიათ რა, რომ ის საფრთხეს უქმნის ხადის ხეობის უნიკალურობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი