ახალი ამბებიკომენტარი

დიქტატურას სჭირდება კინოც, ამიტომ, არ აწყობთ კინოცენტრის დამოუკიდებლობა — უტა ბერია

15 ივნისი, 2023 •
დიქტატურას სჭირდება კინოც, ამიტომ, არ აწყობთ კინოცენტრის დამოუკიდებლობა — უტა ბერია

“თუ დავკარგავთ კინოს დამოუკიდებლობას, დავკარგავთ ჯანსაღ აზრს”, — ასე ეხმაურება რეჟისორი უტა ბერია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში გამოცხადებულ რეორგანიზაციას და მიმდინარე მოვლენებს.

“უარყოფითი რიცხვების” რეჟისორი და სცენარის ავტორი განმარტავს, რომ კინოცენტრი ფინანსდება მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებიდან და ამაზრზენს უწოდებს თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებას იმის გამო, რომ ისინი კულტურის სამინისტროს პოზიციას არ იზიარებენ:

“დიქტატურას სჭირდება კინოც, მოსახლეობის აზრის სამართავად, მათი ფიქრების და იდეების გასაკონტროლებლად. ამიტომაც არ აწყობთ კინოცენტრის დამოუკიდებლობა.

კინოსექტორის სახელმწიფო ფულით დაფინანსება არ ნიშნავს, რომ მთავრობას უნდა ჰქონდეს უფლება აკონტროლოს, რას ვიღებთ. ისინი ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან იღებენ ხელფასს და კინოცენტრისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი არის ხალხის ფული და არა რომელიმე მინისტრის ან დირექტორის. მათ მხოლოდ ის უნდა ევალებოდეთ, რომ მიუკერძოებლად, სექტორის პროფესიონალებით დააკომპლექტონ კომისიები და მართონ პროცესები გამჭვირვალედ. კინოცენტრის თანამშრომლების დასჯა და მათი სამსახურიდან დათხოვნა იმის გამო, რომ არ იზიარებენ სამინისტროს პოზიციებს, არის ამაზრზენი ფაქტი.

თუ დავკარგავთ კინოს დამოუკიდებლობას, დავკარგავთ ჯანსაღ აზრს და ვეღარავინ გვაჩვენებს, რა ხდება ამ დენდროლოგიურ პარკში, სადაც აღმოვჩნდით”, — აცხადებს უტა ბერია.

რა ხდება კინოცენტრში?

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკ პოსტები და კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.

ერთ-ერთი მათგანი იყო ნინო კუხალაშვილიც, რომელიც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 22 წელი მუშაობდა და რომლის თანამდებობაც ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში კულტურის სამინისტრომ გააუქმა.

კუხალაშვილის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებას ხელს აწერს დირექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, კობა ხუბუნაია, რომელიც კულტურის სამინისტრომ ერთი დღით ადრე დანიშნა ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

მანამდე კობა ხუბუნაია კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. უფრო ადრე, 2021 წელს კი იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო.

ხუბუნაიასთან ერთად კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარიაც, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია. ოდიშარიამ 13 ივნისს ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა, რომ რეორგანიზაციის საკითხებში ისიც ჩაერთვებოდა.

რეორგანიზაციას და აღნიშნულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან როგორც კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი, ასევე ამ სფეროს სხვა წარმომადგენლები, მათ შორის რეჟისორები, სცენარისტები, პროდიუსერები და მსახიობები.

კულტურის სამინისტრო ან კინოცენტრის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ამ დრომდე არ გამოხმაურებია თანამშრომლებისა და სფეროს წარმომადგენლების პროტესტს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში რეორგანიზაციები იწყება. რეორგანიზაციის შედეგად კი, უწყებებიდან თანამშრომლებს, მათ შორის სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს ათავისუფლებენ.

გირჩევთ წაიკითხოთ:

წულუკიანის „ბოლშევიკური წმენდა“

მასალების გადაბეჭდვის წესი